მთავარი პიროვნება გიორგი ნაკაშიძე: „როცა კარგი მომღერალი ხარ, ზედმეტი ამბიციები არ უნდა გქონდეს“

გიორგი ნაკაშიძე: „როცა კარგი მომღერალი ხარ, ზედმეტი ამბიციები არ უნდა გქონდეს“

15 წლისამ აღმოვაჩინე, რომ როკი ის ჟანრი იყო, რომელშიც საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას შევძლებდი, თუმცა თავდაპირველად, კლასიკური მუსიკით დაინტერესებული გახლდით: 11 წლიდან საბავშვო ოპერაში შევედი, სადაც სხვადასხვა მიუზიკლში არიებს ვასრულებდი. როკზე „გადართვის“ შემდეგ, კლასიკურ სიმღერებსაც არ ვღალატობ – მათი შესრულება ხშირად მიწევს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ როკი ჩემი საყვარელი ჟანრია, რომელშიც ყველაზე თავისუფლად, ბუნებრივად ვგრძნობ თავს.

18 წლის ვიყავი, როცა ჯარში წავედი.X-ფაქტორში“ მონაწილეობას არ ვაპირებდი. მეგონა, ორივე საქმეს ვერ გავუმკლავდებოდი. თან, როცა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი, თავდაპირველად, ჯარში მითხრეს, რომ თავი შემეკავებინა. მოგვიანებით, როცა მათ ჩემი სიმღერა მოისმინეს, მოეწონათ და კონკურსში მონაწილეობის უფლება მომცეს. ძალიან მგულშემატკივრობდნენ. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.

კონკურსზე მამაჩემის თხოვნით გავედი. ის, ამავე კონკურსის შესარჩევ ეტაპზე, ჩემს მეგობარს ახლდა, როცა დამირეკა და მთხოვა – მონაწილეობა მეც მიმეღო. თავდაპირველად,  უარი ვუთხარი, მაგრამ ათი წუთის შემდეგ დავურეკე და ვთხოვე – მომაკითხე-მეთქი. „X-ფაქტორის“ კასტინგზე ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი.

„X-ფაქტორში“ მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შემძინა, დიდ სცენაზე დგომა მასწავლა. ფაქტობრივად, ყველა საჭირო თვისება შემძინა. რაც მთავარია, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მომცა. ვოკალურად განვვითარდი, კარგი მეგობრები შევიძინე… შეიძლება ითქვას, რომ მოკლე დროში იმას მივაღწიე, რაც ძალიან მინდოდა. პროექტში მონაწილეობის დღიდანვე ჩემი ოცნება  გამარჯვება იყო, თუმცა ამას ხმამაღლა არასდროს ვამბობდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ჩემს ცხოვრებაში შესანიშნავი პერიოდი სწორედ ახლა დგას, როცა საშუალება მეძლევა, კარგი მომღერალი გავხდე და ამავდროულად, ხალხის სიყვარული დავიმსახურო-მეთქი. ასეც მოხდა,  რის გამოც უზომოდ ბედნიერი ვარ.

ყველაზე მეტად განვიცდიდი, როცა ვხედავდი, თუ როგორ მედგნენ მხარში ჩემი მეგობრები, ნათესავები, სრულიად უცნობი ადამიანები… მინდოდა, მათთვის იმედი არ გამეცრუებინა. საზოგადოებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რაც უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა, რომ პირველ რიგში, დამემტკიცებინა – ჩემს ცხოვრებაში მუსიკა ყველაზე მთავარი ძალა და იარაღია, რომელიც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას მაძლევს.

X-ფაქტორში“ გამარჯვების შემდეგ, ჩემი ცხოვრება  გარკვეულწილად, შეიცვალა: ამა თუ იმ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ხშირად მიწვევდნენ და დღესაც ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში იმის საშუალება არ არის, რომ მომღერალმა, მუსიკოსმა ან თუნდაც, მსახიობმა საკუთარი პროფესიით  თავი ირჩინოს. ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი ისეთი განვითარებული არ არის, როგორიც უნდა იყოს. მეც ამ პრობლემებში მოვყევი, რადგან რაც მინდა, იმას ვერ ვაკეთებ. მსურს, მეტი გავაკეთო – ამის ჯანსაღი ამბიცია მაქვს,  მაგრამ როცა ადამიანი ხედავ, შენს ირგვლივ მომღერლებსა თუ მსახიობებს როგორ უჭირთ, თითქოს შენც გული გიცრუვდება და გარკვეულ ეტაპზე  ჩერდები.

საქართველოდან ბევრი მომღერალი და მსახიობი მიდის იმის გამო, რომ აქ ელემენტარული პირობები არ აქვთ შექმნილი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მეც მსგავს სიტუაციაში ვარ. ძალიან მწყინს, როცა ამის ხმამაღლა თქმა მიწევს, მაგრამ საქართველოში, შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანები, კონკრეტულად – მომღერლები, ისეთი დაუფასებლები არიან, რომ ქვეყნიდან წასვლის გარდა, მათ სხვა გზა არ რჩებათ.

დღეს ძირითადად, ყველაფერი კომერციულ გათვლაზეა აწყობილი:  მუსიკოსს ისეთი რეპერტუარის შედგენა ხშირად უწევს, როგორსაც საზოგადოება ითხოვს. შესაბამისად, ნაკლებად ან საერთოდ ვერ  მღერიან იმას, რაც თავად სურთ. სამწუხაროდ, ჩვენს სფეროში უამრავი პრობლემა არსებობს. მაგალითად, სადაც კონცერტი ჩავატარე, დიდი სიამოვნება მივიღე. ვგრძნობ, ხალხს ჩვენს საღამოებზე დასწრების სურვილი აქვს, თუმცა ამ საკითხის მიმართ, სახელმწიფო ინტერესს არ ამჟღავნებს, რომ ესა თუ ის კონცერტი დააფინანსოს. სახელმწიფოს კულტურის და ხელოვნების სფერო ნაკლებად აინტერესებს. ამიტომ ჩვენ „კუთხეში მიმწყვდეულები“ ვართ. ბევრ პროფესიონალ მომღერალს ვიცნობ, ვინც სხვადასხვა მუსიკალურ კონკურში გაიმარჯვა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ის არავის ახსენდება, ყურადღებას არავინ აქცევს.

ვიცი, რომ ბევრი მომღერალი საქართველოდან წავიდა, ზოგი კი წასვლას აპირებს. მეც მაქვს იდეები, მაგრამ ისე გამოდის, რომ აქ ვერაფერს ვაკეთებ. ვინმემ უნდა გვიბიძგოს, დაგვანახოს, რომ ჩვენი პროფესია საჭირო  და დასაფასებელია.

ამჟამად, შემოქმედებითი პაუზა მაქვს აღებული, მაგრამ ასე გაჩერებას დიდხანს არ ვაპირებ. ერთ-ერთ უცხოურ კონკურსში მონაწილეობას ვგეგმავ. სხვადასხვა ფესტივალში ხშირად ვმონაწილეობ. საზღვარგარეთ არაერთხელ გავიმარჯვე, თუმცა რატომღაც, ეს ფაქტი მასმედიის ყურადღების მიღმა დარჩა. მაგალითად, ლიტვაში და ჩეხეთში გამართულ კონკურსებში, რომლებშიც დაახლოებით, 25 ქვეყნის წარმომადგენელი  მონაწილეობდა, პირველი ადგილი დავიკავე. ახლა უფრო დიდ პროექტში მონაწილეობაზე ვფიქრობ…

უახლოეს მომავალში ვაპირებ ბენდის შექმნას. ამჟამად ძიების პროცესში ვარ. ვცდილობ, კარგი ბენდი ჩამოყალიბდეს, რომელიც მსმენელებს ყველა ჟანრის გემოვნებიან მუსიკას შესთავაზებს, თუმცა ძირითადად, ალბათ როკის მიმართულებით ვიმუშავებთ. ახლა მთავარი იმ მუსიკოსების დროულად მოძიებაა, ვინც გვერდით დამიდგებიან. ვიმედოვნებ, ჩანაფიქრს მალე განვახორციელებ.

უკვე მეოთხე წელია, შეყვარებული არ ვყოფილვარ. როცა შეყვარებული ვარ, საერთოდ სხვანაირი ადამიანი ვხდები. მიმაჩნია, რომ სიყვარული ადამიანს უფრო დადებითს ხდის, რადგან ეს გრძნობა ერთადერთი ძალაა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ამჟამად ისე არავინ მომწონს, რომ  მასზე სერიოზულად ვიფიქრო. სიყვარულს ვერ მოძებნი, ის უნდა მოვიდეს…

მომწონს ჩამოყალიბებული, თავისუფალი  და მოაზროვნე გოგონები, რომლებმაც იციან, ცხოვრებაში რა უნდათ. ურთიერთობაში მთავარი გაგება და ნდობაა. ჩემი აზრით, სიყვარულიც ეგ არის. კონკრეტული სტანდარტები არ მაქვს ჩამოყალიბებული, თუ როგორი გოგო შემიყვარდება. ერთადერთი, ის ვიცი, რომ სიყვარული აუცილებელია.   შეყვარებული ადამიანი სულ სხვანაირია: ის მუსიკაშიც კი სხვა ენერგიას „დებს“, სამყაროს უფრო მეტი გრძნობით უმღერის.

„აუ იმ მომღერალს ვერ ვიტან!“ – ასეთი ფრაზა ხშირად მომისმენია. არადა, მომღერალს არც კი იცნობენ. ყველაზე მეტად სწორედ ამ ტიპის ადამიანები მაღიზიანებს. ბევრი გამიცნია, ვისაც არ მოვწონვარ. როცა მიზეზი მიკითხავს, ისეთი ბანალური პასუხი გაუციათ, რომ გამცინებია. ამ ფენომენს ვერაფრით ვხსნი: როგორ შეიძლება, ადამიანს არ იცნობდე და ვერ იტანდე?! მგონია, რომ სხვისი კარგად ყოფნის გამო დაბოღმილ ხალხს არაფერში  უმართლებს. ჩემი ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ არასოდეს არავისი მშურს. შესაძლოა, ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ როცა გძულს, ეს უკვე დიდი პრობლემაა.

ჩემი უპირველესი სურვილია,  ხელოვანი ადამიანები საქართველოში ისე დააფასონ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყანაში წასვლას აღარ მოინდომებენ და ეცდებიან, რაიმე ღირებული საკუთარ სამშობლოში შექმნან.

ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ, კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. თუ საქართველოში ისევ უმოქმედოდ ვიქნები, ალბათ, სხვა ქვეყანაში წავალ და იქ, უფრო ფართო ასპარეზზე, საქართველოს სახელის „გატანას“ მთელი ძალით შევეცდები. ჩემი ქვეყნიდან წასვლა არ მინდა – აქაურობა ძალაინ მიყვარს. როგორი დიდი ვარსკვლავიც არ უნდა გავხდე, ჩემთვის საქართველოში სიმღერა უმნიშვნელოვანესი იქნება. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის  საქართველოსკენ მომიწევს გული. თუ უცხოეთში გავემგზავრე, ყველგან მაინც ჩემი სამშობლოს სახელით ვიმღერებ.

ზაფხულში ჩემს გულშემატკივრებს  ბათუმში, კლუბ „მანდარინში“  შეუძლიათ, მნახონ  და ჩემს მუსიკას მოუსმინონ. ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მეგობრებთან ერთად ტურნე მაქვს დაგეგმილი. ასე რომ, წინ არაერთი საინტერესო საღამო გველოდება.

ჭორები, რაც ჩემ შესახებ მომისმენია? ძირითადად, ხან ვისთან მაწყვილებენ, ხან – ვისთან, თუმცა სინამდვილეში, ყველა მათგანი ჩემი უახლოესი მეგობარია. ერთხელ, „X-ფაქტორში“ ჩემი მონაწილეობის პერიოდში, ისიც კი მოიგონეს, თითქოს ავარიაში მოვყევი და ერთ „ლაივს“ გამოვტოვებდი. ეს დედაჩემმაც გაიგო და სანამ ინფორმაციას გადაამოწმებდა, შეუძლოდ გახდა. მართალია, პირადად მე, მსგავს რაღაცებზე ვხალისობ, მაგრამ ასეთი ბინძური რაღაცების მოგონება ძალიან ცუდია. შესაძლოა, ამ ყველაფერმა ვინმეს ზიანი მიაყენოს.

როცა  კარგი მომღერალი ხარ, ზედმეტი ამბიციები არ უნდა გქონდეს. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული უნდა იყო და ყველაფერი გააკეთო, რომ შენი სწორი ნაბიჯებით და გულწრფელობით  საზოგადოებას თავი შეაყვარო.

თარიღი,  რომელიც არასდროს მავიწყდება, 14 ივლისია,  ჩემი დაბადების დღე. სწორედ ამ დღეს 21 წლის ვხდები, რის შემდეგაც  ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყება.

ავტორი: ნანა აბულაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე