მთავარი პიროვნება გიორგი გილიგაშვილი: „მსურს, საკუთარ ვნებებს ვაკონტროლებდე“

გიორგი გილიგაშვილი: „მსურს, საკუთარ ვნებებს ვაკონტროლებდე“

ლექსებს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან გარკვეული თვალსაზრისით, ცხოვრება ლექსს წააგავს. პოეზიაა მთელი ცხოვრება, მით უმეტეს – ნიჭიერი კაცის ხელში…

და რაც კი ვწერე ოდეს იყო თუ ჩემი ნება,
ჩემს დაწერაში ჩაერია თავად განგება.
ლექსი ჩემია, თუ ვერ ამჩნევთ წერის მანერით,
რა დამრჩენია? ავტორობას ვიტყვი გრანელით…
შემოქმედმა ადამიანი შექმნა და მას შემოქმედების უნარი მისცა – ისიც შემოქმედი გახადა…

მსურს, საკუთარ ვნებებს ვაკონტროლებდე, მათზე ვმეფობდე. წყობილებიდან რას გამოვყავარ, ეს რომ გითხრათ, ჩემს სისუსტეს საჯაროდ გავამხელ და ჩემმა მზემ, ვინ იცის, სად ვინ დამამარცხებს ამ ვნებით?.. ასე რომ, ამას საიდუმლოდ დავტოვებ. უფალმა იცოდეს, რა გამომიყვანს წყობილებიდან…

სიყვარული თავად ღმერთია. ეს გრძნობა ისეთი დაუტეველია, რომ ადამიანი ვერ ახსნის. თუ მაინც ახსნა და თქვა, რა არის სიყვარული, მასში უკვე საღვთო, ნათელი ენერგია იქნება…

დროის მანქანა რომ მქონდეს, ეპოქას არ დავტოვებდი, რომელშიც არ ვიმოგზაურებდი. უამრავ ადამიანს შევხვდებოდი: ისტორიულ პირსა თუ მეამბოხეს, შეწირულსა თუ წმინდანს, თავდადებულს, მეფეს, დედოფალს, მწიგნობარს, მემატიანეს, წმინდა მამებს, მოციქულებს… ჩემმა მზემ, წარმოვიდგენ, იესოს ეპოქაში რომ დავბრუნდე და სასწაულები თავად ვიხილო. ნუთუ გავითავისებ და პეტრეს მსგავსად, არ უარვყოფ? ისეთი წამოუდგენელია ის საუფლო სიმაღლე და სიმდაბლე – ამხელა გალაქტიკის შემქმნელი უფალი მონის სამოსით, ადამიანის ხორცით იმოსება და შენს გვერდით დადის, ცხოვრობს, რომ ადამიანის შემეცნებისთვის ეს დაუტეველია.

„მელანქოლია“ საოცარი სიტყვაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, შეიძლება, ადამიანი მტკიცე და ვიღაცისთვის მკაცრი პიროვნება იყოს, მას საოცრად დიდი მელანქოლიაც თან სდევდეს. ეს საოცარი, სათნო გრძნობაა. ვიღაც სისუსტედ აღიქვამს, მაგრამ პირადად მე, უბრალოდ, ადამიანის სამკაულად უფრო მივიჩნევ. ჩემს ფიქრში, მელანქოლიას თან სდევს სევდა და ლირიკული მუსიკა, რაც ადამიანს ალამაზებს და კიდევ უფრო აადამიანებს…

მუშტი-კრივის ასაკი გამოვიარე. თავდაპირველად, კლასიკური კრივით დაინტერესებული გახლდით. შემდეგ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებას ვეზიარე. რამდენჯერმე რვაკუთხედშიც (ბრძოლა წესების გარეშე) მიჩხუბია. სამწუხაროდ,  „ქუჩური ჩხუბიც“ არაერთხელ მქონია. ყოველ შემთხვევაში, ეს საკვეხარი არ არის. საბედნიეროდ, რაც მახსენდება, ისეთი მიზეზების გამო მიჩხუბია, რომ საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად ვამართლებ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ გავამართლო… როგორი მოჩხუბარი ვარ, უფალმა იცოდეს. არც არავისზე მეტი ვარ, მაგრამ „ვინ იცის, ჩუმად რას ჩურჩულებს, რას ფიქრობს მტკვარი…“

პავლე მოციქული ამბობს: „მბაძვიდეთ მე, ვითარცა ქრისტეს“. ასე რომ, სამაგალითო თვისებები, ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ სრულყოფილი არავინ არსებობს. ამ შემთხვევაში, ვამბობ, რომ ჩემთვის სამაგალითო მამაჩემია, ოღონდ – იმიტომ არა, რომ ტრაფარეტულად, „მამაჩემი“ უნდა ვთქვა. მართლა მამამეჩემია სამაგალითო – თავისი კაცობით, სიმართლით, ცხოვრების წესით… ეს გახლავთ თავმდაბალი კაცი, რომელიც პოლიციურ სისტემაში მუშაობს და საოცრად სათნო, მოწყალე, სამართლიანია. ის ამბობს: მამა ყოველდღე მიმეორებდა,  – შვილო,  ჯობია, 10 მტყუანი გაუშვა, ვიდრე ერთი მართალი ადამიანი დაიჭიროო. მამაჩემი ამ სიბრძნით აღიზარდა. „ჩემი ცხოვრება უანკარეს ღვინის ფერია…“ – გალაკტიონის ეს სიტყვები მამაჩემის ცხოვრებას მაგონებს.

დაუფასებელი სიკეთე? მამა იოსებ ხოხონიშვილი ჩემი უმცროსი ძმის ნათლია გახლავთ. სხვათა შორის, თავის დროზე პოლიციის უფროსი იყო. დღეს საყვარელი და ერთ-ერთი სამაგალითო მოძღვარია. მას ერთი ასეთი ლექსი აქვს დაწერილი:
„ბედმა მარგუნა, მეცა მხვდა წილად,
ვისაც ჩავაცვი, გამხადა იმან,
ვინც გამოვზარდე უბეში შვილად,
გადაქცეულა გველის წიწილად.“

სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემს ცხორებაში არ მომხდარა ისე, რომ ვისაც ჩავაცვით, მან გაგვხადა, ვინც უბეში გამოვზარდეთ, გველის წიწილად გადაიქცა… უფალმა შეგვინდოს, თუ მსგავსად მოვქცეულვართ. სხვა სათქმელი არ მაქვს…

ჩემი ბევრი თვისება არ მომწონს. ვცდილობ, აღმოვფხვრა… კონკრეტული, რაც პირველად გამახსენდა, ის არის, რომ როცა ვიღვიძებ, მაშინვე საკუთარ თავზე ვფიქრობ და არა სამშობლოზე, მოყვასზე…

როდესაც წმინდა გიორგის ხატი ვიხილე, ცხენის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება გამიჩნდა. შემდეგ ისტორიაც წავიკითხე… ცხენი მნიშვნელოვანი საბრძოლო „ატრიბუტი“ იყო. მის გარეშე, წინათ „კაი ყმა“ წარმოუდგენელი გახლდათ. ასე რომ, „ცხენოსნის“ აღქმა და გაგება ჩემთან „ახლოს“ არის – ისტორიულადაც და გენეტიკურადაც, რადგან ჩემი წინაპრებიც მეომრები იყვნენ… ბევრჯერ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ – ცხენიც დამიშავებია და საკუთარი თავიც. მაგალითად, მთის ფერდობზე ცხენს ფეხი დასცურებია და სადღაც ხევში ჩავჩეხილვართ. ერთ-ერთი ინციდენტი ბავშობაში შემემთხვა. არ ვიცი, ეს ცხოველი რამდენ ხანს ცოცხლობს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ახლა თამაშა (იმ ცხენს ასე ერქვა) ცოცხალი იყოს, ტკბილი სიბერე ჰქონდეს და თავლაში თივას მიირთმევდეს…

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პარკურით გატაცებული გახლდით. რამდენიმე ვიდეოც მაქვს, თუ როგორ ავდივარ კედლებზე და სახურავიდან ვხტები. „როლიკების“ პერიოდიც მქონდა – ფაქტობრივად, „როლიკებს“ ფეხსაცმელებივით ვხმარობდი… შემდეგ მოტოსპორტით დავინტერესდი, მაგრამ ერთხელ დავიმტვერი. დედაჩემმა გაიგო. ამხელა ვარ და დედის ხათრით, სპორტის ამ სახეობაში ვეღარ ჩავები. მერე ველოსიპედით გატაცებული გახლდით… ბოლო დროს, ლონგბორდზე „გადავედი“. „ცისარტყელას ლონგბორდი“ მაქვს – მეგობარმა მაჩუქა და ასე ვეძახი…

ჩემს შესახებ ხალხმა ბევრი რამ არ იცის. მაგალითად, ბავშვობაში მთვარეზე გაფრენა მსურდა და ახლაც მინდა. ერთ ქალბატონს – მის ფაიფერს შევხვდი,  რომელმაც კოსმოსში 2 კვირა დაჰყო. საოცარი ქალი იყო! კოსმოსში გასული ადამიანის აურა მაინტერესებდა. მინდოდა, იმ ქალბატონის თვალებში ამომეკითხა, რომ იმაზე მეტი შეიცნო, რაც ჩვენ გვინახავს. მოგეხსენებათ, არმსტრონგი და გაგარინი კოსმოსში რომ გაფრინდნენ, უკან დაბრუნების მერე, უფრო მეტად მორწმუნეები გახდნენ… ქალბატონს მართლა საოცარი, სხვაგვარი სიმდაბლე და ის სიმაღლეც ჰქონდა, რაც მისი თვალსაწიერიდან გამომდინარე შემეძლო, რომ შემეცნო. ვისურვებ, მეც დავინახო, რაც მან იხილა. სხვა წვეროსანმა ძმამ ჰკითხა, უფლის თუ სწამდა. ქალბატონმა უპასუხა: – მეტ-ნაკლებად რელიგიური და მორწმუნე ვარ, მაგრამ ვამბობ, რომ სამყარო უფლის შექმნილიაო. მისი ნათქვამი გულზე სალბუნად მომეფინა, გამიხარდა… ასე რომ, მეც არ გამოვრიცხავ, კოსმოსში გავფრინდე. ახლა ფინანსური (და არა მხოლოდ) დაბრკოლებებია გადასალახი, რომ NASA-ს მივმართო – უბრალოდ, ღია კოსმოსში „წავიდე“, იქიდან ჩემს ლამაზ დედამიწას 1 ლექსი დავუწერო და ჩამოვიდე.

ალკოჰოლური სასმელი ზომაზე მეტი დამილევია. ალბათ, ამ დროს მეც ისეთი ვარ, როგორიც ყველა ბახუსმორეული – სიყვარულით სავსე… გრძნობების გამოაშკარავების სიფხიზლეშიც არ მერიდება. სიმთვრალეში დიდად არ ვიცვლები – უბრალოდ, მზერა ცოტათი მეცვლება…

ახალ წელს ჩემს ლამაზ ოჯახთან ერთად ვხვდები ხოლმე. დედა ჩამოგვივლის და გოზინაყით ტკბილად „დაგვაბერებს“. შემდეგ ერთმანეთს ჩავეხუტებით. მეკვლეები, სტუმრები მოდიან… მერე მეგობრები ქალაქში გავიფანტებით… ჩემმა მზემ, უძილო ღამეების კასკადია… მადლობა უფალს, ახლა ახალ წელს რომში, იტალიაში მცხოვრებ ქართველ და-ძმებთან ერთად ვხვდები. ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა ახალი წლის დღესასწაულს ოჯახთან ერთად არ ვიქნები.

ავტორი: ეთო ყორღანაშვილი

pepper.ge