მთავარი შემოქმედება ფესტივალი პრინტის ფესტივალი – Life N Style უნიკალური ნამუშევრების თანხლებით

პრინტის ფესტივალი – Life N Style უნიკალური ნამუშევრების თანხლებით

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი – Life N Style თბილისში გრძელდება: დედაქალაქში ფესტივალი 24 ოქტომბერს, „თიბისი გალერიში“ გაიხსნა, მომდევნო დღეს კი ღვინის ქარხანაში დასკვნითი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელიც 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ქაღალდზე და კერამიკაზე წარმოდგენილი.ნამუშევრების გამოფენა, ღვინის ქარხნის სივრცეში, სხვადასხვა ჩვენების თანხლებით მიმდინარეობდა.

Life N Style-ი ბათუმში დაიწყო, მესტიაში გაგრძელდა და ახლა უკვე თბილისშიც გადმოინაცვლა. „თიბისი გალერიში“ გამოფენილი პრინტები სტუმრებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. „ – ფესტივალის მასშტაბი გაიზარდა. უცხოელი მონაწილეებიც შემოგვიერთდნენ: აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან…“ – გვითხრა  ასოციაცია „არტ კავკასიის“ თავმჯდომარემ და პრინტის ფესტივალის დირექტორმა – ნანა ყირმელაშვილმა (თანაორგანიზატორები: ნანა ზააალიშვილი, მარი ათანელი). მხატვრების მიერ შექმნილი უნიკალური ნახატების (ავტორის ხელმოწერით) შეძენა ნებისმიერ მსურველს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.

შთამბეჭდავი წარმოდგენები ხელოვანებმა თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში საკუთარი გემოვნებით შექმნეს. რია ქებურიამ, ელექტრონული ტექნოლოგიების დახმარებით, ალტერნატიული სამყარო წარმოადგინა, სადაც ბავშვები „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს ჩურჩულებდნენ. მათი ნაჩურჩულები კედლებზე ისახებოდა… რიას საკუთარი გალერეაც აქვს, სადაც „ცოცხალი“ წარმოდგენები პერიოდულად ტარდება.

შთამბეჭდავი იყო მარიამ შაქარიშვილის და უტა ბექაიას მიერ შექმნილი წარმოდგენებიც: მარიამმა ფესტივალზე გამოტანილი პრინტი „გააცოცხლა“ და კომფორტული კუთხე მოაწყო, სადაც თავად „მასპინძლის“ სტატუსი მოირგო – სტუმრებს ჩაით უმასპინძლდებოდა; უტამ წარმოდგენა შემოგვთავაზა, რომლითაც სიტყვებსა და ნაწერში მატერიალიზირებული ქაოსური აზრები გვიჩვენა…

ღვინის ქარხანაში წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის გუგა კოტეტიშვილის სახელოსნოში შექმნილ ავეჯსა და White Studio-ში მოხატულ კერამიკულ თეფშებსაც ნახავდით. ერთ-ერთ სივრცეში მარი ათანელის ფოტოები ფესტივალში მონაწილე ხელოვანების მუშაობის პროცესს ასახავდა.

დასკვნით გამოფენაზე მოდის ჩვენებაც გაიმართა, რომელზეც სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სამოსი იყო წარმოდგენილი.

დასასრულ, პრინტის ფესტივალი თბილისიდან თელავში გადაინაცვლებს. გაისად ფესტივალის შემქმნელები უფრო მასშტაბურ წარმოდგენებს გვპირდებიან. მათ გამოფენის საქართველოს საზღვრებს გარეთ გამართვაც აქვთ გადაწყვეტილი.

pepper.ge

ავტორი: ნინუცა გოგოლაძე