მთავარი სოციალური ცხოვრება მედიცინა სარკეში უკმაყოფილო მზერიდან კუზანოვების საოპერაციო მაგიდამდე

სარკეში უკმაყოფილო მზერიდან კუზანოვების საოპერაციო მაგიდამდე

21-ე საუკუნეში პლასტიკურ ქირურგიას არა მხოლოდ ქალები, მამაკაცებიც მიმართავენ. რომელი ოპერაციებია ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი და როგორ აკეთებენ მას საქართველოში ცნობილი პლატსიკური ქირურგები, ამის შემსწრე და მონაწილე კუზანოვების კლინიკაში თავად გავხდი.

კარის შეღებისთანავე ყურადღება მიიქცია ნათელმა ფერებმა, ასევე სურათების კოლაჟმა კედელზე, რომელიც ივა, გუგა და ალექსანდრე კუზანოვების მიერ არის გადაღებული. გუგა კუზანოვის სამუშაო ოთახშიც და საოპერაციოშიც ნათელი ფერებია, რადგან დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ ორ ოთახში ატარებს. ფერებს ხშირად ანახლებს, ამბობს რომ მუქი ფერი თრგუნავს. კლინიკა კუზანოვების და დიზაინერების ერთობლივი გემოვნებითაა მოწყობილი.

გუგას ოპერაციები თითქმის ყოველდღე აქვს, პაციენტების მისაღებად კი ორშაბათი აქვს გამოყოფილი. დანარჩენ დღეებში საოპერაციოში ჩასვლამდე თუ ასწრებს, შესაძლოა კონსულტაციაზე მისულებსაც გაესაუბროს.

 სანამ პაციენტს საოპერაციოდ მოამზადებენ, გუგა და სხვა ექიმები თათბირს პროფესორთან, ივა კუზანოვთან გადიან. გეგმავენ მთელი დღის განრიგს და განიხილავენ იმ პაციენტების მდგომარეობას, რომელთა გალამაზებაც იმ დღეს იგეგმება. ამის შემდეგ ექიმები საოპერაციოში, თავიანთ პაციენტებთან ჩადიან. ჩვენი სტუმრობისას გუგას რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. ოპერაციისთვის მზადება ფაქტობრივად წინა დღიდან იწყება. წინა დღეს გუგა ცდილობს ადრე დაიძინოს, დაისვენოს.

ასე მშვიდად მუშაობა მას წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ შეაძლებინა. მან პირველი ოპერაციაც გაიხსენა. ,,როცა ჩემს ცხოვრებაში პირველი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ხელები მიკანკალებდა. მთელი ღამე წესიერად არც მიძინია, ოპერაციაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უკვე 20 წელია ვმუშაობ და ამ ყველაფერს შევეჩვიე. თუმცა, ნებისმიერი ოპერაცია მაინც გარკვეული რისკი, ნერვიულობა და პასუხისმგებლობაა. შედეგზე ფიქრობ. როცა პაციენტი შენთან მოდის, მას შენი სჯერა, ამიტომ ვცდილობ ასი პროცენტით გავამართლო მისი მოლოდინი” -მითხრა საოპერაციოში შესვლამდე გუგამ.

,,ფიზიკურად კარგად ვყოფილვარ, მაგრამ მორალურად ოპერაციის გასაკეთებლად განწყობა რომ არ მქონია, შემდეგი დღისთვის გადამიტანია. მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება” -გაგვიმხილა პლასტიკურმა ქირურგმა.

ხალათი, ქუდი, პირბადე, ხელთათმანი – ეს ყველაფერი ქირურგმა საოპერაციოში შესვლამდე უნდა მოირგოს. იმ დღეს მეც მოვირგე სამედიცინო ხალათი და გუგას საოპერაციოში შევყევი, წინ საკმაოდ საინტერესო პროცედურა მელოდა. საოპერაციო მაგიდაზე ახალგაზრდა ბიჭი იწვა, მან ცხვირის არასასურველი ფორმის შეცვლა პლასტიკურ ქირურგს მიანდო. პროცედურას გუგამ თითქმის საათნახევარი მოანდომა. მას საოპერაციოში მამამ, ივა კუზანოვმაც ჩამოაკითხა, დახედა პაციენტს, მასთან მომუშავე შვილს და მალევე გავიდა. გვერდით ოთახში მასაც პაციენტი, 50 წლის ქალბატონი ელოდა, რომელსაც წლებთან ერთად გაჩენილ ნაოჭებს ემშვიდობებოდა.

  რთული ოპერაციების დროს ივა, გუგა და ალექსანდრე ერთმანეთს ამხნევებენ, ერთმანეთს საოპერაციოშიც აკითხავენ. ”ასეთ დროს გჭირდება ვიღაც გვერდში გყავდეს, თავისი აზრი გითხრას. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა იცი გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც დაგეხმარება. გვქონია შემთხვევა, როცა სამივეს ერთად გაგვიკეთებია ოპერაცია. მამა ოპერატორი იყო, ჩვენ კი ვეხმარებოდით” -თქვა გუგამ.

რაც შეეხება ოპერაციების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია იმ პროცედურაზე, რაც პაციენტს უტარდება. ხანგრძლივი პროცედურის დროსაც, როგორც გუგა ამბობს, არ ისვენებს, წინასწარ ემზადება მორალურად, რომ საოპერაციოში მოუწევს რამდენიმე საათის გატარება.

  ჩვეულებრივი ცხვირის პლასტიკას საათნახევარი, ორი საათი სჭირდება. როცა რეკონსტრუქციული ოპერაცია კეთდება, მათ შორის ავტოტრანსპლატაცია ტარდება ხრტილოვანი ქსოვილის ან სხვა მსგავსი, უფრო მეტი დროა საჭიროა, ოპერაცია შეიძლება 4-5 საათიც გაგრძელდეს. გუგა ხანდახან დღის განმავლობაში 7 ოპერაციასაც აკეთებს. ,,ძალიან რთულია, ამიტომ ვცდილობ ასეთი სისულელე არ გავაკეთო, დღეში სამი ოპერაცია ნორმალურია. შეიძლება იმ დროს დაღლა ვერ იგრძნო, მაგრამ რომ დაჯდები, იფიქრებ, რად მინდოდა ეს?!”.

ოპერაციის დროს ურჩევნია წყნარი გარემო ჰქონდეს, არავინ საუბრობდეს. ,,ხანდახან ჩუმად ვარ, ოპერაციაზე ვფიქრობ, რაღაც მომენტში შემიძლია ვისაუბრო, გააჩნია პროცესი როგორ წავა. თუ პაციენტს არ სძინავს, ვესაუბრები კიდეც. მაგალითად, სანამ თქვენ შემოხვიდოდით, ლიპოსაქცია გავაკეთე, ჩემსა და პაციენტს შორის მშვენიერი დიალოგი შედგა”.

აღმოჩნდა, რომ ცხვირის და მკერდის ოპერაციის გაკეთება უფრო მეტად მოსწონს. სტატისტიკურადაც სწორედ ეს ორი ოპერაცია დგას მოთხოვნის თვალსაზრისით მოწინავე ადგილზე. პირველ ადგილზე ცხვირის რინოპლასტიკა, მეორეზე კი მკერდის გადიდების ოპერაცია დგას.

  ოპერაციაზე დასწრება საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მძინარე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, თავზე მდგომი ქირურგი და მისი დამხარეები, სამედიცინო ხელსაწყოები, სისხლი და ამ ყველაფერთან დაკაშვირებული განცდები საყურებლად არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. მე და გუგამ ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ. ამასობაში ოპერაციაც დაასრულა, შედეგით კმაყოფილი დარჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში საოპერაციო ოთახიდან არ გამოდის, თავიდან იწყებს ყველაფერს.

  სხვების სილამაზეზე მზრუნველ პლასტიკურ ქირურგს თავად მხოლოდ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. წლების წინ ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ცხვირი გაუტყდა. ეს იყო 28 წლის წინ, ოპერაცია წოპემ გაუკეთა. მაშინ კუზანოვების კლინიკაში რინოპლასტიკის მეთოდები დანერგილი არ იყო, წოპეს და ვახტანგ ხურციძეს ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდათ, მითუმეტეს, ძგიდესთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამასთანავე წოპე გუგას ბაბუის მეგობარიც იყო.

ქალებისგან განსხვავებით მამაკაცების უმრავლესობა მუცლის არეში დაგროვებულ ცხიმს, ე.წ. ღიპს ხშირად უჩივის. ჩემს კითხვაზე, წონაში მომატების შემთხვევაში თუ გაიკეთებდა მუცელზე ლიპოსაქციას, ასე მიპასუხა: ”თუ მუცელი გამეზრდება და ბევრი ცხიმი მექნება, რატომაც არა?! ალბათ, ივასთან გავიკეთებდი, რადგან ის უფრო ხშირად აკეთებს, ვიდრე ალექსანდრე”.

pePPer.ge