მთავარი აქტუალური თემა ფაუნა გადარჩენილი ჯიში – კავკასიური ნაგაზები ძაღლსაშენიდან

გადარჩენილი ჯიში – კავკასიური ნაგაზები ძაღლსაშენიდან

ტერიტორიაზე, სადაც მალე თბილისის ზოოპარკის ნაწილი გადავა, კავკასიური ნაგაზები ბინადრობენ. ძაღლსაშენი, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაარსდა, ერთ მიზანს ემსახურება – ჯიში არ უნდა გადაშენდეს! ამის საფრთხე კი დროთა განმავლობაში შეიქმნა. საბჭოთა პერიოდის დასაწყისში, კავკასიური ნაგაზების დიდი რაოდენობა საქართველოდან რუსეთში გაიყვანეს, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია.

„2 წლის წინ იტალიელი კინოლოგები იყვნენ მოსულები, რომლებიც პარლამენტის დავალებით მსოფლიო მასშტაბით, მწყემს ძაღლებს ეძებდნენ. კავკასიური ნაგაზის მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ წყალდიდობამ შეგვაფერხა და მათთან მოსალაპარაკებლად ვეღარ მოვიცალეთ. მთავარი ისაა, რომ კავკასიური ნაგაზი მსოფლიოში დიდ ინტერესს იწვევს.“- გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურა გურიელიძემ.

კავკასიური ნაგაზი მსოფლიოს კინოლოგური ფედერაციის მიერ 328-ე ნომრადაა რეგისტრირებული. ქართული ნაგაზი 2001 წელს საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის მიერ დარეგისტრირდა, თუმცა ქვეყნის საზღვრებს ჯერ ვერ გასცდა. „მსოფლიო რეგისტრაციისთვის დიდი თანხაა საჭირო. ამით კი ჩვენს ქვეყანაში არავინ ინტერესდება“- გვითხრა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტმა, ზოოპარკის სამეურნეო მენეჯერმა, გია გიორგაძემ.

ძაღლსაშენს კომერციული დატვირთვა არ აქვს. მწყემს ძაღლებს ამრავლებენ და მეცხვარეებს ურიგებენ. 12 კავკასიური ნაგაზიდან, ყველა მდედრია. თითოეულ მათგანთან კინოლოგი მუშაობს. შეჯვარება ყველანაირი წესის დაცვით ხდება – ჯიში ჯიშს უნდა შეესაბამებოდეს.

მეცხვარე მეტ-ნაკლებად ყინვაგამძლე ჯიშია, თუმცა ზამთარში შესაბამისი პირობების შექმნა მაინც სჭირდება. თითოეულ ვოლიერში, ყველა ძაღლს თივით დამთბარი ბუნაგი აქვს.

ძაღლსაშენში ჩაქირა, იგივე ქართული მყეფარაც (კვერნაზე მონადირე ჯიში) ცხოვრობს, რომელიც სოფელ მაკვანეთიდან(გურია) ჩამოიყვანეს. საქართველოში მათ მხოლოდ რამდენიმე ოჯახში თუ ნახავთ, ძირითადად ისინი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე დარჩნენ.

Pepper.ge