მთავარი შემოქმედება თეატრი „ჯვარცმული ბედნიერება“ აფხაზეთის დაცემის დღეს

„ჯვარცმული ბედნიერება“ აფხაზეთის დაცემის დღეს

აფხაზეთის დაცემის დღე – 27 სექტემბერი საქართველოში ყველასთვის სევდის მომგვრელია. ომის სისასტიკე, დანაკარგი და მეომრების სულისკვეთება თეატრმა „სივრცემ“, კულტურულ ცენტრ „არტ-ჰოლში“, სპექტაკლის სახით წარმოგვიდგინა.

აფხაზეთში ომის დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ერთ-ერთი ეპიზოდი სპექტაკლში – „ჯვარცმული ბედნიერება“ (ჯემალ მოიავას პიესის მიხდვით) ძალიან კარგად აისახა. სპექტაკლმა არა მხოლოდ მაყურებლებზე, არამედ მსახიობებზეც ძლიერ იმოქმედა. „ – ძალიან ემოციური როლი მაქვს. ჩემზე ძლიერად მოქმედებს. სცენაზე გასვლამდე, უკვე ცუდ ხასიათზე ვიყავი,“ – გვითხრა აფხაზი დედის როლის შემსრულებელმა – ეთო გუგავამ. მისი პერსონაჟის ტირილი ისეთი ემოციური იყო, რომ დარბაზში მაყურებლებს ცრემლების შეკავება უჭირდათ.

აფხაზი დედის გვერდით, ქართველი დედაც ტიროდა. „ – ყოველი თამაშის შემდეგ, ემოციურად „ვინგრევი“. რეპეტიციების განმავლობაში 4-ჯერ ვითამაშე… პრემიერისთვის დავზოგე თავი,“ – გვითხრა ქართველი დედის როლის შემსრულებელმა – ნანა კუხალეიშვილმა. მისი მეუღლე წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავთ – 1 თვის განმავლობაში, გუდაუთაში ტყვეობაში იმყოფებოდა. ამიტომ ქალბატონი ნანა „ჯვარცმულ ბედნიერებაში“ თავის როლს არაჩვეულებრივად გრძნობს და კარგად ასრულებს.

სპექტაკლი ახალ თაობას მოუწოდებს, რომ აფხაზეთი არ დაივიწყოს – ადრე თუ გვიან, საქართველოს ამ მხარეს აუცილებლად დავიბრუნებთ და სიცოცხლე ისევ ძველებურად გაგრძელდება. „ – ადამიანი სადაც არ უნდა იყო, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უნდა ემსახურო,“ – ამბობს აფხაზი ექიმის როლის შემსრულებელი – ზურაბ ანთელავა. მის გმირს ორ ცეცხლს შორის ყოფნა უწევს და განურჩევლად ყველა დაჭრილს მკურნალობს.

სპექტაკლის ერთ-ერთ ეპიზოდში, საპყრობილეში თბილისელ ჟურნალისტს აფხაზი გოგონა უყვარდება, რომლისგანაც ციხის კედელი ჰყოფს. აფხაზეთში მომხდარი გაუგებრობა და სიყვარული რეჟისორმა ვეფხვია გორგოძემ ზუსტად აღწერა. „ – აფხაზებს და ქართველებს შორის დიდი სიყვარული და კავშირი იყო, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობდა, რომლებიც სამომავლოდ უნდა ჩამოვიშოროთ,“ – ამბობს ბატონი ვეფხვია. მთელი სპექტაკლი ისეთი დინამიკური და ემოციური აღმოჩნდა, რომ „ერთი ამოსუთქვით“ დასრულდა.

თეატრის – „სივრცე“ შექმნის იდეა 2 წლის წინ გაჩნდა. შემქმნელები მსახიობებისთვის დიპლომის ქონის აუცილებლობას აპროტესტებდნენ (ახლაც ასე იქცევიან). მაშინ თეატრს „პროტესტი“ ერქვა. შესაბამისად, მსახიობებიც პროფესიონალები და არაპროფესიონალები(უდიპლომოები) იყვნენ. „ – სინთეზი შევქმენით, თუმცა ბავშვებს „არაპროფესიონალებს“ მაინც ვერ დავარქმევთ. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ,“ – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – კიაზო ჯობავა. თეატრის სახელწოდება ახლახან შეიცვალა. მას დღეს უკვე „სივრცე“ ჰქვია. სპექტაკლი „ჯვარცმული ბედნიერება“ განახლებული თეატრის დებიუტად მიიჩნევა.

პრემიერასთან ერთად, სეზონიც გაიხსნა. მალე „სივრცე“ 12 სხვადასხვა სპექტაკლს ცნობილი მსახიობების (ალეკო ბეგალიშვილი, მარინა კახიანი, ზურაბ ანთელავა, ეთო გუგავა და ა.შ.) მონაწილეობით შემოგვთავაზებს. „არტ-ჰოლის“ ხელმძღვანელის – ნანა კუხალეიშვილის დახმარებით, თეატრს სამუშაო სივრცე დაუთმეს, სადაც შემოქმედებითი გუნდი საქმიანობას საინტერესოდ აგრძელებს.

pepper.ge