მთავარი აქტიური ცხოვრება ისტორია გონიოს ციხის აღმოჩენები და ისტორიული ფაქტები

გონიოს ციხის აღმოჩენები და ისტორიული ფაქტები

აჭარაში, მდინარე ჭოროხის მახლობლად მდებარე გონიოს ციხე ტურისტების ინტერესს იწვევს. ციხეში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, (1995 წლიდან), რომაული, ბიზანტიური და ოსმალური ნივთებია აღმოჩენილი.

თავდაპირველად, გონიოს ციხით ჰაინრიხ შლიმანი (აღმოაჩინა ტროა) დაინტერესდა. ციხის ტერიტორიაზე, ძვ.წ. აღ. VIII-VII საუკუნეებში უკვე ცხოვრობდნენ. ეს ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია.

ყველაზე დიდი დასახლება აქ I-III საუკუნეებში შეინიშნებოდა, როცა ციხეში რომაელების 1200-1500 ლეგიონერი იდგა. ციხე მაშინ პონტო-კავკასიის ერთიანი სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა. 1500 ადამინისთვის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად ჰქონდათ მოწყობილი. სახლების, აბანოების და საკანალიზაციო გაყვანილობის ნარჩენები სწორედ ამას ადასტურებს.

მე-4 საუკუნიდან მოყოლებული, ციხე ჯერ ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიას წარმოადგენდა, შემდეგ აქ ბიზანტიელები დასახლდნენ (მე-6-7 საუკუნეები). პეტრას ციხე სწორედ ამ დროს, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აიგო.

მე-16 საუკუნიდან რუსეთ-თურქეთის ბოლო ომამდე (1877-1878 წწ.), ციხეს ოსმალები აკონტროლებდნენ. ომის შემდეგ, აჭარა და ტაო-კლარჯეთი გათავისუფლდა. მოგვიანებით, ტაო-კლარჯეთი დავკარგეთ (ტაო-კლარჯეთის ტერიტორია დაახლოებით, 51000 კვ/კმ-ს შეადგენდა. საქართველო, აფხაზეთის და ოსეთის გამოკლებით, 56000 კვ/კმ -ია).

რუსი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ, ციხის ტერიტორიაზე მანდარინის ბაღი გააშენეს, ხოლო ოსმალების მიერ აშენებული მეჩეთი საწყობს წარმოადგენდა. დღესდღეობით, მეჩეთში ტერიტორიაზე ნაპოვნი ექსპონატებია გამოფენილი. ძვ. წ. აღ-დან მოყოლებული ოსმალების მმართველობის პერიოდით დამთავრებული, მუზეუმში თითქმის ყველა დროის ნივთებია წარმოდგენილი.

არქეოლოგიურ გათხრებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი – ბატონი შოთა მამულაძე 1995 წლიდან ხელმძღვანელობს. „ – შეიძლება, ვინმესთვის ოქროს ან ვერცხლის აღმოჩენა იყოს მნიშვნელოვანი, ჩემთვის კი რაიმე პატარა ნატეხიც ყველა სხვა მონაპოვარზე მნიშვნელოვანია ხოლმე,“ – ამბობს ბატონი შოთა. მისი ხელმძღვანელობით, არქეოლოგიური გათხრები გონიოს ციხეში წელიწადში 1 თვის განმავლობაში გრძელდება. დანარჩენი დრო აღწერას, დახასიათებას, ფოტოგრაფირებას, პარალელების მოძიებას, პუბლიკაციების მომზადებასა და ბეჭდვას ეთმობა.

უკვე 20 წელზე მეტია, რაც ციხეში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგების ვარაუდით, ასეთი ტემპით პროცესი 100 წელზე მეტხანს გაგრძელდება. გათხრებში უცხოელი ექსპერტებიც ხშირად მონაწილეობენ.

 

ჩანაწერების მიხედვით დამზადებული კატაპულტი

გონიოს ციხის ექსპონატები, რაოდენობრივად და მნიშვნელობით, საქართველოში ძალზე მასშტაბური და ღირებულია. სამომავლოდ, მიწის ქვეშ უფრო მნიშვნელოვანი ნივთების აღმოჩენას ელოდებიან…

pepper.ge