მთავარი პიროვნება ჯანო იზორია: „თუ ჩემი წამება გინდათ, სკამზე უნდა დამაბათ და რიტმული მუსიკა...

ჯანო იზორია: „თუ ჩემი წამება გინდათ, სკამზე უნდა დამაბათ და რიტმული მუსიკა ჩამირთოთ“

ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევდი. მსახიობობა ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ჩემი მშობლები მშრომელი ხალხია. ზაფხულობით აფხაზეთში გადადიან – ბებია-ბაბუის დანატოვარ სახლს, ეზოს, ბაღს უვლიან. მამა მეზღვაური იყო, მერე თევზის მრეწველობაში მუშაობდა. დედა ძირითადად, დიასახლისი გახლდათ. ერთხანს სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. ჩემს მშობლებს იუმორის ფანტასტიკური გრძნობა აქვთ!..

მეშინია, რომ შეიძლება, ჩემს ქალაქში – ფოთში არ მოვკვდე. არ მინდა, სხვაგან გარდავიცვალო. მსურს, ეს ჩემს ქალაქში მოხდეს, როცა მოხდება…

ფოთი ჩემი ცხოვრების ნაწილია. დავიბადე გალში – აფხაზეთი სიგიჟემდე მიყვარს! ფოთში გავიზარდე. მინდა, ეს საპორტო ქალაქი ისეთი იყოს, როგორსაც იმსახურებს. წარმოიდგინეთ, უცხოელ მეზღვაურს (რომელიც წინათ საქართველოში არასოდეს ყოფილა) 3-დღიანი დასვენება აქვს, დასვენების დღეებს ფოთში ატარებს… შემდეგ ჰკითხავენ – საქართველო როგორ მოგეწონაო? ხომ გული დაგვწყდება, როცა იტყვის – არ მომეწონაო? კაცს „ჭიშკართანვე“ ისეთი შთაბეჭდილება უნდა ექმნებოდეს, რომ „სახლშიც“ კარგი ამბავი ხდება. ქვეყნის „კარიბჭე“ უფრო მაგრად უნდა განვითარდეს.  ჩემი აზრით, ფოთი ამსტერდამის ანალოგივით უნდა იყოს.

ბავშვობაში ღამით მაღაზიის ვიტრინისთვის, სადაც დრამი იდო, შემეძლო საათობით მეცქირა. დრამის ფერიც მახსოვს – მწვანე იყო, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირდა…

სკამების და ქვაბებისგან ბავშვობაში დრამს ვაწყობდი. დასარტყამი ჯოხის ფუნქციას თხილის წნელი ასრულებდა – ხომ იცი, როგორი ელასტიურია? ეზოში „კონცერტებს“ მთელი დღის განმავლობაში ვმართავდი – „დრამზე“ ვუკრავდი.

საქონლის მოსარეკად ბაბუას თან დავყავდი. მახსოვს, კამეჩები ჰყავდა…  ბებია-ბაბუები ჩემზე გადაყოლილები იყვნენ. ბაბუა (მამაჩემის მამა) ხისგან ფანტასტიკურ თოფს მითლიდა საოცარი ხელი ჰქონდა!

მოკრივე 7 წელი ვიყავი. ჭაბუკებს შორის (საქართველოში) პრიზიორიც გახლდით. თეატრალური ინტიტუტის სახელით, „უნივერსიადაშიც“ გავიმარჯვე, 60 კგ. წონით კატეგორიაში. მაშინ პირველ კურსზე ვსწავლობდი.

სტუდენტობა ჩემთვის ფანტასტიკური იყო. თეატრალურ უნივერსიტეტში 1999 წელს ჩავირიცხე. რეზო ჩხეიძის ჯგუფში 12 ადამიანი მოვხვდით. ჩამოსული მხოლოდ მე გახლდით, დანარჩენები ყველანი თბილისელები იყვნენ. ერთმანეთთან დიდი მეგობრობა, სიყვარული და უკვე ნათელმირონობაც გვაკავშირებს.

მე და ჩემი ძმაკაცი სტუდენტობისას ისეთ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, რომელსაც გაზაფხულსა და ზაფხულში არც ერთი სხვა ბინა არ ჯობდა – ყველა მხრიდან ქარი გვიბერავდა. ზამთარში ზოგჯერ გვათოვდა. სახლის პატრონი – ლენა დეიდა ძალიან თბილი ქალი იყო. ის და მისი შვილი – დათო კარგად მახსოვს…

თუ ჩემი წამება გინდათ, სკამზე უნდა დამაბათ და რიტმული, გემოვნებიანი მუსიკა ჩამირთოთ. დაახლოებით, ნახევარ საათში შეიძლება, გული გამისკდეს, რადგან დაბმული ცეკვას ვერ შევძლებ.. ცეკვა ძალიან მიყვარს!

ჩემი შვილის – ევას დაბადებას ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევ.

ოჯახის შექმნა ძალიან მარტივად გადავწყვიტე. არავის სჯეროდა, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. ღმერთი როგორც ინებებს, ისე ვიქნებით.

მე და ჩემი მეუღლე მსახიობები ვართ. რეპეტიციებზე სიარული ხშირად გვიწევს. ამიტომ ჩვენს შვილს ძირითადად, ბებო ზრდის – ევა ბებოს გოგოა.

ქედმაღლური დამოკიდებულება არავისგან მიგრძნია, პირიქით — ბევრი მსახიობი ჩემთვის სამაგალითოა, ვისთანაც პარტნიორობა მომიხდა და ბრწყინვალე ადამიანი აღმოჩნდა.

უფულობა ადამიანს ცუდ ხასიათზე აყენებსო, ნათქვამია, მაგრამ სასოწარკვეთილად არ მიგრძნია თავი, რადგან ჯანმრთელი ვარ, ხელ-ფეხი გამაჩნია და რაც მთავარია, ხვალიდელი დღის იმედი მაქვს.

სიმართლეს გეტყვით, თუ რა მაგდებს სასოწარკვეთაში: როცა ტელეეკრანზე ან ფილმში გამოვჩნდები ხოლმე, ჰგონიათ, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სხვაგვარადაა: ბევრს ვშრომობთ, ვწვალობთ, მაგრამ ჯიბე ხან საერთოდ არ ივსება, ხან – ივსება, მაგრამ უცებ ცარიელდება.

ოდესმე, თუ ჰოლივუდური ჰონორარი მექნება, შეიძლება, ფოთში საკუთარი თეატრიც კი შევქმნა. თეატრისთვის ადგილი უკვე შერჩეული მაქვს – ძალიან მაგარი მიტოვებული შენობა მეგულება.

ვნანობ – ნეტავ, ინგლისური ენა მესწავლა-მეთქი… მასწავლებელთან სიარულს ნებისყოფა და შესაბამისი ასაკი სჭირდება. რაიმე ხერხი უნდა მოვიფიქრო, რომ ვისწავლო.

„მოირა“ არის ფილმი, რომელმაც ადამიანები უნდა დააფიქროს, რომ სამშობლოში  გარანტირებულად იყვნენ და საკუთარი შრომით ირჩინონ თავი. მოგეხსენებათ, ფილმის გმირები თევზსაჭერ გემს ყიდულობენ. მაგალითად, თურქები საქართველოში თევზაობენ – ფრანგული თევზსაჭერი გემები ჰყავთ. შესალებელია, ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი გემები შეიძინოს, შემდეგ ახალგაზრდებმა ტრენინგი გაიარონ, თევზსაჭერი გემების მეზღვაურები გახდნენ და ჯამაგირი ჰქონდეთ. ცუდი იქნება? დედაც აღარ წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ და ოჯახში მშვიდობა იქნება.

რატომღაც მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ემიგრაციაში მყოფი ქართველები გადაარჩენენ. საქართველოში ცოტათი დაბნეულები ვართ. ქართული პურმარილი, ყანწები უკვე ზედმეტად მიგვაჩნია და ამ თემაზე ვხუმრობთ. გასაგებია, რომ ზოგს გადამეტებული ქეიფი უყვარს. ყანწს სიმბოლური დატვირთვა აქვს, თორემ სასმელში კი არ უნდა დაახრჩო კაცი! მაგალითად, უცხოეთში მყოფ ქართველებს ვაზის მიმართ სიყვარული გამძაფრებული აქვთ, თავად მოჰყავთ ყურძენი… ეს იმიტომ ხდება, რომ სამშობლოს ნოსტალგია ეუფლებათ, ჩვენს ქვეყანაში მყოფები კი რაღაცებს ვაძაგებთ… არის საკითხები, რაც მაბნევს… გახეხილი ჯინსის და ჩოხის ჩაცმაშიც ზომიერების გრძნობა დავკარგეთ.  ადამიანს უნდა გახსოვდეს, რომ ეს შენი ქვეყანაა, შემოქმედისგან შენი „კოდი“ გაქვს მონიჭებული და ტრადიციებს პატივს სცემდე…

„მანდარინებში“ ეპიზოდურ როლს ვასრულებ. ეს ფილმი „ოსკარზე“ რომ იყო წარდგენილი, ბედნიერი გახლდით. ვიღაცამ მომწერა, – შენ რა გიხარიაო? ვუპასუხე, – მე კი არა, მძღოლებს (ვინც გადამღებ ჯგუფთან თანამშრომლობდნენ) უხარიათ და მე რატომ არ უნდა გამიხარდეს, შე ბოღმის ბუკეტო-მეთქი?!.

მაყურებლის აზრი ჩემს პროფესიაში მთავარია. „მოირაში“ ჩემ მიერ განსახიერებული როლის შესახებ, რამდენიმე ადამიანმა დადებითი კომენტარი დამიწერა და გამიხარდა. არ მინდოდა, ჩემი პერსონაჟი „ხაზგასმულად“ „ძველი ბიჭი“ ყოფილიყო. ჩემი აზრით, ჩემ მიერ განსახიერებული გმირი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელსაც შეუძლია, მთელი დღე ბირჟაზე იყოს, 3 კგ. მზესუმზირა ჭამოს და უბრალოდ, იფიქროს, ვის რა ავნოს. იმის თავიც არ აქვს, რომ ბოლომდე „იბლატაოს“. თავადაც საბრალოა ეგ უბედური… მგონი, საქმეს ნორმალურად გავართვი თავი.

ჩემი ბინა  „სვეტისგან“ 2018 წელს ჩამბარდება. ეს მხოლოდ თეთრი კარკასი იქნება, მაგრამ მატრასს შევიტან და წამოვწვები! რატომღაც, 2018 წელი „შორს“ მგონია. ფიქრი ამეკვიატა – ვაიმე, მოვესწრები-მეთქი?..

ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ისეთ რეჟისორებთან მიმუშავია, ვისთან მუშაობასაც ყველა მსახიობი ინატრებს.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე