მთავარი აქტიური ცხოვრება პიროვნება გიორგი მარშანია: ,,ჩათვალეს, რომ ქართულ კულტურას შეურაცხყოფას ვაყენებდით”

გიორგი მარშანია: ,,ჩათვალეს, რომ ქართულ კულტურას შეურაცხყოფას ვაყენებდით”

მსახიობ გიორგი მარშანიას საზოგადოების უმრავლესობა სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების“ ,,ტრანსგენდერი ნინოს“ პერსონაჟით იხსენებს. ზოგი აკრიტიკებს, ზოგი კიცხავს, ზოგი კი იმ სპექტაკლზე საუბრობს, სადაც მსახიობი ,,თავისუფალ თეატრში“ საყვარელი მაყურებლისთვის თამაშობს. შეიძლება ბავრმა  არ იცის, რომ გიორგი მარშანია პატარებისთვის საყვარელი მულტფილმების პერსონაჟის, ჟირაფი ჟოზეს ერთ-ერთი შემქმნელია. ამის შესახებ კარიკატურისტ კემოსთან ერთად გვიყვება.

გიორგი: მე და კარიკატურისტმა კემომ ერთმანეთი საქმიან შეხვედრაზე გავიცანით. ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ, რომ საერთო ინტერესებიც გვაკავშირებდა, მულტფილმების შექმნა ორივეს გვინდოდა და დავიწყეთ კიდეც. სცენარისტობა, რეჟისორობა და პროდიუსერობა მე შევითავსე, კემო კი ანიმაციებს ხატავდა. ნელ-ნელა თანამოაზრეებიც შემოვიკრიბეთ. ჩვენს გვერდით მხატვარი რუსკა ყვავაძე, მხატვარ-ანიმატორი გიორგი გაგლოშვილი, დიზაინერი თამუნა ზარქუა, ნინო ჩხეიძე, გიო და ელინა ფოფხაძეები არიან, რომლებიც კლასიკურ ანიმაციაზე მუშაობენ. თავიდან ყველაფერს ენთუზიაზმით ვაკეთებდით, შემდეგ კი საქმიანობის სახეც მიიღო და რამოდენიმე პროექტი გავაკეთეთ. გარდა იმისა, რომ ველოსიპედი ძალიან მიყვარს და ჩემი ახლო მეგობარია, ბევრი კარგი რამის სიმბოლოა. ახლის შექმნასთან ასოცირდება და ვიზუალურადაც იმდენად ლამაზია, რომ ლოგოსა თუ კარგ ფოტოზე სასიამოვნო სანახავია. ჩვენს სტუდიას ,,ველოსიპედი“ რომ დავარქვით, მერე აღმოვაჩინეთ, რამდენად კარგი დატვირთვა ჰქონდა.

-პირველი პროექტი რა იყო?
კემო: პირველი პროექტი, ცნობილი ქართული ფილმის, დათა თუთაშხიას პაროდიული ვერსია იყო, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიისთვის გავაკეთეთ. ამ პროექტის გაგრძელებას ვგეგმავდით, თუმცა გარკვეულმა მიზეზებმა ხელი შეგვიშალა.
გიორგი: დათა თუთაშხიას გაშარჟება საზოგადოების ნაწილმა ვერ მიიღო და ცოტა სკანდალურიც აღმოჩნდა. ჩათვალეს, რომ ჩვენი პროექტით ქართულ კულტურასა და სიწმინდეს შეურაცხყოფას ვაყენებდით. წერდნენ, რომ ვიღაც გვაფინანსებდა, არა და ორი კვირა ღამეებს კაპიკის გარეშე ვათენებდით. ისეთ სისულელეებსაც კი გვწერდნენ, ამათ ფილმიც არ აქვთო ნანახი. პროექტის გამო ექვსივე სერია კიდევ რამოდენიმეჯერ ვნახეთ.

-შემდეგი პროექტი რა იყო, რასაც უკვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა?
კემო: შემდეგი იყო ,,დათუნია-დრუნჩას“ პროექტი, რომელიც გივი ჭიჭინაძის ლექსის მიხედვით გავაკეთეთ და კინო-ცენტრშიც წარვადგინეთ.
გიორგი: დიდი ხანია კინო-ცენტრი ანიმაციურ პროექტებს აფინანსებს, თუმცა საზოგადოებამ ამ მულტფილმების შეახებ არაფერი იცის, რადგან ყველაფერი ფესტივალებისთვის კეთდება. არ ვამბობ, რომ ეს უხარისხო ან ცუდია, უბრალოდ შედეგი ნაკლებად ჩანს. ,,დათუნია დრუნჩას“ დასრულებისთვის ძალიან ცოტა თანხას ვითხოვდით და თითქმის 20 % – ს ჩვენი ჯიბიდან ვდებდით, თუმცა სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვეთ, რადგან კინო-ცენტრი უფრო საფესტივალო არტ-ფილმებს მოითხოვს. ჩვენ კი საბავშვო, კომერციული პროექტი წარვადგინეთ და დაფინანსებაც ვერ მივიღეთ, რაც დიდ პრობლემად მიმაჩნია, თუმცა არავინ იფიქროს, რომ კინო-ცენტრს ვსაყვედურობთ. მიმაჩნია, რომ კომერციული საბავშვო პროექტები აუცილებელია, რადგან მათ დამატებითი მოგება მოაქვს და ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერზე მუშაობენ, განვითარების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ქართული შემეცნებითი მულტფილმები არ არსებობს და კინო-ცენტრი იქნება ეს თუ სახელმწიფო, კარგია თუ ამ საკითხზე იზრუნებენ. პროექტის პოპულარიზაციის შემთხვევაში, ბრენდირებაც შეიძლება, რაც პერსონაჟის სხვადასხვა ნივთებზე გადატანას ან თამაშის შექმნას გულისხმობს.
კემო: საბავშვო ანიმაციური პროექტების კეთებას, საგანმანათლებლო ხასიათსაც ვაძლევთ და ამის მაგალითი ჟირაფი ჟოზე გახლავთ.
გიორგი: ჟოზეზე 4 სერია გვაქვს გაკეთებული. საგანმანათლებლო სერიას, ,,სახალისო მათემათიკას“ კი სამ მილიონამდე ნახვა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნადია.

-როგორ იქმნებოდა პატარებისთვის საყვარელი პერსონაჟი, ჟირაფი ჟოზე?
კემო: როგორი პერსონაჟი შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი, ამაზე სოციალურ ქსელში ქასტინგი გამოვაცხადეთ და ჟირაფმა გაიმარჯვა, რომელსაც სახელი ,,ჟოზე“ სოციალური ქსელის მომხმარებელმა შეურჩია.შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, როგორი უნდა ყოფილიყო ის. მსუქანი, გამხდარი, ძალიან სასაცილო… უამრავი ვერსია არსებობდა. ბავშვებისთვის ახლა უკვე საყვარელი ჟირაფი, არც ძალიან სასაცილო და უტრირებულია და არც რეალურთან მიმსგავსებული.

გიორგი: ჟოზე პატარებმა რამოდენიმე მიზეზის გამო შეიყვარეს. ძალიან კეთილია, უყვარს სიმღერები, პატარები და მათთვის მღერის. მეგობრები, სხვადასხვა ცხოველები ჰყავს. გარდა ამისა, ვიზუალურადაც იქცევს ყურადღებას. საახალწლოდ სიმღერაც ჩაწერა ჟოზემ, რომელზეც რეზო ბლიაძემ და ლელო ხოტვარმა იმუშავეს, თუმცა კლიპის დამზადებას ჯერ ვერ ვახერხებთ. ძალიან კეთილი ვიდეო-რგოლი გვაქვს ჩაფიქრებული. ახალი წელი ისევ მოვა. ასე რომ პატარებს წინ კიდევ უფრო დიდი სიამოვნება ელით.

-ამჟამად რაზე მუშაობთ?
გიორგი: ამჟამად ჟოზეს პროექტზე ვმუშაობთ და სხვადასხვა კომპანიებთან შეთავაზებებებს ვაწარმოვებთ. გარდა ამისა კინო-ცენტრის კონკურსს ველოდებით, რომელიც წესით თებერვალში გამოცხადდება. უკვე გვაქვს იმდენი პროდუქტი, რომ სპონსორთანაც თამამად მივიდეთ.

-რა პირობებში გიწევთ პროდუქტის შექმნა?
კემო: 4 წელია რაც თანამშრომლობა დავიწყეთ და ოფისი, სადაც ვიმუშავებთ, არასდროს გვქონია. ერთად მაშინ ვართ, როცა დიდ შეკვეთას ვღებულობთ, თორემ ძირითადად
სახლებიდან ვმუშაობთ.
გიორგი: ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სტუდია გავაკეთოთ. რთულია ადამიანები დაარწმუნო იმაში, რომ საბავშვო მულტფილმების კეთება, აუცილებელია. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ტექნიკა და ადგილი, სადაც შევიკრიბებით.

-მხატვრისა და მსახიობის ერთად მუშაობა რა პროცესია?
გიორგი: ძალიან სახალისო პროცესია! ხატვა არ მეხერხება. ამიტომ, დავჯღაბნი რაღაცას და კემო ზუსტად ხვდება, რა გვჭირდება. ერთმანეთსაც ხშირად ვხატავთ და მგონია, რომ კემოს ბოლო კარიკატურა კარგი გამომივიდა.
კემო: გიორგიმ ინტერვიუს ჩაწერის პროცესში რაც დახატა, იცით რა არის? ქვის ხანის ადამიანები ბიზონებს რომ ხატავდნენ კედლებზე, თუმცა ყოველთვის ვხვდები, რა სჭირდება.

-კემო, გიორგი მარშანიას საზოგადოება კარგად იცნობს. თქვენზეც გვიამბეთ.
კემო: 2007 წელს სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ბევრ ჟურნლ-გაზეთში მაქვს ნამუშევარი. სამწუხაროდ, კარიკატურის როლი ქართულ პრესაში ძალიან შემცირდა. საბდნიეროდ, უცხოური გამოცემების გარდა, 4 წელია სტუდია ,,ველოსიპედთან“ ვთანამშრომლობ.

გიორგი: სტუდია ,,ველოსიპედის“ გუნდი პატარებს ვპირდებით, რომ ჟოზე კიდევ უფრო კარგ სიმღერებსა და მულტფილმებს შესთავაზებს. აუცილებლად გვინდა, ,,დათუნია დრუნჩა“ დავასრულოთ, რაც ძალიან კარგი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი-მიუზიკლი იქნება. გარდა ამისა, უამრავი გეგმა გვაქვს, რომელზე საუბარიც ჯერ არ გვინდა, თუმცა გპირდებით, რომ საქართველოში საბავშვო ანიმაცია აუცილებლად იქნება, რომელიც პატარებს ძალიან სჭირდებათ.