მთავარი სოციალური ცხოვრება პიროვნება გიორგი ყიფშიძე: „ყოველთვის უნდა სცადო, რომ ერთხელ მაინც გაგიმართლოს“

გიორგი ყიფშიძე: „ყოველთვის უნდა სცადო, რომ ერთხელ მაინც გაგიმართლოს“

სიყვარული და კომფორტი მიყვარს, „ზომიერი ეგოთი“ დაჯილდოებული ადამიანი ვარ.

ძალიან მტკივნეული სიკვდილის მეშინია. წლების მატებასთან ერთად, რატომღაც, ამაზე უფრო ხშირად ვფიქრობ.

ვცდილობ, კარგ მსახიობად მიმაჩნდეს თავი. ადამიანი სრულყოფილებას ვერასდროს მიაღწევ, თუმცა ამის მიღწევის მცდელობა უკვე კარგია. მებრძოლი ხასიათიც მაქვს.

ყველა როლი მეამაყება, რაც მითამაშია, განსაკუთრებით – მერკუციო („რომეო და ჯულიეტა“).

რომანტიკა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ყველაზე მთავარი კომპონენტია, რაც ახალგაზრდობას მოაკლდა, თუნდაც – ეროტიკულ-სექსუალური თვალსაზრისით: პირდაპირ „ყველაფერს შვრებიან“. არადა, პრელუდია და რომანტიკა ყველაზე მთავარია. მე თუ მკითხავთ, ლიტერატურა და საერთოდ, ხელოვნება რომანტიკაზეა დაყრდნობილი…

საკუთარ თავში ყველაზე მეტად ერთგულება მომწონს. მჯერა ყველაფრის, რასაც მპირდებიან. ძალიან ადვილად დამყოლი და მიამიტი ვარ.

ძალიან მინდა ბევრი ფული მქონდეს – იმდენი, რამდენიც მე და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ყოველგვარ მატერიალურ საზრუნავს დაგვავიწყებს.

ხშირად მსაყვედურობენ, რომ უპასუხიმგებლო ვარ – აგიხსნით, რა თვალსაზრისით: მაგალითად, როცა ვინმე ჩემზე ნერვიულობს, თუ სად ვარ, არ ვდგები და არ ვურეკავ. დღეს რომ სადმე, ნახევარკუნძულზე დავიძინო, შეიძლება, ხვალ თბილისში გავიღვიძო. უკონტროლო ხასიათი მაქვს. ჰიპი ვარ და ნაუცბათევი გადაწყვეტილებების მიღება მიყვარს.

დაკვირვებულობა ჩვენი პროფესიის განუყრელი კომპონენტია, რითიც  პერსონაჟებს ვქმნით. მიჩვეული ვარ, რომ ადამიანებს, მათ ქცევებს დავაკვირდე და შესაბამის დროსა და სიტუაციაში შესაბამისი ადამიანური თვისება გამოვიყენო, რაც კონკრეტული პერსონაჟის „გამოძერწვისას“ გამომადგება.

ვრისკავ, როცა გასარისკია – როცა ვხედავ, რომ უფრო მეტის მოგებაა შესაძლებელი, თუმცა ჯერჯერობით, ჩემს რისკს არ გაუმართლებია. ყოველთვის უნდა სცადო, რომ ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც გაგიმართლოს.

ჩემმა აღმზრდელმა (თეატრალურ უნივერსიტეტში) – გოგი მარგველაშვილმა მითხრა: სცენა მდედრობითი სქესის არის და არასოდეს უღალატო, თორემ, ხელის შემობრუნება ისე მტკივნეულად იცის, რომ მთელი ცხოვრება ინანებო.

როცა სცენაზე ავდივარ, ვცდილობ, ჩემს საქმეს ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოვეკიდო. სცენა შესაბამისად რეაგირებს, შესაბამის ენერგიას გვაწვდის. უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას საშინელი უპასუხისმგებლობით გვიბრუნებს, მაგალითად – ცუდი რეცენზიების სახით..

ზაფხულობით ბარმენად ვმუშაობ. ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს უკვირს, ზოგს – უხარია, ზოგიც – ამ ფაქტის გამო შემოდის კაფეში… მოკლედ, სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ.

ჩემს შესახებ ხალხმა ის არ იცის, რაც არ უნდა იცოდეს.

pepper.ge

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი