მთავარი აქტიური ცხოვრება ბიზნესი ქართული საწარმო პროდუქციას 25 ქვეყანაში გზავნის

ქართული საწარმო პროდუქციას 25 ქვეყანაში გზავნის

ჩვენი ქვეყანა ისეთი პატარაა, რომ პროდუქციის ექსპორტის გარეშე, ალბათ, მასშტაბური საწარმოს ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გორის საკონსერვო ქარხანა – „კულა“ საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 25 ქვეყანაში გზავნის (აშშ, კანადა, კუბა, ირლანდია, გერმანია და ა. შ.).

გორში საკონსერვო მრეწველობა 1919 წელს დაიწყო. საქართველო-რუსეთის ომის (2008 წ.) დროს, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიწვა და გაიძარცვა. მოგვიანებით, თითქმის განადგურებული საწარმო ბიზნესმენმა – ვანო გოგლიძემ შეიძინა. დღესდღეობით, „კულას“ სახელით, კომპანია ტერიტორიაზე 220-მდე სახის პროდუქტს ამზადებს.

„კულას“ კონსერვების საკმაოდ ფართო ასორტიმენტი აქვს. თავდაპირველად, მუშაობა ხილის წვენების წარმოებით დაიწყეს. შემდეგ ტყემლის საწებლის, მურაბის, კომპოტის და სხვა პროდუქციის დამზადებას შეუდგნენ. დროთა განმავლობაში, წარმოებული პროდუქტის მრავალფეროვნებაზე ზრუნავდნენ. აჯიკის და ტყემლის საწებლის რეცეპტები კერძო პირებისგან შეიძინეს. „კულას“ თითქმის ყოველი ნაწარმი კონცენტრატებისა და ქიმიური დანამატების გარეშე, ნატურალურად მზადდება.

საწარმოში ხილის მიწოდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ხორციელდება. ამ სეზონზე, 1კგ. ალუბალი 2 ლარად ფასობდა, ჟოლო 3,5-4 ლ. ღირდა, სამრეწველო ატამზე დაბალი ფასი – 0,25-0,30 თ. დაფიქსირდა, „კარგ“ ატამს კი 0,60 თეთრად ყიდულობდნენ (ასეთი ატამი კომპოტის ქილაში უფრო ლამაზი ჩანს), ვაშლის ფასი 0,15-0,20 თეთრამდე გაიზარდა (შარშან 0,10 თ. ღირდა), პომიდორი 0,30-0,40 თეთრად ფასობდა. ცხელი ამინდების გამო, ბადრიჯანი ნაკლებად მოსავლიანი აღმოჩნდა. ამიტომ წელს მისი ფასი 0,60 თეთრამდე გაიზარდა.

ტექნოლოგებისა და ლაბორანტების მიერ ხილის საგულდაგულო შემოწმების შემდეგ, საწარმოში პროდუქციის დამზადებას იწყებენ. ქარხანაში ძველი, შემორჩენილი (განახლებული) დანადგარებიც აქვთ და თანამედროვე ევროპულიც. მიღებულ ხილს კომპოტის დასამზადებლად ჯერ ახარისხებენ, შემდეგ 3-ჯერ რეცხავენ და ბოთლებში ათავსებენ, ბოლოს კი ზემოდან სიროფს ასხამენ. სსრკ-ის დროს, კომპოტში შაქრიანობა 25%-ს აღწევდა, დღევანდელი სტანდარტებით ნაკლები – 16%-მდეა. შაქრიანობის დაკლებას საზოგადოება ითხოვდა, ასევე, საზღვარგარეთ გაგზავნილი დაბალი შაქრიანობის მქონე პროდუქციის განბაჟებისას ნაკლები გადასახადია.

საწარმოში ხარისხიანი პროდუქციის დამზადებაზე 350 თანამშრომელია პასუხისმგებელი. უმეტესწილად, მათ ხილის დახარისხება, ქილებში მოთავსება და საწყობში პროდუქციაზე ეტიკეტების დაკვრა ევალებათ. ხარშვის პროცესი დამოუკიდებლად, ავტომატიზირებულ რეჟიმში მიმდინარეობს. კონსერვის ქილაში სტაფილო, ნიორი, ბადრიჟანი თუ პომიდორი ხელით უნდა ჩალაგდეს. გამოცდილი თანამშრომლები შეცდომას იშვიათად უშვებენ.

თანამშრომლებმა გამოცდილება ასაკის მატებასთან ერთად შეიძინეს. ზოგი მათგანი 80 წელს აღწევს. საწარმოში მათი ცოდნა ფასდება და პროდუქციის ხარისხზეც აისახება. „ – ახალგაზრდა სპეციალისტების ნახვა რთულია – მაშინვე მაღალ ხელფასს ითხოვენ,“ – ამბობს „კულას“ მთავარი ტექნოლოგი – სარო გრიგოლაშვილი (თანამშრომელბის ხელფასი 350-დან 1200 ლარამდე მერყეობს). „კულას“ საწარმოში ახალგაზრდები მუშაობას ხშირად იწყებენ, მაგრამ იქ დიდხანს არ ჩერდებიან. რუტინულ სამუშაოს სტაჟიანი თანამშრომლები უფრო კარგად უმკლავდებიან.

საწარმო „კულა“ წელიწადში 6-7 მილიონ პირობით ერთეულ პროდუქციას ქმნის. ქვეყნების მიხედვით, მოთხოვნა განსხვავდება: ზოგგან მეტად ტკბილი პროდუქცია მოსწონთ, ზოგგან – ნაკლებად. „ – ტყემლის საწებელს „ქლიავის სოუსს“ ვარქმევთ, რადგან ამ პროდუქტის ნამდვილ სახელს საზღვარგარეთ ვერ აღიქვამენ,“ – ამბობს საწარმოს დირექტორი და მფლობელი – ვანო გოგლიძე. მისი პროდუქცია მოსაზღვრე ქვეყნებში სატვირთო მანქანით იგზავნება, ამერიკაში და კანადაში – გემით, თურქმენეთში კი – მატარებლით.

პროდუქციისთვის ქილები საქართველოში მზადდება, ხოლო ბოთლები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოაქვთ. საწარმოში ბოთლების ხელმეორედ გამოყენებაზე ფიქრობდნენ, თუმცა მომხმარებელი მათ ძირითადად, უკან აღარ აბრუნებს (შუშის ბოთლებში ღვინოს ან ტყემალის საწებელს ასხამენ – ძალიან მოსახერხებელია). „კულას“ პროდუქციაზე მოთხოვნა საზღვარგარეთ და საქართველოშიც დღითიდღე იზრდება: საბავშვო ბაღებს „კულას“ ჯემები ხელშეკრულებით მიეწოდება. საქართველოს ჯარისკაცები და პოლიციის თანამშრომლები „კულას“ საწარმოში დამზადებული ხორცის კონსერვებით იკვებებიან (კომპანიამ ხორცის კონსერვები პირველად წელს გამოუშვა).

ხარჯების შემცირების მიზნით, ასეთი მასშტაბური ქარხანა ბუნებრივი აირის ნაცვლად, შეშას იყენებს. „კულა“ დამოუკიდებელ მეურნეობას ჯერ არ ფლობს, თუმცა ახალციხეში მალე, ფერმასთან ერთად, საწარმოს მშენებლობაც დასრულდება, სადაც ძირითადად, წვენებისა და მურაბების წარმოებაზე იმუშავებენ. 2019 წლისთვის კომპანია უკვე საბავშვო საკვების წარმოებასაც გეგმავს.

pepper.ge