მთავარი პიროვნება ია უძილაური: „სტრესულ დიეტასა და შიმშილს არასდროს მივმართავ“

ია უძილაური: „სტრესულ დიეტასა და შიმშილს არასდროს მივმართავ“

„პირველი ქართველი ბოდიბილდერი ქალის“ სტატუსი 2012 წელს მივიღე, როცა ქართველი და ესპანელი მწვრთნელების ერთობლივი მუშაობის შედეგად, კატალონიის ჩემპიონატში გავიმარჯვე. ჩემამდე, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ამ სტატუსის მატარებელი ერთი ქართველი ქალიც იყო…

სპორტი ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ჩემპიონატში მონაწილეობაზე არასდროს ვფიქრობდი. სწავლით და მუშაობით (უფრო მეტად – აკადემიურ სფეროში) ვიყავი დაკავებული. ფეხბურთისა და ფრენბურთის მოყვარულთა ტურნირებში სულ ჩართული გახლდით, ვარჯიშითა და ფიტნესით კი მას შემდეგ დავინტერესდი, რაც 22 წლის ასაკში შვილი – ნიკოლოზ გრიგოლია შემეძინა: მინდოდა, სხეულის ისეთი ფორმები დამებრუნებინა, როგორიც ფეხმძიმობამდე მქონდა. სატრენაჟორი დარბაზში მივედი და ჩემი სპორტული ისტორიაც აქედან დაიწყო…

ვარჯიშის დაწყებიდან ექვს თვეში საქართველოს ჩემპიონატზე პირველად გავედი. წელიწად-ნახევარში სპორტსმენისთვის სასურველ ფორმაში ჩავდექი. პარალელურად, ფიტნეს-ინსტრუქტორობის პროფესიონალურად შესწავლა დავიწყე. ამ განხრით დღემდე ვმუშაობ.

ბოდიბილდინგის ფიტნეს-კატეგორიაში მონაწილეობის მსურველი გოგო, იმ პერიოდში, მხოლოდ მე გახლდით – საქართველოში საჩვენებელი გამოსვლა მქონდა. შემდეგ, ჩემი ქართველი მწვრთნელის დახმარებით, ესპანეთში რამდენიმე შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი, სადაც გამოცდილი სპორტსმენების გვერდით დადგომა მომიხდა.

საკუთარ თავს ბოლო ორი წელიწადი შესვენება მოვუწყვე – აქტიურ სპორტს ჩამოვშორდი, რადგან ორგანიზმს დასვენება სჭირდებოდა. გარდა ამისა ფიზიკური ტრავმების მოშუშება მჭირდებოდა. ერთდროულად, აქტიური სპორტსმენობა და მუშაობა ცოტათი რთულია. სპორტი ის სახეობა, რომლითაც დაკავებული ვარ, ისეთი პოპულარული არ არის, რომ სპონსორი გყავდეს, რის გამოც ბოდიბილდერებს შეჯიბრებებში მონაწილეობა საკუთარი ხარჯებით, მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარებით გვიწევს.

2-წლიანმა პაუზამ ჩემზე ფსიქოლოგიურად უფრო მეტად იმოქმედა, რადგან ვარჯიში ძალიან მენატრებოდა. შეიძლება, გარეგნულად არაფერი მეტყობოდა, რომ არ ვვარჯიშობდი, მაგრამ თავად ვგრძნობდი, რომ სპორტსმენისთვის ჩვეული ფორმიდან ამოვვარდი, თუმცა სწორი კვებით და ფიზიკური აქტივობით ვცდილობდი, სხეული არ მომედუნებინა: ფეხით ბევრს დავდიოდი, დარბაზში ველოსიპედით ვსარგებლობდი და ისეთ მარტივ ვარჯიშებს ვაკეთებდი, რაც ტრავმების რეაბილიტაციაშიც ხელს შემიწყობდა და სხეულსაც დიდად არ დავტვირთავდი.

პროფესიით კულტუროლოგი ვარ. გარკვეული პერიოდი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიწვევით ლექციებსაც ვკითხულობდი. ჩემს მეორე საქმიანობას რაც შეეხება, ფიტნეს-განათლების სკოლა გავხსენი, რაც საქართველოში არ არსებობდა – მომავალ ფიტნეს-ინსტრუქტორებს ვასწავლი, სადაც ამ საქმით დაინტერესებულები, პრაქტიკის გარდა, თეორიულ ცოდნასაც იღებენ.

სამი თვეა, რაც აქტიურ სპორტს დავუბრუნდი, თუმცა მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშს ჯერ ვერ ვახერხებ. სატრენაჟორო დარბაზში კვირაში 3 დღე დავდივარ. ფიზიკური დატვირთვისას გონებრივი თუ სხვა სახის სამუშაო ძალიან მიადვილდება. სპორტული აქტივობა მაბედნიერებს. ამჯერად, პერსონალურ ინსტრუქტორად ვმუშაობ. შეჯიბრებებში მონაწილეობაზე მაშინ ვიფიქრებ, როცა მივხვდები, რომ ჩვეულ ფორმაში ვარ. შედეგები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად „დავდე“, მათთვისაც და ჩემთვისაც დიდი მოტივაციაა.

თავდაპირველად, ფიტნესის პოპულარიზაციაზე ვზრუნავდი, ახლა კი ეს ჩემთვის საკმარისი აღარ არის, მით უმეტეს – მას შემდეგ, რაც შშმ პირებთან ვიმუშავე. ამ პერიოდმა კიდევ უფრო სხვა შემართება და ენთუზიაზმი მომცა. დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ვარჯიშის საჭიროებას დღესდღეობით ყველა გრძნობს, ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი კარგი სატრენაჟორი დარბაზი გაიხსნა. გარდა ამისა, პროფესიონალი მწვრთნელების აუცილებლობა გაჩნდა. ის სტერეოტიპი, რომ ვარჯიში ქალისთვის არ შეიძლება, დაიმსხვრა.

წონაში დაკლების მსურველები 90 კილოგრამიდან 55-ზეც „ჩამოსულან“, რასაც 3 თვიდან 1 წლამდე დრო მაინც სჭირდება. მართალია, უმრავლესობა დარბაზში წონის დასაკლებად მოდის, მაგრამ მიხარია, რომ ჯანმრთელობისთვისაც ვარჯიშობენ – სურთ, ნაკლები ცხიმი და მეტი კუნთი ჰქონდეთ.

როგორც ყველა ქალს, დარბილებული სხეულისა და ცხიმის პრობლემა მქონია, რასაც ვარჯიშით გავუმკლავდი. ასობით ადამიანთან პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ცელულიტსა და ცხიმს ვარჯიში, ცურვა, სხვა ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება შველის. ამ პროცესს დრო სჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, პრობლემას აგვარებს. ვინც ვარჯიშისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არის და ნებისყოფა არ ჰყოფნის, ლიპოსაქციას მიმართავს, თუმცა ამ დროს რისკების კარგად გათვლაც საჭიროა. ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრობლემა მხოლოდ ლიპოსაქციით არ გადაიჭრება, რადგან ის „ერთჯერადი აქტია“ და თავის ვადები აქვს. ცხიმები ისევ რომ დაგროვდეს, ვარჯიში და კვების სწორი რეჟიმის დაცვაა საჭირო.

ყველაზე ხშირად ცხიმი მენჯ-ბარკლის, საჯდომის მიმდებარედ და მუცელში გროვდება, რაც მეტ-ნაკლებად პრობლემატურია და ვარჯიშს ექვემდებარება.

სტრესულ დიეტას, შიმშილსა და რადიკალურ ზომებს არასდროს მივმართავ. ცომეულსა და შემწვარ საკვებს ვერიდები, მაგრამ – არ ვკრძალავ. ტკბილეულსაც მცირე დოზით გეახლებით. ძირითადად, ცილოვან საკვებს, ბოსტენულსა და ხილს მივირთმევ. დღის განმავლობაში, დაახლოებით 2 ლიტრ წყალს ვსვამ, თუმცა – საკვებთან ერთად კი არა, არამედ კვებამდე ნახევარი საათით ადრე.

ჩემი სასურველი ფორმების უმთავრესი საიდუმლო დილის საუზმე გახლავთ: ჰერკულესის ფაფა, მოხარშული კვერცხი (შეიძლება, ცოტა ლორით ან რუხი პურით), ყველი, ხაჭო…

24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ: დილის 9-ზე ვიწყებ და ღამის 12-ზე ვამთავრებ. ღამის საათებში ვკითხულობ კიდეც – ძალიან ცოტა ხანს მძინავს. შაბათ-კვირაც დატვირთული მაქვს. მხოლოდ მაშინ ვისვენებ, როცა შვილთან ერთად სახლში ვერთობი ან გასართობად სხვაგან მივდივართ. მაგალითად, ბოლო დროს კლდეზე ცოცვამ გაგვიტაცა. ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის შვილია. მასზე განსაკუთრებულად ვზრუნავ. მალე 9 წლის გახდება. ერთად ხშირად ვმოგზაურობთ.

ჩემი შვილი – ნიკოლოზი სპორტული და აქტიური ბიჭია. კარატეზე, ფეხბურთსა და ფარიკაობაზე დადის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტანვარჯიშზეც დადიოდა. მათემატიკითაა გატაცებული. ძალიან ჭკვიანია.

6 დედმამიშვილი ვართ. ბაბუაჩემი მოძღვარი იყო – უწმინდესმა აკურთხა. 40 წელზე მეტხანს იმსახურა, ჯერ – სოხუმში, შემდეგ კი – თბილისში (იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში). 90 წლისა გარდაიცვალა… ბაბუასთან სხვა ემოცია მაკავშირებს. შეიძლება, ყველას გაუკვირდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურ ოჯახში გავიზარდე და ბიბლია ჩვენი საკითხავი წიგნი ადრეული ბავშვობიდანვე იყო, ბაბუა ჩემით ძალიან ამაყობდა და მგულშემატკივრობდა. შეჯიბრებებზე ლოცვა-კურთხევის გარეშე არ მიშვებდა. სანამ საქართველოში არ ჩამოვფრინდებოდი, შეეძლო, მთელი ღამე დამლოდებოდა. ჩემთვის პარაკლისებსაც იხდიდა. ჩემს შესახებ თავის სულიერ შვილებს უყვებოდა. ბაბუა მათ საყვედურობდა – წონაში დაიკელით, ჯანმრთელობისთვის საჭიროაო. რამდენიმე მათგანი დღეს ჩემი მოსწავლეა. მამა ლეონტი (ბაბუაჩემი) გამორჩეული მოძღვარი იყო, რაშიც ყველა დამეთანხმება. როცა ჩემი სხეულისა და კუნთების დემონსტრირებას ვახდენდი, ამასაც ჯანსაღად აღიქვამდა. თავადაც ძალიან აქტიურად ცხოვრობდა. სანამ მოსუსტდებოდა, ფეხითაც ბევრს დადიოდა და დარბოდა კიდეც.

ჩემი დის მეუღლე – იუმორისტი მიშა ანდღულაძე ჩემი გულშემატკივარიც არის და მოწაფეც. მისი ფიტნეს-ინსტრუქტორიც ვიყავი, ახლა კი აღარ ვჭირდები და დამოუკიდებლად ვარჯიშობს. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, დარბაზში გარბის.