მთავარი აქტუალური თემა გამოფენა თინათინ თევდორაძის და სალომე ოსაძის ნამუშევრების გამოფენა

თინათინ თევდორაძის და სალომე ოსაძის ნამუშევრების გამოფენა

22 ივნისს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში დედა-შვილის – თინათინ თევდორაძისა და სალომე ოსაძის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით – „კვალზე“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: ნახატები, მინიატურული ქანდაკებები, კერამიკის სამკაულები და ჩანთები…

დედა – თინათინ თევდორაძე ბავშვობიდან ხელოვნებით იყო გატაცებული. მისი ნამუშევრების გამოფენა არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა საკუთარ თავს დიზაინერად არ მიიჩნევს: „ – ეს მათი უპატივცემულობა იქნებოდა, ვინც ამ სფეროში შესაბამისი განათლება მიიღო.“ თინათინი თვითნასწავლი ხელოვანია, ხოლო პროფესიით პედიატრი გახლავთ.

შვილი – 8 წლის სალომე ოსაძე მე-3 კლასის მოსწავლეა. დედის შემხედვარე ხელოვნებით თავადაც დაინტერესდა. თან, ამ სფეროში მუშაობა ძალიან კარგადაც გამოსდის. „ – ეს ჩემი პირველი წარმატებაა. მომავალში ნამუშევრების გამოფენას კიდევ ვგეგმავ,“ – გვითხრა სალომემ. ის თანატოლებს შორის უკვე საკმაოდ წარმატებულია.

სალომესთვის დედა სამაგალითოა. მისგან უამრავ რამეს სწავლობს. სწორედ ამიტომ დაერქვა გამოფენას „კვალზე“ – გოგონა დედის მიერ წამოწყებულ საქმეს აგრძელებს. თინათინი იმედოვნებს, რომ მალე მას სალომე შემოქმედებითად „გაუსწრებს“ კიდეც.

დედა-შვილს საერთო სამუშაო ოთახი აქვს, სადაც ცოტა ხნის წინ შეძენილ, კერამიკაზე სამუშაო ღუმელსაც ნახავთ. თინათინი ჩანთებისთვის ტყავს საქართველოში ყიდულობს, ხოლო ზოგიერთ დეტალს თურქეთიდან, ინტერნეტის საშუალებით უკვეთს. ტყავს და სხვა დეტალებს დამკვეთის სურვილის მიხედვით ამუშავებს. ზოგჯერ ჩანთის დამზადებას ერთ დღეში ასწრებს. შეკვეთებს ინტერნეტის საშუალებით იღებს.

თინათინს უცხოელმა დიზაინერმა საზღვარგარეთ მუშაობა შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით, საქართველოში რჩება – შვილთან ერთად, საქმე აქაც ძალიან კარგად გამოსდის.

სალომეს წარმატება ყველას უხარია. პატარა ხელოვანს ეს დღე არასოდეს დაავიწყდება…

pepper.ge

ავტორი: სოფო ვასაძე