მთავარი აქტუალური თემა მუზეუმი გიორგი ლეონიძის სახელობის სახლ-მუზეუმი

გიორგი ლეონიძის სახელობის სახლ-მუზეუმი

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს, სოფელ პატარძეულში. მამა, საზოგადო მოღვაწე, ნიკოლოზ ლეონიძე, სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. სოფელში, შიოს ტაძარის მოძღვარი იყო. პატარძეულზე უსაზღვროდ შეყვარებულმა გიორგი ლეონიძემ, საკუთარ სოფელს არაერთი ლექსი მიუძღვნა. სახლში, რომელიც მის სახელსა და უამრავ მოგონებას ინახავს, გოგლა ლეონიძის ძმის, ლევანის ოჯახის წევრმა გვიმასპინძლა.

,,გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს ძირითადად სკოლები სტუმრობენ. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გოგლაობას ვმართავთ ხოლმე. ამ დროს წერალთა კავშირიც გვსტუმრობს. ვაწყობთ ღონისძიებებს და ვუშვებთ ფილმს, სადაც ნაჩვენებია, როგორი იყო ის 60 წლის იუბილეზე და საერთოდ, როგორ ცხოვრობდა. გარდა ამისა, ,,ნატვრის ხიდანაც“ იდგმება ნაწყვეტები”- გვიყვება ლეონიძეების რძალი, სახლ-მუზეუმის მენეჯერი, დარეჯან ლეონიძე.

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი პირველ რიგში მის სახელს, შემდეგ კი იმ ექსპონატებს ინახავს, რომელსაც გოგლა სიცოცხლეში იყენებდა. ორი კუპიურა, გოგლას კოსტიუმში მაშინ აღმოუჩენიათ, როცა მის შვილიშვილს, ნესტანის შვილს, გოგლიკა ქავთარაძეს მუზეუმისთვის უჩუქებია.

გოგლას მამა, ნიკოლოზი სასულიერო პირი იყო. პატარძეულში, შიოს ტაძარში მსახურობდა და იმავე ეზოშია დაკრძალული. დოკუმენტი, საიდანაც ვხვდებით, რომ ვიღაც პატარძეულელს ჯვრისწერაზე ნებას რთავს, მუზეუმშია დაცული, რომელსაც მოძღვრის ბეჭედი და ხელმოწერაც ახლავს თან.

,,გოგლას ძმა, ლევანი 1937 წლის 5 ოქტომბერს დახვირტეს. ეს იმ დღეს მოხდა, როცა მისი შვილი, ჩემი მამამთილი დაიბადა“ – გვიყვება დარეჯან ლეონიძე.

გოგლა დაოჯახებამდე ლელი ლორთქიფანიძეზე ყოფილა შეყვარებული. ლელის ოჯახს გოგლა, როგორც ხელმოკლე ოჯახის შვილი, სასიძოდ დაუწუნებიათ და სხვა კაცზე გაუთხოვებიათ. ლელის თავი მოუკლავს, თუმცა რატომ, ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ამის მერე გოგლას ცოლად ეფემია გედევანიშვილი შეურთავს.

გიორგი ლეონიძე 1966 წელს გარდაიცვალა. მის დაბადების დღეს, 27 დეკემბერს პატარძეულში ყოველთვის აღნიშნავენ. გოგლა ლეონიძის სახელობის სკოლა ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებსაც მართავს. როგორც დარეჯან ლეონიძემ აღნიშნა, მუზეუმს საგარეჯოდან კულტურის განყოფილება და მწერლებიც სტუმრობენ.

სუფრა, გოგლას ძმის მეუღლეს, გერმანელ მარია ხოფმანს, თავის ხელით მოუქარგავს. ლევანს რომ გაუცვნია, გათხოვილი ყოფილა და საქართველოში წამოჰყოლია. შვილები კი უცხოეთში დაუტოვებია. აპირებდა ჩასვლას და წამოყვანას, მაგრამ ვერ მოუხერხებია. გერმანელი ქალი პატარძეულს ძალიან კარგად შეწყობია და მარო ბაბოც გამხდარა.

,,თურმე მარია ხოფმანს, შუა აზიაში ასახლებდნენ და გოგლას ერთადერთი რაც მოუხერხებია, ჩემს მამამთილზე ფეხმძიმე მარია მატარებლიდან ჩამოუსვამს და პატარძეულში გადაუსახლებიათ. გოგლა რძალს, მარიას ძმის შვილების გაზრდაში ძალიან ეხმარებოდა. ამბობენ, რომ მარია მეუღლეს ბოლო წუთამდე ელოდა. ლევანი საკანში რომ შეუყვანიათ, ფეხები სულ დამტვრეული ჰქონია. ცოლისთვის კი მიუწერია, კარგად ვარ და ჩემზე არ ინერვიულოო“ -გვიყვება დარეჯან ლეონიძე.

გოგლამ ილია ჭავჭავაძის და სხვა სახლ-მუზეუმებთან ერთად, თბილისში ლიტერატურის ისტორიის მუზეუმი დაარსა, რომელსაც შემდგომში მისი სახელი მიენიჭა. ნიკო ფიროსმანის სურათები მოუპოვებია და უსასყიდლოდ მუზეუმისთვის გადაუცია. ფიროსმანის საფლავიც საკმაოდ დიდხანს უძებნია.

,,გოგლას ძმა, ლევანი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან აუყვანიათ. ეზოში მუშაობდა, როცა ლავრენტი ბერიას ჩამოუვლია. ეს კიდევ ცოცხალიაო, უკითხავს და იმ დღესვე დაუკავებიათ“ – გვიამბობს დარეჯან ლეონიძე.

გოგლას ეზოში ზუსტად ასეთი მაგიდა და სკამები ჰქონია, რომელიც წლებთან ერთად გაფუჭებულა და მის ძმის შვილს ახლები დაუმზადებინებია. ეს ის ადგილია, სადაც სტუმართმოყვარე გოგლა მეგობრებს მასპინძლობდა.
გოგლას თუთის ხე ძალიან ჰყვარებია. შემოჯდებოდა თურმე და წერდა.

,,სახლში, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული, ჩემი მამამთილი, გოგლას ძმის სეხნია, ლევანი ცხოვრობდა. გიორგი ლეონიძე რომ გარდაიცვალა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.“ – ამბობს დარეჯან ლეონიძე.

ვაჟა-ფშაველას მამა გიორგი ლეონიძის მამის მეგობარი ყოფილა. გოგლას რომ გაუგია, ვაჟა თბილისში სტუმრად ჩამოდისო, მისთვის ლექსი დაუწერია, მაგრამ იმდენად მორიდებული ყოფილა, თავად გადაცემა ვერ გაუბედავს და მეგობრისთვის, ვინმე კოტე ჭრელაშვილისთვის გაუტანებია. ვაჟა-ფშაველას ლექსი ისე მოსწონებია, უთქვამს – ამ ბალღს ვეფხის მომავალი აქვსო და საპასუხოდ ლექსიც მიუძღვნია.

გოგლას ორი გოგო, ნესტანი და თინათინი ჰყავდა. ორივე გარდაცვლილია. შვილიშვილები, ორივეს გიორგი, ერთი ქავთარაძე, მეორე გვინჩიძე ჰყავს. ორივე თბილისში ცხოვრობს. გიორგი გვინჩიძეს სახლში მუზეუმიც ჰქონია.
გოგლა პატარძეულზე ძალიან ყოფილა შეყვარებული. სოფელში წყალი და სინათლეც მას შეუყვანია. თუ კი ვინმეს რამე უჭირდა, სიაც ჰქონია ჩამოწერილი და ყველას ეხმარებოდა თურმე.

,,ჩემი მეუღლე, გიორგი რომ უნდა დაბადებულიყო, გოგლას სურსათით დატვირთული დიდი მანქანა მიუყენებია და უთქვამს, თუ ბიჭი დაიბადება, ვქეიფობთ და თუ გოგო, ჩემი მანქანიანად მივდივარო. ახალშობილი ბიჭისთვის მისი სახელი რომ დაურქმევიათ, სიხარულისგან რა გაეკეთებინა აღარ იცოდა თურმე. ლეონიძეებს გვარის გამგრძელებელი, ჩემი ბიჭი ლევანი ჰყავთ. გოგლას ძმას დაუბარებია, ძალიან გთხოვთ ლეონიძეების გვარიდან ჩემი სახელი არ წაშალოთო“ -იხსენებს ლეონიძეების რძალი.

თურქეთში ლეონიძეების სოფელი დღესაც არის. გოგლას სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან სდომებია იქ ჩასვლა. შემდეგ კი მისი შვილიშვილი, გიორგი ქავთარაძე წასულა, მოუნახულებია და კვლევებიც დაუწერია.