მთავარი პიროვნება ლევან სუხიტაშვილი: საბარგულიდან იარაღი ამოიღო და ჩემსკენ წამოვიდა…

ლევან სუხიტაშვილი: საბარგულიდან იარაღი ამოიღო და ჩემსკენ წამოვიდა…

მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა უკვე რამოდენიმე წელია წამყვანის ამპლუაც მოირგო. დახურული ღონისძიებები, კორპორატიული საღამოები, ქორწილები თუ დაბადების დღეები – დამკვეთს გულს არასდროს წყვეტს. საბოლოო შეთანხმებამდე ყოველთვის მიდიან. სხვა დანარჩენზე თავად გვიამბობს.

-ლევან, მსახიობობასთან ერთად ივენთების წაყვანა ერთგვარი ჰობია თუ უკვე ძირითადი საქმიანობაა?
– ივენთების წაყვანა შესისხლხორცებული მაქვს. ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თუმცა უარყოფითი მხარე ამასაც აქვს. ერთი თვის განმავლობაში ჩემი თვალები უამრავ ადამიანს ხედავს და ეკონტაქტება. ყველა მათგანს ხომ ვერ დავიმახსოვრებ? თავი ფაილებით მაქვს გადავსებული და თუ ვინმეს ვერ გავიხსენებ, ბოდიშს ვუხდი.

მეგობრები უკვე მასხარას მეძახიან და შესაბამის საჩუქრებსაც მჩუქნიან. სამეგობროში ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც მათ კარგ ხასიათს უზრუნველყოფს და თუ არ ვარ შესაბამისად, ყველა მეკითხება, რა გჭირსო. უფლებას არ მაძლევენ, რომ ცუდ განწყობაზე ვიყო. სადაც ივენთი მიმყავს, პირველ რიგში ჩემს გართობაზე ვზრუნავ, შემდეგ კი სტუმრების.

-ამჟამად სად არის შენი გართობის ლოკაცია?
-ამ ეტაპზე პარასკევსა და შაბათს კარაოკე-ბარ ,,ეიფორიაში“ ვერთობი, სადაც ივენთ-მენეჯერად ცოტა ხნის წინ მიმიწვიეს. ჩემს მოსვლამდე მხოლოდ კარაოკე იყო. ახლა კი ამასთან ერთად თამაშები, ცეკვა და დიდი გართობაა! რაც მთავარია, ყველას აქვს იმის სტიმული, რომ აქტიურობის შემთხვევაში სიურპრიზებს მიიღებენ. ძალიან მალე ჩვენი სტუმარი ცოცხალ მუსიკასაც მოისმენს. უახლესი და უმაღლესი დონის აპარატურა გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე სცენა გვაკლია, რომელიც მალე გვექნება.

-ვინ იზრუნებს ,,ეიფორიის“ სტუმრის მუსიკალურ განწყობაზე?
-სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს მოისმენენ. ჩემი ძმის, გიორგი სუხიტაშვილის ბენდი, ,,13 ანუ უშაქრო“ იქნება წამყვანი, თუმცა სტუმრებს მრავალფეროვნებას არ მოვაკლებთ.

-სამზარეულოზე რას გვეტყვი?
-სუპერ სამზარეულო გვაქვს! პირველად რომ დავაგემოვნე კერძები, სახტად დავრჩი!  ასეთი გემრიელი სამზარეულო არცერთ კლუბსა და ბარში არ მინახავს. ხაჭაპურის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ესეც კი საოცრად გემრიელია.

-,,ეიფორიის“ გარდა სხვაგან სად გიწევს ღონისძიების წაყვანა?
-სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ კორპორატიული საღამოების წამყვანად მიწვევენ. 3 თებერვალს, წარმატებული ექიმის, რამაზ ჩარექიშვილის 50 წლის იუბილე წავიყვანე, სადაც 150 სტუმარი დამხვდა. გარდა იმისა, რომ წამყვანი ვარ, ღონისძიებას ორგანიზებასაც ვუკეთებ, რომ სანახაობრივი მხარეც დატვირთული იყოს და დამკვეთი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს. ქორწილიც წამიყვანია და დაბადების დღეც.

-ტრადიციული ქართული ქორწილის ხელმძღვანელობა რა პროცესია?
-ძირითად შემთხვევებში ორგანიზებაში ვარ ხოლმე ჩართული და მაქსიმალურად ვცდილობ, თამადამ შაბლონური სადღეგრძელოებით არ მოაბეზროს სტუმარს თავი. ამ ყველაფერს ისე ვაბალანსებ, არც თამადა რჩება ნაწყენი და ხალხიც ერთობა.

-ნასვამ სტუმარებთან ურთიერთობა რა სირთულეებს უკავშირდება?
-როცა საქმე ტიპიურ, კომპლექსიან ქართველს ეხება, რომელსაც საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენა არ შეუძლია, ამ დროს ის ცდილობს თავი ვიღაცით გამოიჩინოს, რომელიც შეიძლება მიმტანი იყოს და არაა გამორიცხული მას შეურაცხყოფაც მიაყენოს. ასეთი საქციელით ცდილობს მარკები აიწიოს. შეიძლება წამყვანსაც მიადგეს, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდობის მტრედის პოზიცია შევინარჩუნო ხოლმე.

-ღონისძიებაზე ჩხუბი არასდროს მოგსვლია?
-როგორ არა, მაგრამ დამარცხებული არცერთი სიტუაციიდან არ გამოვსულვარ. ქორწილში ჩემი ხელი ხშირად მოხვედრიათ. ერთადერთხელ იყო, როცა ძალიან ახლობელი ადამიანის დღესასწაულზე მეც მომხვდა. რა თქმა უნდა არ დავუთმე და დავარტყი. რის შემდეგაც საბარგულიდან იარაღი ამოიღო და ჩემსკენ წამოვიდა. არ ვიცი რად უნდოდა, რადგან ჩემი წონის მხოლოდ ერთი კუნთი ჰქონდა. მე არ დამიხიევია უკან, მაგრამ თვითონ მოუწია დამალვა.

-რამდენია შენი ჰონორარი?
-ადგილმდებარეობას, პერიოდს, ადამიანების რაოდენობას და სხვა უამრავ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. ღონისძიებებზე დიჯეისთან ერთად დავდივარ, რომელიც სხვადასხვა აქტივობებისთვის მჭირდება. ჩემი ჰონორარი კი საშუალოდ 1000-1500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

-შევაჭრება რამდენად ხშირია?
-ძალიან ხშირია, თუმცა ვაჭრობის პროცესი იმდენად არ მიყვარს, ხშირ შემთხვევაში დათმობაზე მივდივარ. ნებისმიერ საკითხში ასე ვარ. ერთ-ერთ მანქანას რომ ვყიდიდი 4700 $ დავუფასე. ზუსტად 7-ჯერ მითხრა, 100 $ დამიკელიო და შვიდივეჯერ დავუკელი. ჩვეულებრივი ,,პუტანკასავით“ ვარ!

-შემოსავალს როგორ ანაწილებთ?
-შემოსავალი არ მყოფნის, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ოჯახი მაქვს. რამდენ ენერგიასაც  გავცემ, საზღვარგარეთ ამაზე ბევრად მეტი შემოსავალი მექნებოდა.

-არ ფიქრობ, რომ ბოჰემური ცხოვრება შენს სამსახიობო კარიერას უკან დახევს?
-საქართველოში ეს სფერო დიდად არაა წარმატებული. მსახიობების 90% ცდილობს თავი სხვა რამით ირჩინოს და არა მსახიობობით. უახლოეს მომავალში მივფრინავ მისნკში იმისთვის, რომ საკუთარი ძალები ვცადო და ერთ-ერთ კინო-სტუდიასთან ხელშეკრულება გავაფორმო.

-,,ჩემი ცოლის დაქალების“ მეათე სეზონი დასრულდა. მომდევნო სეზონზე ისევ იხილავს მაყურებელი შენს გმირს?
-,,ჩემი ცოლის დაქალებიდან“ არავის გამოვუგდივარ და ჯერ-ჯერობით სერიალის მსახიობად ვითვლები. მიშკა და ჩაქუჩა ჯერ კიდევ არსებობენ.