მთავარი პიროვნება ხატია ბრაჭული: „მომატყუეთ მაინც, რომ კარგად გამოვიყურები!“

ხატია ბრაჭული: „მომატყუეთ მაინც, რომ კარგად გამოვიყურები!“

როგორი ბავშვი იყო ,ჩემი ცოლის დაქალების“ თამუნა და როგორ იზრდებოდა მსახიობი, ამის შესახებ დები, ხატია და გვანცა ბრაჭულები გვიყვებიან.

გვანცა: ლაპარაკი რაც დაიწყო, ვიცოდით, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყო. ასე რომ, აზრი არავისთვის უკითხავს. ძალიან თავნება ბავშვი იყო და დღემდე ასეთია. მასწავლებლობანას თამაში უყვარდა. ეზოში სახაზავს ჩაიტანდა, ბავშვებს დასხავდა და თითებში ურტყამდა ხოლმე.
ხატია: გვანცა კერძო სკოლაში სწავლობდა, სადაც ღონისძიებები, სპექტაკლები და კონცერტები ხშირად ჰქონდათ. ჩემს დას რომ ვუყურებდი სცენაზე, სულ მეფიქრებოდა, მსახიობობაზე რატომ არ ოცნებობს მეთქი. მისგან კარგი მსახიობი დადგებოდა, თუმცა სხვა გზა აირჩია.

-მეგობრობდით დები?

გვანცა: ვმეგობრობდით, თუმცა აზრთა თანხვედრა იმდენად იშვიათი იყო, რომ ამის გამო ხშირად ვჩხუბობდით.
ხატია: გვანცა ჩემზე 3 წლით უფროსია და ბავშვობაში ყველაფერში ერთი აზრი არ გვქონდა. ჩემს დას შეუმჩნევლად ვბაძვდი. მეუფროსებოდა და ეს არ მომწონდა. ერთმანეთი არაერთხელ გვიცემია კიდეც.
გვანცა: ხატია სულ მერეოდა, რადგან ჩვენი ძმა, დათო, რომელიც ხატიაზე 1 წლით უმცროსია, სულ მის მხარეს იყო და ერთობლივი ძალებით მებრძოდნენ!
ხატია: როცა წამოვიზარდეთ, დამეგობრებაც დავიწყეთ. წერა ორივეს გვიყვარდა და დღიურებიც გვქონდა. გვანცა ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო და ყველაფერს ყუთში ინახავდა. მის ჩანაწერებს ჩუმად ვკითხულობდი და საიდუმლოებებსაც ასე ვიგებდი. მოკლედ ვამწარებდი!
გვანცა: ხატიას ჩანაწერებს მის დაუკითხავად არასდროს ვკითხულობდი. პატარა რომ იყო, პიესებს წერდა.

-ერთმანეთს პირად ცხოვრებაზე თუ უყვებოდით?
გვანცა: ერთმანეთს საიდუმლოებებს ვანდობდით, თუმცა ხატია პირდაპირ ვერ მეუბებოდა და თუ რამის მოყოლა უნდოდა, ფურცელზე მიწერდა ან ინტერნეტში მიგზავნიდა შეტყობინბებს, იმის შესახებ თუ რა გადახდა და რჩევას მეკითხებოდა, როგორ უნდ ამოქცეულიყო. ხატია სულ შეყვარებულია! ამ დროს სულ იპრანჭება და დადებითი ემოციებითაა ხოლმე დამუხტული. როცა შორდება, მოწყენილია და წუწუნა ხდება!
ხატია: გვანცა ახალ წელს დაინიშნა. მისი რჩეული ლევან უროტაძეა. დის ქორწილისთვის ვემზადები და მინდა ყველაზე ლამაზი ვიყო!
გვანცა: წონასთან დაკავშირებით სულ წუწუნებს და ამ ეტაპზე სასურველი ფორმების დაბრუნებაზე ზრუნავს.
ხატია: მეც ვიცი, რომ წონაში საგრძნობლად მოვიმატე, მაგრამ ვინმე რომ შემხვდება და რეაქცია აშკარად აწერია სახეზე, ეს არ მომწონს. მაკა შალიკაშვილი შემხვდა და ორსულად ხარო, მკითხა! რა კარგად გამოიყურებიო, მომატყუეთ მაინც!

-ერთმანეთს როგორ დაახასიათებდით?
ხატია: გვანცა ძალიან ლამაზი, განათლებული და დახვეწილი გოგოა. მისი სამეგობრო წრეც ძალიან მომწონს. მის ხასიათებზე კი დედაჩემს სულ ვეწუწუნები! მთიულის თვისებები აქვს მეთქი, რომ ვეტყვი, სამივე ერთნაირები ხართო, მაჩუმებს ხოლმე.
გვანცა: ხატია ზედმეტად საყვარელი და მზრუნველი გოგოა, რაც მხოლოდ ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებაში არ გამოიხატება. არავის ღირსშესანიშნავი თარიღი არ დაავიწყდება. უარყოფითი თვისებებიც აქვს. შეგპირდება და დაავიწყდება! მერე კი ცდილობს შეცდომა გამოასწოროს.

-დებს ძმასთან და მამასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

ხატია: მე და დათო უფრო მეგობრულად გავიზარდეთ, რადგან საბავშვო ბაღში ჯგუფელები და სკოლაში კლასელები ვიყავით. მამა შვილებით რომ ამაყობს, ძალიან გვახარებს. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და შეიძლება სასიყვარულო სცენაში არ მოვეწონო მათ, თუმცა ჩემს პროფესულ არჩევანს დიდ პატივს სცემენ.
გვანცა: კოცნის სცენის დროს ხატიას ყურება არც მე მსიამოვნებს, თუმცა კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რომ ეს მისი პროფესია და საყვარელი საქმიანობაა.
ხატია: მამაც და დედაც საკმაოდ მკაცრები არიან. სკოლის ასაკში ვინმე რომ მოგვწონებოდა, ოჯახში ამის თქმას ვერც გავბედავდით. ან ბავშვობაში რა უნდა ყოფილიყო? პლატონურად მომწონდა ხოლმე. სტუდენტები რომ გავხდით, ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო და მშობლებთანაც დავმეგობრდით.

-ამჟამად რით ხართ დაკავებულები?

ხატია: ,,ჩემი ცოლის დაქალებში“ მეათე სეზონი დასრულდა. ამ ეტაპზე მხოლოდ სიღნაღის თეატრში თამაშით ვარ დაკავებული. გასტროლისთვის ვემზადებით.
გვანცა: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ერთ-ერთი პრექტის ადმინისტრატორი ვარ. მალე ქორწილი მექნება და ამისთვის ვემზადები.

pepper.ge