მთავარი პიროვნება პიროვნება ლიზა ვადაჭკორია: „ესეც გაივლის!“

ლიზა ვადაჭკორია: „ესეც გაივლის!“

liza vadachkoriaსკოლაში სწავლისას ლიტერატურაშიც და მათემატიკაშიც კარგად ვერკვეოდი. როდესაც პროფესიული არჩევნის წინაშე დავდექი, ოჯახში ვთქვი: ან ჟურნალისტობა მინდა, ან – მათემატიკოსობა-მეთქი. 90-იანი წლები იდგა. მამაჩემმა მითხრა, – ჟურნალისტობას არ გირჩევ, რადგან ძალიან „არამყარი“ პროფესიაა. ყველაფერი „იხურება“, სად უნდა იმუშაოო?! მათემატიკოსობა მირჩია. შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოთვლითი მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დასრულების მერე, რამდენიმე წლით ქვეყნიდან წავედი – ბელორუსიაში და რუსეთში ვცხოვრობდი. რადიოს სფერომ სწორედ მაშინ გამიტაცა და მივხვდი, თავის დროზე არასწორი არჩევანი გავაკეთე – რაც შინაგანად მინდოდა, სწორი არჩევანიც ის იქნებოდა ანუ გავაცნობიერე, რომ ჟურნალისტიკა მიზიდავს.

ლიზა ვადაჩკორიაემოციური ადამიანი ვარ. ცოტათი ფეთქებადი ხასათი მაქვს – გურული ვარ, მაგრამ, შინ მაინც მშვიდი ვარ. ვცდილობ, სამსახურის საკითხებზე სახლში არ ვისაუბრო. ოჯახში იციან,რომ სტრესული სამსახური მაქვს და ხელს მიწყობენ. მეტსაც გეტყვით: მაგალითად, მეზობლები ხშირად მეუბნებიან, – ვაიმე, ეკრანზე როგორი მებრძოლი  ხარ, სახლში კი – ასეთი წყნარი, მშვიდი, ჩუმიო!.. საერთოდ, ბავშობიდან სიმართლის მაძიებელი ვარ. როცა უწესრიგობას, უსამართლობას ვხედავ, გულგრილად ვერ გავივლი. მაგალითდ, თუ დავინახე, რომ მანქანიდან ნაგავს ყრიან, უნდა „მივუსიგნალო“ – მივანიშნო, რომ გარემოს ანაგვიანებენ. ნამდვილად მკვეთრი და აქტიური სამოქალაქო პოზიცია მაქვს. ისეთ პროექტზე ვერ ვიმუშავებ, რომელიც ჩემს პირად პრინციპებს არ შეესაბამება. ალბათ, ჩემი მთავარი პლუსი ეს არის. ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.

ლიზა ვადაჩკორია

„სახალხო კონტროლი“ – ეს ტელეგადაცემა ჩემი პროექტია. ვიცი, ხშირად ამბობენ, – მსგავსი პროექტები უკრაინაში და რუსეთში არისო. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი გადაცემა, რომლის მსგავსიც სხვა არ იქნება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, როგორ განახორციელებ და შენებურად გააკეთებ. მაგალითად, თუკი უკრაინაში და რუსეთში წამყვანი მხოლოდ რესტორნებში, სასტუმროებში დადიოდა და ძირითადად, გადაცემა სკანდალებზე აგებული იყო, მე სხვაგვარი დატვირთვა შევძინე: ჩემი ინტერესი მომხმარებლების უფლებების დაცვა გახლავთ. ჩვენი უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა. ამიტომ, როგორც ჟურნალისტი, ვალდებული ვიყავი, აქცენტი ამაზე გამეკეთებინა – როცა მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, ხმა უნდა ამოვიღოთ და ამის შესახებ საზოგადოებას გავაგებინოთ. ზაფხულში კონსულტაციისთის მადონა კოიძეს შევხვდი. მაშინ ჯერ არ მეგონა, რომ ის გადაცემის წამყვანი იქნებოდა. ჩვენი საუბარი დიდხანს გაგრძელდა. მადონა უფლებადამცველია და ზუსტად სამომხმარებლო სფეროში მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთი გვჭირდება: ძალიან კარგად შეგვიძლია, ერთმანეთი შევავსოთ – მე, ჩემი ჟურნალისტური და პროდიუსერული გამოცდილებით და მას, როგორც მომხმარებელთა პროფესიონალ უფლებადამცველს. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გადაცემისთვის მხოლოდ 1 სახის კვების ობიექტებში მისვლით არ შემოვიფარგლებოდით – ყველგან ვიქნებოდით, სადაც მოხმარებელთა უფლებები დაირღვეოდა. „იბერიისგან“ მხარდაჭერა მივიღეთ, რისთვისაც მადლობელი ვარ, რადგან ეს ტელევიზიისთვისაც გარკვეული რისკი იყო: მსგავსი პროექტის გაკეთება ბევრს უნდოდა, მაგრამ ვერავინ გააკეთა. ფაქტია, რომ მხოლოდ ჩვენ განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები ყველაზე რთული იყო. ახლა უკვე ყველა გვიცნობს და ჩვენი მისვლა არავის უკვირს, მაგრამ თავდაპირველად, კვების ობიექტებში ჩვენი გამოჩენა ნამდვილი შოკი იყო: მახსოვს, პირველად რესტორანში – „მეგრელები“ კაცმა ჩხუბი ატეხა – უპატრონო ხომ არ გგონივართო?! ვიღაცას დაურეკა… ხშირ შემთხვევაში, რესტორნების „უკან“ ძლევამოსილი ადამიანები დგანან, ზოგჯერ – პარლამენტარებიც.

ლიზა ვადაჩკორია

სიუჟეტის გადაღებისას სახელების „ბრახუნი“ და ტრაბახი გვესმის ხოლმე: იცით, ჩემ უკან ვინ დგასო?! ვინც არ უნდა იდგეს, ობიექტს აბსოლუტურად მოულოდნელად ვსტუმრობთ. ოპერატორებმაც კი არ იციან, სად მივალთ – როცა ავტომობილში ვსხდებით, მათ ამას მერე ვეუბნებით. თუ ობიექტში უეცრად არ შევედით, ეს დადგმული შოუ გამოვა, რაც არ გვაწყობს – ჩვენ მაყურებლებს რეალური სურათი უნდა ვაჩვენოთ.

ლიზა ვადაჩკორია

გადაცემის მაყურებლები ძირითადად, ჩვენი მადლიერები არიან. ბიზნეს ოპერატორებს რაც შეეხებათ, ზოგი ღიზიანდება და უკმაყოფილებას არ მალავს. ზოგი კი შენიშვნას იღებს და მათ გამოსწორებას იწყებს. შემდეგ, შედეგი ისე მოსწონთ, რომ თავად გვიკავშირდებიან. ასეთი რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. მაგალითად, სურამის გზაზე არსებული რესტორანი „ქართლი“, რომელშიც საშინელი სიტუაცია იყო, გაარემონტეს და თავად დაგვირეკეს – ნახეთ, როგორი წესრიგი გვაქვსო… ბევრი კარგი ამბავი მოხდა. შედეგი არის, დამიჯერეთ.

ლიზა ვადაჩკორია

არც იღბლიანი ვარ და არც – უიღბლო. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი, დაბრკოლება ჰქონია. რასაც მივაღწიე – ოჯახში, შვილის აღზრდაში, საქმეში – ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომის და ახლობლების თანადგომის ნაყოფია. საფეხურ-საფეხურ „ამოვდიოდი“… არ იფიქროთ, რაღაცაზე ვწუწუნებ – ვაიმე, მეტს ვიმსახურებ და არ მაქვს-მეთქი. არა, ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი სირთულეებით სავსე ცხოვრება მაქვს.

ლიზა ვადაჩკორია

ვადაჭკორია ბებიაჩემის (დედის მხრიდან) გვარია. ჩემი გვარი ცინცაძეა. როდესაც რადიოში ვმუშაობდი და ინტერნეტში გადაცემებს ვამზადებდი, მაშინ  ფსევდონიმი მჭირდებოდა. ამისათვის ბებიაჩემის გვარი „ავიღე“. არ მეგონა, თუ ისე „მიმეწებებოდა“, რომ მერე იმის თქმა – სხვა გვარი მაქვს-მეთქი, აღარ გამოვიდოდა…

ლიზა ვადაჩკორია

გრიმი არ მიყვარს. საერთოდ, კოსმეტიკის გამოყენება არასოდეს მიზიდავდა. ახლაც ვცდილობ, რომ ძალაინ მკვეთრი მაკაიჟი არ გავიკეთ. არც ტუჩები გამიდიდებია. შეიძლება, წამწამებზე მცირე კორექცია გამიკეთებია, მაგრამ გრძელი, ფახულა წამწამები და დახატული წარბები არასოდეს მქონია, რადგან ეს „ჩემი“ არ არის. ალბათ, მოდის სფეროში „სტილის ხატი“ ნამდვილად არ ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, გარეგნობას ყურადღებას ვაქცევ. მეტსაც ვიტყვი: წლის ბოლოს ისეთი გადაღლილი, დათრგუნული ვიყავი, რომ ეს უკვე სახეზე ძალიან მეტყობოდა. ამიტომ ჩემს უსაყვარლეს ექიმს – ალბინა ქაჯაიას მივმართე, რომელსაც ძალიან ვენდობი და დახმარება ვთხოვე. ალბათ, უცნაურიც იქნება, რომ ე. წ. „სილამაზის ინექციები“ არ გამოვიყენო – ბოლოს და ბოლოს, ბებია ვარ. თუმცა გარეგნობაში რადიკალური ჩარევებისთვის არ მიმიმართავს – ყველაფერი ნატურალური მაქვს.

ლიზა ვადაჩკორია

ზოგი ხომ ამბობს, ისეთი ბოსი მყავს, რომ მავიწროებს (თუნდაც – სექსუალურად), მჩაგრავსო? პირადად მე, მსგავსი შემთხვევა არ მქონია. შეიძლება – იმიტომ, რომ ხშირად ქალი უფროსები მყავდა, მაგარმ ვინც კი მახსენდება, რთული პიროვნებები იყვნენ – „მარტივი“ ბოსი არ მინახავს, თუმცა ისეთი ადამიანები არ ყოფილან, რომ ცუდად გავიხსენო, მათზე ნაწყენი ვიყო… ისინი ყოველთვის მაფასებდნენ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთვის არ მოესმინათ, ჩემს პოზიციას არ გასცნობოდნენ. სკანდალით და ჩხუბით არც ერთი სამსახურიდან არ წამოვსულვარ. მიმაჩნია, რომ უფროსებში გამიმართლა, თუმცა „მარტივი“ ადამიანი არც მე ვარ – ჩემი ხასიათით, პრინციპებით… ალბათ, უფროსებიც მითმენდნენ, რისთვისაც მადლობელი ვარ.

ლიზა ვადაჩკორია

ყოველთვის მეუბნებიან – როგორი ახალგაზრდა ხარ. ალბათ, 30-35 წლის იქნები, მეტის არაო. როცა ვამბობ, რომ უკვე შვილიშვილი მყავს, ძალიან უკვირთ. ასევე, ჰგონიათ, რომ სლავური სისხლი მაქვს – რუსის ან უკრაინელის. სინამდვილეში, მეათე თაობის ქართველი ვარ – მამაჩემს გენეალოგიური ხეც აქვს შედგენილი. უბრალოდ, მამა სამხედრო მფრინავი იყო. რუსეთში დავიბადე. იქ ვცხოვრობდი და რუსული განათლება მაქვს მიღებული. სულ ესაა. მშობლებს ვგავარ, სხვა ეროვნების სისხლი არ მირევია. იმას არ ვამბობ, რომ ცუდი იქნებოდა, სხვა ეროვნების სისხლი მერიოს. უბრალოდ, აოცებთ – ასეთი გარეგნობა ქართველს გაქვსო? დიახ, სუფთა სისხლის ქართველები ასეთები ვართ.

ლიზა ვადაჩკორია

ძალიან მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა სფეროში სამართლიანობა იყოს. „ჩაწყობები“, კორუფცია არ არსებობდეს. თუკი კანონი იკანონებს, ყველაფრი კარგად იქნება.

ლიზა ვადაჩკორია

ვის უყვარს, როცა აკრიტიკებენ? როცა საქმეში დიდ შრომას „დებ“, შედეგისთვის გულწრფელად მუშაობ, ვიღაც კი უნდობლად გეპყრობა, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ამას „კრიტიკას“ ვერ დავარქმევ – ინტერნეტში უაზრო ქილიკს ვგულისხმობ… საერთოდ, ადამიანს ყოველთვის გინდა, რომ შეგაქონ – ეს ბუნებრივია, მაგრამ თუკი რაიმეს კორექტულად მირჩევენ, ჩემთვის ეს აბსოლუტურად მისაღებია და ვითვალისწინებ. კრიტიკა იმისთვის არ არსებობს, რომ შეურცხყოფა მოგაყენონ.

ლიზა ვადაჩკორია

საკუთარ თავს შევუძახებ ხოლმე: „ესეც გაივლის!“ რთული პერიოდები ძალიან ხშირად მაქვს. ზოგჯერ ოჯახში პრობლემები იჩენს თავს და ისედაც, არასტაბილურ ქვეყანაში ვცხოვრობთ: ადამიანი მუდმივად დაძაბული ხარ, რომ მაგალითად, ხვალ უმუშევარი არ დარჩე, ომი არ დაიწყოს… ალბათ, ასეთ დაძაბულობას თითოეული მოქალაქე გრძნობს. შესაბამისად, როცა რთული პერიოდი მაქვს, განსაკუთრებულად განვიცდი, ვფიქრობ და ჩემს თავს სულ ვეუბნები, რომ ესეც გაივლის, „შავი ზოლის“ მერე, აუცილებლად თეთრი მოდის… ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ყოევლთვის უკეთესის მჯერა. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება – ესეც გაივლის და მერე კარგი პერიოდი დადგება, ხვალინდელი დღე იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე გუშინდელი იყო…

liza vadachkoria

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

pepper.ge