მთავარი აქტუალური თემა გამოფენა თამაზ და გუგა ქაშიბაძეების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა

თამაზ და გუგა ქაშიბაძეების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა

23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მამა-შვილის – გუგა და თამაზ ქაშიბაძეების ნახატების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 50-მდე ნამუშევარს ნახავდით: მარცხენა მხარეს – მამის, ხოლო მარჯვნივ შვილის ნახატები იყო გამოფენილი.

მამა პროფესიით ზოოინჟინერი გახლავთ, ხოლო შვილი – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი. ამავდროულად, ისინი არაჩვეულებრივად ხატავენ.

თავდაპირველად, მხოლოდ გუგა ხატავდა. თამაზმა ხატვა 45 წლის ასაკში, შვილის კუთვნილი საღებავებით დაიწყო: გართობის მიზნით, ჯერ ერთხელ დახატა. ხატვის ერთ მცდელობას მეორე მოჰყვა და მას მერე აღარ გაჩერებულა…

განსხვავებული სტილი აქვთ. ხატვის დროს, ერთმანეთის რჩევას იშვიათად ითვალისწინებენ. თამაზი მიიჩნევს, რომ გუგას ნახატები უკეთესია. „ – როგორ შეიძლება, მამის ნამუშევრები უკეთესი იყოს, ვიდრე შვილის? შვილის ჯობია, რა თქმა უნდა“, – გვითხრა თამაზ ქაშიბაძემ.

თამაზმა მისთვის გამორჩეული ნახატი – „სენიას ბოსელი“ 1984 წელს, სოფელ სომიწოში (ონის რაიონი) დახატა. ამ ადგილას ხშირად ისვენებდა, იქვე ჩანჩქერიც იყო, სადაც საბანაოდ ხშირად დადიოდა ხოლმე… ნახატის შესახებ, 80 წლის თამაზს დღემდე ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს.

გუგას ნახატებს შორის აღსანიშნავია „ციხესიმაგრე“. მასზე გუგას ოჯახია გამოსახული, რომელიც ჯერჯერობით, 3 წევრისგან შედგება, მაგრამ ნახატზე მე-4 წევრსაც შენიშნავთ – ის ქვეყანას ძალიან მალე მოევლინება. მამა-შვილის სახლში ნახატებს თითქმის ყველა კედელზე ნახავთ. „ – ხატვა ჩემი ჰობია და ძირითად პროფესიაში ძალიან მეხმარება,“ – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

მამა-შვილს ნამუშევრების პერსონალური გამოფენები წინათაც ჰქონიათ, მაგრამ ერთობლივად – პირველად ახლა გამართეს.