მთავარი შემოქმედება ფერწერა გრაფიტის ფესტივალი – Fabrikaffiti

გრაფიტის ფესტივალი – Fabrikaffiti

ქუჩის მხატვრობა ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელში მოღვაწეობასაც ნებართვის აღება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელოვანი შესაბამისი სანქციებით ისჯება. არტისტებს კედლებზე ხატვის ნებართვა კულტურული ცენტრის – „ფაბრიკა“ ტერიტორიაზე, ფესტივალის ფარგლებში ეძლევათ.

მხატვრებისა და დიზაინერების გარდა, ფესტივალში – „ფაბრიკაფიტი“ არქიტექტორებიც მონაწილეობენ. ხელოვანებმა „ფაბრიკის“ კედლების შარშან (ფესტივალზე) დაწყებული მოხატვა წელს გააგრძელეს და ტერიტორია ხელოვნების ნიმუშად აქციეს. ტექსტური შეტყობინებებისა და სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულების გარდა, მათ კარიკატურები და ზღაპრული ქმნილებებიც დახატეს.

ილია ძაძამია (WISE)

სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და „სტრიტარტის“ მიმართულებით, ერთ-ერთი ჯგუფის წევრია. ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. შემსხურებლის გამოყენებისას დიდ სიამოვნებას იღებს და ნახატისთვის შესაფერის ეფექტებს უფრო მოხერხებულადაც ქმნის. ქუჩის კედლებზე მხოლოდ ნებართვის შემთხვევაში მუშაობს.

თინა ჩერტოვა (Chertova)

ხატვა ბავშვობიდან იტაცებს. კომპიუტერულ გრაფიკაზე მუშაობს. თუ შეკვეთა აქვს, ქუჩის კედლებზე სიამოვნებით ხატავს. ჯგუფთან ერთად, მზიურისა და ზოოპარკის კედლები აქვს მოხატული. მისთვის „სტრიტარტი“ კარგი პიარია: დახატვის შემდეგ, ინიციალებს ტოვებს, რაც შემდგომში მის პოპულარიზაციას ახდენს.

გიორგი ქაცარავა

გიორგი არქიტექტორია და გრაფიკულ დიზაინზე მუშაობს. თავისუფალ დროს კედლებზე ხატვაც სიამოვნებს. ბათუმის ქუჩებში 3-განზომილებიანი ნახატები აქვს შექმნილი, ახლა კი ფესტივალში მონაწილეობს, სადაც კოღოს დახატავს. ცდილობს, რომ მისი ნახატები დიდი ფილოსოფიური შინაარსით არ გამოირჩეოდეს და უბრალოდ, პოზიტიურ განწყობას ქმნიდეს.

საბა (ChilOne)

თვითნასწავლი მხატვარი. „სტრიტარტით“ საკმაოდ გატაცებულია. „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მდებარე საღებავების მაღაზიაში მუშაობს. კიევის ქუჩაზე კედლები მისი მოხატულია. ყველგან თავის ხელწერას ტოვებს. ლაპარაკი არ უყვარს და ჯობია, გავეცალო…

მაშო მარგიშვილი (Masholand)

მაშოს საკუთარი სამყარო და უნიკალური ხატვის სტილიც აქვს. ორი წელია, უკვე „ფაბრიკაფიტში“ მონაწილეობს, თუმცა წელს მისი ნახატი უფრო მასშტაბურია. მაშოს ნახატებს თბილისში სხვადასხვა ადგილას, მათ შორის – ფსიქიატრიულ კლინიკაში და მატარებლის ლიანდაგთან ახლოს მდებარე კედლებზეც ნახავთ.

კვაჭი (Kvachi)

ილუსტრაციებისა და დეკორატიული დიზაინის გარდა, მაისურებისა და სტიკერების დიზაინსაც ქმნის. ფესტივალზე ჯგუფთან ერთად(SlowPulseGroup), დიდ პროექტზე  მუშაობს. თავად ცოცხალ ორგანიზმებს ხატავს, დანარჩენები კი – ქალაქს. ნახატის საბოლოო სახე ცოცხალი ორგანიზმებით სავსე, ადამიანის ფორმის ქალაქი იქნება…

„ფაბრიკაფიტის“ მსგავსი ფესტივალი ბრისტოლში (ინგლისი) ტარდება, სადაც რამდენიმე ქუჩა ნახატებით ივსება. „ – თავდაპირველად, უფრო მასშტაბურ ფესტივალს ვგეგმავდით. მიმდებარე ტერიტორიების მოხატვა და მარჯანიშვილის ქუჩამდე ჩასვლაც გვინდოდა,“ – ამბობს მირო, „ფაბრიკაფიტის“ ორგანიზატორი. სამწუხაროდ, მერიასთან მოლაპარაკება არ მოხერხდა და ფესტივალი მხოლოდ „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ტარდება.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ფესტივალი „ფაბრიკაფიტი“ აქტიურად მიმდინარეობს. ამწეების დახმარებით, ხელოვანები შენობის თითქმის ყველა კუთხეში ხატავენ.

გაისად ფესტივალი კიდევ გაიმართება, თუმცა მანამდე ალტერნატიულ სივრცეზე ფიქრობენ – „ფაბრიკაფიტის“ დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე დასახატი ადგილი აღარ დარჩება.

pePPer.ge