მთავარი სოციალური ცხოვრება სოციალური დახმარება, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იღებს

დახმარება, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იღებს

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, მისი მრევლი და მასთან დაკავშირებული „საქველმოქმედო სახლი“ უკვე დიდი ხანია, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე (და არა მარტო მათზე) ზრუნავს. უფასო საკვების მისაღებად, ყოველდღიურად აქ 200-ზე მეტი ადამიანი მოდის.

თავდაპირველად, ტაძრის წინამძღვარი – დეკანოზი ალექსანდე გალდავა და მისი მეგობრები 30 ადამიანს ეხმარებოდნენ, შემდეგ დაფინანსების მსურველები გამოჩნდნენ და ქველმოქმედების მასშტაბებიც გაიზარდა. უკვე 4 წელია, რაც აქ მოსული ადამიანები, სქესის, ასაკისა და განსხვავებული სარწმუნოების მიუხედავად, საკვებს თანაბარი რაოდენობით იღებენ.

სამზარეულოს მუშაობაზე დედა ნისიმეა პასუხისმგებელი. ის ბაზარში თავად დადის და კერძების მომზადებაშიც მონაწილეობს. 12 წელი ფერისცვალების მონასტერში ცხოვრობდა, ახლა კი ტაძართან მოსულ გაჭირვებულებს ეხმარება. „ – წინათ ჩხუბობდნენ, რიგს არ იცავდნენ, საკვების დაკლებაში გვადანაშაულებდნენ. ამდენი ხნის შემდეგ, დამეგობრდნენ და საკვებსაც მშვიდ ვითარებაში ვარიგებთ,“ – გვითხრა დედა ნისიმემ. მისი გამოჩენა აქ ყველას ძალიან ახარებს.

ორი შვილის დედა – 69 წლის ეთო ხიმშიაშვილი 3 თვეა, რაც საკვების წასაღებად მოდის. ბიჭი ციხეში ჰყავს, ხოლო ქალიშვილი ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. 2 ობოლ შვილიშვილზე ზრუნვა უწევს, რომლებიც უკვე სკოლაში დადიან. ბებია მათთვის წიგნებს სოციალური დახმარებით ყიდულობს. აქედან წაღებულ საკვებს შვილიშვილებს უნაწილებს. დედა ნისიმე ბავშვებისთვის დამატებით პორციასაც ატანს.

ბიჭიკო კირეულიშვილი 78 წლის გახლავთ. ის აქ  ვარკეთილიდან მოდის. 3 შვილი ჰყავდა. ერთი ვაჟი 40 წლის ასაკში გარდაეცვალა, მეორე – დასანიშნი ჰყავს, გოგო კი გათხოვილია. მეუღლეს ეპილეფსია სჭირს და ქმარზეა დამოკიდებული. „ – მადლობა უფალს და დედაოს. ეს საკვები გვარჩენს,“ – გვითხრა ბატონმა ბიჭიკომ. მან ცოტა ხნის წინ ინფარქტიც გადაიტანა.

4 წლის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, როცა აქ მოსულ ადამიანებს ერთმანეთი გაუცნიათ და დაოჯახებულან… ერთ-ერთმა მამაკაცმა, ვინც წინათ „საქველმოქმედო სახლში“ დახმარების მისაღებად მოდიოდა, ავტომობილი იყიდა და ტაქსის მძღოლად მუშაობა დაიწყო. ამიტომ აქ მოსვლა აღარ უწევს. „ – ადამიანებმა „თვალებში გამოიხედეს“. როცა საკვები არ აქვთ, ცხიმს და ვიტამინებს ვერ იღებენ. ამიტომ ხშირად ითრგუნებიან. საკვების მოპოვების გარდა, სხვა არაფერზე ფიქრობენ. გარანტირებული საჭმელი მათ სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას აძლევს,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.  მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ აქ მოსულებმა საკვები გემრიელად მიირთვან.

საკვების უფასოდ გაცემა ტაძართან დაკავშირებული ერთადერთი საქმიანობა არ არის: აქ საგანმანათლებლო კურსებიც ტარდება, სადაც თითქმის ნებისმიერი ასაკის ადამიანს საღვთო რჯულისა და წმინდა წერილის შესწავლა შეუძლია; ფუნქციონირებს კლასიკური გიტარის სკოლა, ლიტერატურული ჯგუფები, სადაც საღვთო წიგნებს სხვადასხვა სტუმართან ერთად განიხილავენ, მგალობლების ვაჟთა და ქალთა ჯგუფებსაც ნახავთ… ქვედა სართულზე მალე საამქრო გაიხსნება, სადაც საეკლესიო სუვენირებს დაამზადებენ, ზედა სართულზე კი ტელეკომპანია „ქართული არხი“ მაუწყებლობს, რომელიც მცირე დაფინანსების მიუხედავად, საკმაოდ რეიტინგულია.

ამდენ საქმიანობასთან ერთად, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მხატვარიც გახლავთ. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის კედლები მისი მოხატულია. თავის გარემოცვასთან ერთად, დეკანოზი საინტერესო და ამავდროულად, საქველმოქმედო საქმიანობას აგრძელებს. სამომავლოდ, უფასო საკვების გაცემას სხვა მისამართებზეც გეგმავენ.

pepper.ge