მთავარი პიროვნება კოკა კობალაძე: ,,ნიკო გომელაურს მადარებენ, რაც ძალიან მწყინს”

კოკა კობალაძე: ,,ნიკო გომელაურს მადარებენ, რაც ძალიან მწყინს”

,,მე და შენ რომ დავშორდეთ, რას იფიქრებს პრემიერი“… გასულ წელს ახალბედა პოეტის, კოკა კობალაძის ლექსმა ინტერნეტ-სივრცე ააფეთქა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე… შემდეგ იყო პოეზიის საღამო, რომელსაც ახალბედა პოეტისთვის წარმოუდგენლად ბევრი ხალხი დაესწრო.

-კოკა, როდის გაგიტაცა პოეზიამ?
-პოეზია ბავშვობიდან მიყვარს, რასაც ბებოს ვაბრალებ, რადგან გამუდმებით ლექსებს მასწავლიდა. პირველი ლექსი 13 წლის ასაკში დავწერე. ერთი გოგო მიყვარდა და მას მივუძღვენი. ეს იყო ,,მე რომ გაჩუქო წითელი ვარდი“. იცოდა, რომ მისთვის დავწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მაშინ ვიფიქრე, რომ მხოლოდ სიყვარულზე კი არა, ღირსებასა და მორალზეც უნდა დამეწერა, რადგან ეს საკითხები ბავშვობიდან მაღელვებდა. მეგობრებთან ერთად ვიყავი, როცა პირველად გაიგეს, რომ ვწერდი. ლექსი რომ წავიკითხე, აღფრთოვანება ვერ დამალეს, რაც ჩემთვის სამომავლოდ დიდი სტიმული აღმოჩნდა. 18 წლის ვარ და 120 -მდე ლექსი მაქვს დაწერილი.

კოკა კობალაძე: ,,ხმამაღლა არასდროს მითქვამს, რომ პოეტი ვარ“

-რა გჭირდება იმისთვის, რომ დაწერო?
-მუზა ნამდვილად არ მჭირდება. დამიწერია ქუჩაშიც, სახლშიც, მზესა და ქარშიც… ხმაურში, ბარშიც… რასაც განვიცდი, ლექსში რომ გადმოვცემ, მამშვიდებს. ადრე ამას ვერ ვათვითცნობიერებდი და ვერც ვგრძნობდი, ახლა კი ვხვდები, რომ პოეზია ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყველაფერი რიგზე რომ იყოს, რას დავწერ? არ არის აუცილებელი, ვინმე მიყვარდეს და ამიტომ ვწერო. მთავარია სიყვარული გიყვარდეს! წვიმა რომ მიყვარს და მასზე ვწერ, ესეც ხომ სიყვარულია?

-გოგონებს ხშირად უძღვნი ლექსებს?
-არა… თუ რაიმე ურთიერთობა მაკავშირებს ან მინდა, რომ მაკავშირებდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გოგოს ლექსი მივუძღვნა.

-შენი გამოჩენა პოეტის სტატუსით რა რისკთან იყო დაკავშირებული?
– არასდროს მითქვამს, რომ პოეტი ვარ, რადგან ეს მხოლოდ გარითმვასა და ლექსის წერა არაა. შინაგანად უნდა გქონდეს პოეტური ხედვა, რაც მე არ გამაჩნია. ერთ ფურცელზე პოეტმა შეიძლება ბევრი რამ დაინახოს, მე კი ჯერ ვერაფერს ვხედავ. ალბათ ყველაფერი წინ მაქვს.
აქტიურად რომ დავიწყე წერა, როდის გამოჩნდები საზოგადოებაშიო, მეკითხებოდნენ. მე კი არ ვჩქარობდი და გამოვჩნდი მაშინ, როცა კრიტიკისთვის და კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად ვიყავი. გასულ წელს, ჩემი პირველი ლექსი გავაცანი საზოგადოებას. ეს იყო ,,წვიმა მინდა მოვიდეს“, რასაც ,,მე და შენ რომ დავშორდეთ“ მოჰყვა. მაშინვე აიტაცეს!

-ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ,,მე და შენ რომ დავშორდეთ“ ეს ლექსი ვის მიუძღვენით?
-მიყვარდა გოგო, რომელსაც დავშორდი და ლექსიც დავუწერე, თუმცა ამით ვერაფერი შევცვალე. მაგრად მიყვარდა… დღეს აღარ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ლექსები ყოფილ შეყვარებულებზეც დამიწერია:

,,იყო დრო, როცა ერთად ვიყავით…
მერე ორივეს გზები გაიყო…
ერთად ვიქნებით, ერთად ვიქნებით,
ასე ვიძახდით…
ეს განშორება მაინც დაიწყო…“

-რა არის პოეტის თვალით დანახული სიყვარული?
-სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, ერთხელ მოდის, თუმცა არის მომენტები, როცა ქალი გიზიდავს და მისი ყველაფერი გიყვარს. ამას რა უნდა დავარქვა? სიყვარულია, რომელიც უნდა გიყვარდეს! ყველა გრძნობის სათავეა!

-სად შეუძლია შენს გულშემატკივარს კოკა კობალაძის ლექსების წაკითხვა თუ მოსმენა?
-,,ფეისბუქ გვერდიც“ მაქვს, სადაც ჩემს ლექსებს ვაქვეყნებ და ინტერნეტშიც შეუძლია მკითხველს წაკითხვა თუ მოსმენა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოეზიის საღამოც მქონდა და იმდენი ხალხი შეიკრიბა, ამას ვერც წარმოვიდგენდი! ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ორსაათიანი ფორმატი მქონდა, რასაც ჩემი ლექსები ვერ გასწვდებოდა. ამიტომ, ორ დღეში რამოდენიმე ლექსიც მივამატე.

-რომელიმე პოეტს თუ გადარებენ?
-ნიკო გომელაურსა და ზურა სალუქვაძეს მადარებენ, რაც მწყინს კიდეც. იცით რატომ? თუ რომელიმე მათგანს მადარებენ ან მამსგავსებენ, პლაგიატი ვყოფილვარ! ნიკო გომელაური თავის შემოქმედებით ჩემთვის დღესაც პატივსაცემი ადამიანია და სასიამოვნოა, როცა 18 წლის ბიჭს, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი დაუწერია, მას ადარებენ. უბრალოდ, არ მინდა, ვინმემ ის იფიქროს, რომ ვბაძავ. გომელაურის მერე ვინმე ასე თუ წერდა, არ ვიცოდიო, არაერთხელ უთქვამთ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. პოეტს პირადად არავის ვიცნობ, თუმცა თუ სადმე ჩემთვის საინტერესოს წავაწყდი, აუცილებლად ვკითხულობ, რადგან ისინიც ისე ქმნიან, როგორც მე.

-ახალბედა პოეტებს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ. შენი მისამართით რა სახის კრიტიკა გსმენია?
-წერს იმიტომ, რომ პოპულარული გახდეს და გოგონებში სიმპათია გამოიწვიოსო, ჩემზე ხშირად ამბობენ. აღარ შეგვიძლია ამ მარაზმის ატანაო, ერთმა ჩემს ლექსზე დააკომენტარა კიდეც, რაზეც პასუხიც არ გამიცია. კრიტიკაც მესმის და ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ძალიან უშუალო ვარ.

-როგორ ფიქრობ, ცნობილი პოეტი ხარ?
-არ ვიცი… თუმცა გეტყვით იმას, რომ ქუჩაში მცნობენ. გავუჩერებივარ კიდეც გოგონებს და დადებითი ემოციები გამოუხატავთ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, მათთან სურათის გადაღებით მთავრდება ხოლმე.

-კრებულის გამოცემას ხომ არ გეგმავ?
-ჩემი მკითხველი ხშირად მეკითხება, კრებულს როდის გამოუშვებო. იმასაც კითხულობენ, სად იყიდებაო. არ არის მეთქი გაყიდვაში, ამას რომ ვეუბნები, მე თვითონვე მწყდება გული. ვფიქრობ, რომ კრებულის გამოსაცემად ისევე არ ვარ ჯერ მზად, როგორც წლების წინ საზოგადოებაში გამოსაჩენად არ ვიყავი მომზადებული. შინაგანად როცა ვიგრძნობ, რომ კრებულის გამოცემას შევძლებ, სადაც ჩემი სახელი და გვარი დაეწერება, მაშინ გამოვცემ.

-პოეზიის მიღმა რა ხდება შენს ცხოვრებაში, როგორ ცხოვრობ?
-,,ილიაუნიში“ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ. გარდა ამისა ერთ-ერთი კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯერი ვარ. სამსახურშიც ხშირად დამიწერია ლექსი და თანამშრომლებიც მთხოვენ, წაგვიკითხე რამეო.
ვარჯიშით და აქტიური ცხოვრებით ვარ დაკავებული. არ ვსვამ ალკოჰოლს და არც სიგარეტს ვეწევი. მუსიკა მიყვარს და გიტარაზეც ვუკრავ. როგორი დატვირთულიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ, მეგობრებისთვის დრო გამოვნახო.

-შეყვარებული ხარ ამჟამად?
-მაგრად მიყვარს! ერთმანეთს მისი ინიციატივით დავშორდით და მას შემდეგ ლექსიც მივუძღვენი. ყოველთვის მსაყვედურობენ, დანგრეულ ურთიერთობებზე წერო. ამ ადამიანს ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდშიც მივუძღვენი სტრიქონები, მაგრამ მაინც დავშორდით. მის სიყვარულს არ დავნებდები! ჩემს საყვარელ გოგოს ვეტყოდი, რომ საკუთარი თავი იპოვნოს, ჩამოყალიბდეს და იცოდეს, რა უნდა ცხოვრებისგან. ყოველთვის მაფიქრებს და მინდა ბედნიერი იყოს!

-როგორი გოგოები მოგწონს?
-მტკიცე ხასიათის, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული გოგოები მხიბლავს. არასდროს უთქვამთ ჩემთვის, რომ 18 წლის ბიჭს ვგავარ. ასაკით ჩემზე უფროსი გოგო ორჯერ მიყვარდა. 15 წლის ვიყავი, როცა 22 წლის გოგოსთან მქონდა ურთიერთობა.

-ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ…
-არა და იცით როგორი აფექტური ვარ? როცა ვინმე ჩემს ღირსებას შეეხება, მაშინ მეკეტება და ვერ გეტყვით რა ცუდი ტიპი ვხდები! ბავშობაში ძალიან მოჩხუბარი ვიყავი. ჩემი სახელი და გვარი მწვანე ჟურნალში ეწერა, სადაც ჩემს სკოლაში ყველაზე ცუდი ყოფაქცევის ბავშვები ხვდებოდნენ. მეხუთე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩემზე გაცილებით დიდ ბიჭს თავი რადიატორზე ვარტყმევინე. თუ სადმე ვინმე ჩხუბობდა, ყველგან ვიყავი. ამის მიუხედავად, მასწავლებლებს ძალან ვუყვარდი. არც კარგი სწავლით გამოვირჩეოდი, მაგრამ თუ მოვინდომებდი, საუკეთესო მოსწავლესაც ვჯობნიდი.

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე