მთავარი სოციალური ცხოვრება სპორტი ქართული ცხენოსნობა ლეგენდარული კოჭლი ცხენის იმედად

ქართული ცხენოსნობა ლეგენდარული კოჭლი ცხენის იმედად

თბილისის იპოდრომი დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ქართველი ცხენოსნები ტურნირებში გამარჯვებას მაინც ახერხებენ. ცხენოსნობას ზოგჯერ „სამეფო სპორტსაც“ უწოდებენ. მოგეხსენებათ, ცხენის ფასი ძალიან ძვირია (ზოგი 2-3 მილიონი ევროც ღირს). ჯირითობისას ცხოველის დაშავების შემთხვევებიც ხშირია (მაგალითად, ცხენის მოტეხილი ფეხის რეაბილიტაცია არ ხდება)…

წინათ იპოდრომი საბურთალოზე მდებარეობდა. მაშინ ამბობდნენ, – ყოფილი სამჭოთა კავშირის მასშტაბით, ასეთი მაღალი სტანდარტების იპოდრომი არსად არისო. ტერიტორია და საჯირითო წრე ამის დასტური იყო. ამჟამად, იპოდრომი ლისის ტბასთან მდებარეობს. სავარჯიშოდ მხოლოდ მანეჟს ფლობს. შეჯიბრების მოედანი, რომელსაც თავის დროზე ცხენოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი – დავით კეზერაშვილი აშენებდა, დაუსრულებელია. დავით კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან ძვირფასი ცხენების ჩამოყვანასაც ახერხებდა, რომლებიც ახლა უკვე ასაკში არიან და ასპარეზობა უჭირთ (ზოგი 15-16 წლის არის).

ყველაზე ძვირფასი ცხენი – Chewing Gum გერმანიიდან ჩამოიყვანეს, რომელშიც 85 000 ევრო გადაიხადეს. ამბობენ, – შეჯიბრებაზე გასვლისას, Chewing Gum-ს  გამარჯვების სურვილიც ჰქონდაო. სამწუხაროდ, ის დაკოჭლდა და ვეღარ ასპარეზობს, თუმცა ახლა მის შეჯვარებას ცდილობენ.

კვიცზე ამხედრება მისი დაბადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ შეიძლება, საასპარეზოდ გაყვანა კი 5 წლის მერე. „ – ჩვენს პრობლემებს ვინმე თუ მიხედავს, კარგი იქნება. სპონსორობა 4 სპორტსმენს გაუწიონ, მეტს არაფერს ვითხოვთ,“ – ამბობს საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყნის ნაკრების მწვრთვნელი – შალვა გაჩეჩილაძე. მისი და Chewing Gum-ის გამარჯვებების შესახებ ლეგენდებიც არსებობს.

ქართველი სპორტსმენებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი კავკასიის ლიგა გახლავთ, რომელშიც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ახლა უკვე ირანიც მონაწილეობს. შალვა გაჩეჩილაძე საპრიზო სამეულში რამდენჯერმე მოხვდა. პირველი ადგილიც დაუკავებია. მისი პროფესიონალიზმი და მონდომება დასაფასებელია. წარმატებული ცხენოსანი მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში უნდა მონაწილეობდეს, სადაც საპრიზო ფონდი ზოგჯერ მილიონ დოლარზე მეტია. ასეთი დონის ასპარეზობას ძვირადღირებული ცხენი, მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსური სახსრები და სპორტსმენის სათანადო მომზადება სჭირდება. საჭირო პირობები ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს.

ამჟამად, იპოდრომის ძირითადი შემოსავალი ბავშვების მომზადებაა, რაზეც 10-მდე თანამშრომელია პასუხისმგებელი. კვირაში ერთხელ 45-წუთიანი ჯირითი 120 ლ. ღირს, კვირაში 2-ჯერ 200 ლ. დაგიჯდებათ, 3-ჯერ კი – 280 ლ. გექნებათ გადასახდელი. ბავშვებს ცხენზე ამხედრების ნებას 6 წლიდან რთავენ. ცხენი ასაკიანი და გამოცდილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკის ალბათობა არსებობს. ახალგაზრდა, გამოუცდელი ცხენის მართვა მარტივი არ არის. ჯირითის გარდა, მას საკმაოდ დიდი ყურადღება და მოვლაც სჭირდება.

ცხენებისთვის სპეციალური საკვები არსებობს (დამამშვიდებელი, კუნთის გამზრდელი), რის შეძენასაც იპოდრომი ვერ ახერხებს. ვიტამინებს ზოგჯერ ინტერნეტით იწერენ ან საზღვარგარეთ ყოფნისას ყიდულობენ. ძირითადად, ცხენი  შვრიას, ქერს, სიმინდს, ქატოს და თივას დღეში 3-ჯერ ჭამს. დილით, რადგან სავარჯიშოდ გაჰყავთ, ცოტას – 1კგ-ს აჭმევენ, შუადღეს და საღამოს კი – 3 კგ-ს. გარდა ამისა, ხილის სახით, მცირე დოზით ვიტამინებს (ვაშლი, სტაფილო და ა.შ.) აწვდიან. ზაფხულში ყოველდღიურად სპეციალური შამპუნით ბანენ. ცხენებს ყურადღება და ალერსი ძალიან უყვართ, ამიტომ მომვლელები უმეტესწილად, ქალბატონები არიან. ცხენოსნობის სფეროში სპორტსმენთა 70%-იც ქალბატონია. ტურნირებზე მამაკაცები და ქალები ერთად გადიან.

ზედმეტი ალერსი ცხენს ათამამებს. ამის გამო, სწავლის დროს ურჩობენ, ბარიერის გადალახვა არ სურთ. ცხენზე კონტროლის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომ ცხენოსნობის შესწავლის ბევრ მოსურნეს საქმისთვის ალღოს აღება უჭირს და ამ სფეროში მისი ცოდნა სამოყვარულო დონეზე რჩება. ცხენთან კონტაქტი აღვირით და ლაგამით ხდება. ზოგი ლაგამი უფრო მტკივნეულია, ზოგიც – ნაკლებად. პროფესიონალი მას ცხენის ხასიათის მიხედვით ირჩევს. „ – სოფლებში ცხენებს აგრესიულად ეპყრობიან – მათი მართვა საერთოდ არ იციან. უზანგებში ფეხებს ბოლომდე უყრიან და ისე აჭენებენ. ასეთ შემთხვევაში, მხედარი თუ გადმოვარდება, ფეხი შიგნით ჩარჩება. გაჭენებამდე ცხენს შემზადება სჭირდება, რასაც ადამიანები არ ითვალისწინებენ. ცხოველს ლაგამს ძალიან მტკივნეულად უჭერენ. საზღვარგარეთ ცხენის ასეთი მოპყრობისთვის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ექნებოდათ საქმე,“ – გვითხრა შალვა გაჩეჩილაძემ. ცხენის სამართავად მას მათრახი ან წკეპლა საერთოდ არ სჭირდება: ფეხის და ტანის მოძრაობით ცხოველს საჭირო მინიშნებას აძლევს. მინიშნებას ცხენი კარგად ხვდება და სისწრაფეს უმატებს.

სხვა თვისებებთან ერთად, ცხენს განსაკუთრებული მეხსიერებაც აქვს: თავლიდან გარეთ გაყვანილი რომელიმე ადგილას თუ შეშინდა, წლების განმავლობაში, იმავე ადგილთან ჩავლისას სიფრთხილეს გამოიჩენს. „ – საკუთარი ცხენი არ მყოლია და არც მინდა: ვიცი, რომ ძალიან მივეჩვევი და რამე თუ დაემართება, ვერ გადავიტან,“ – გვითხრა ცხენების მომვლელმა – ემინოვ ნარიმოვმა, რომელსაც მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს. ცხენების მოვლისთვის კერძო მფლობელები თვეში 600 ლარს იხდიან. მომვლელი ცხოველის სისუფთავეზე, გასეირნებაზე, საკვების მიწოდებასა და დაბანაზეა პასუხისმგებელი.

იპოდრომზე ჩემპიონ ცხენებს მალე კვიცები ეყოლებათ, რომლებსაც სახელს, როგორც წესი, მშობლების სახელების ინიციალების მიხედვით დაარქმევენ. დაკოჭლებული Chewing Gum-ის შვილის იმედად დარჩენილი იპოდრომი დაფინანსების მოლოდინშია. საქართველოში ბიზნესმენები ინიციატივას თუ არ გამოიჩენენ, მალე ცხენოსნობა, როგორც სპორტის სახეობა, ჩვენს ქვეყანაში საერთოდ აღარ იარსებებს. მხოლოდ სამოყვარულო დონის მანეჟი დაგვრჩება, სადაც ბავშვები გასართობად ივლიან.

pepper.ge

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე