მთავარი აქტიური ცხოვრება ბიზნესი ქართული ფუტკარი გრძელი ხორთუმით ფასობს

ქართული ფუტკარი გრძელი ხორთუმით ფასობს

საქართველოში მეფუტკრეობა საკმაოდ გავრცელებულია. ფუტკარი ძალიან ბევრს შრომობს. სავაჭრო ბაზარზე მისი თაფლი, რძე, და შხამიც კი დაფასებულია. საწარმო – „მუშა ფუტკარი“ უკვე 2 წელია, ფუტკრის მოშენებას ახდენს და დარგის განვითარებასაც ხელს უწყობს.

სოფელ კუხში (ხონის რაიონი) ბავშვობის მეგობრები – კონსტანტინე ლომთაძე და ვარლამ ბენიძე ფუტკრის 350-მდე ოჯახს ფლობენ. მათ ეს საქმე ბავშვობაში, ბაბუებისგან ისწავლეს, რომლებიც აქტიური მეფუტკრეები იყვნენ. „ – ბაბუას 400-ზე მეტი ოჯახი (სკა) ჰყავდა. იმდროინდელი სკები დღემდე შემონახული გვაქვს. ალბათ, გენეტიკურად მოგვდგამს, რომ ბაბუის წამოწყებული საქმე ძალიან კარგად გამოგვდის. ამ საქმეში მთავარია, ფუტკრის არ გეშინოდეს და ნაკბენზე ალერგია არ გქონდეს,“- გვიყვება კონსტანტინე ლომთაძე. მეგობრებმა ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. მას შემდეგ, მეფუტკრეობისთვის სხვადასხვა მიზეზით ვერ იცლიდნენ, თუმცა ორი წელია, ეს საქმე მათი ცხოვრების ძირითად ნაწილად იქცა (წელიწადში 1 ტონაზე მეტ თაფლს აწარმოებენ). სავარაუდოდ, ფუტკრის ოჯახების რაოდენობით მალე ბაბუებსაც გაუსწრებენ.

ფუტკრის ერთი ოჯახის ჩამოყალიბებას 1 წელი მაინც სჭირდება. ამის შემდეგ, საწარმო თაფლის დაგროვებას იწყებს. ფუტკრის ოჯახის ჩამოყალიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუციელებელი პირობა ძლიერი დედა გახლავთ. ოჯახის განვითარება და გამრავლება დედის დახმარებით ხდება. ერთ სკაში (ოჯახში) ერთადერთი დედა ჰყავთ. მისი დაკარგვის შემთხვევაში, ოჯახი ნელ-ნელა თვითგანადგურებას იწყებს. თუ ოჯახი გაძლიერდა (გამრავლდა) და სივრცე არასაკმარისი გახდა, ფუტკრები მეორე სადედეს ააშენებენ და ოჯახს აუცილებლად ორად გაყოფენ. ძველი დედა მუშა ფუტკრების ნაწილს დაიტოვებს, დანარჩენები კი – საცხოვრებლად ახალ დედასთან გადავლენ.

ფუტკრის ოჯახებს საწარმოში ხელოვნურად ქმნიან. სკიდან ფუტკრის 4 ჩარჩოს ამოიღებენ. მათგან ორში კვერცხია მოთავსებული, ორში – საკვები (ჭეო-ყვავილის მტვერი). კვერცხებს დედას მიუსვამენ და ძველი სკიდან ისეთ მანძილზე გადაიყვანენ, რომ ახალი სკიდან უკან დაბრუნება ვერ შეძლოს. 3-4 დღის შემდეგ, დედასთან შეგუება დასრულებულია და ახალი ოჯახის შექმნა (გამრავლება) იწყება. დედა დღეში 1500-2000-მდე კვერცხს დებს.

შეჯვარებამდე უმთავრესი ფუტკარი გარკვეულ მანძილზე გაფრენას იწყებს. მამლების გუნდს ეს უყურადღებოდ არ რჩებათ. ყველაზე ძლიერი და სწრაფი მამალი დედას პირველი დაეწევა, გაანაყოფიერებს და მაშინვე კვდება. გაზაფხულზე, როცა განაყოფიერება აღარ ხდება, მამლებს თავიდან იშორებენ და ოჯახებიდან გარეთ გამოდევნიან ხოლმე (მამლები საკვებს არ მოიპოვებენ და მუშა ფუტკრების ხარჯზე ცხოვრობენ. ამიტომ მიიჩნევა, რომ ზედმეტ ადგილს იკავებენ). განაყოფიერებისათვის, საჭიროებისამებრ, მამალს დედა მოგვიანებით თავიდან ჰბადებს.

კვერცხის დადებიდან გამოჩეკვას 21 დღე სჭირდება, რის შემდეგაც ფუტკარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს გადის: თავდაპირველად, ის თოთოა, საკუთარ ჩარჩოში ცხოვრობს და იკვებება, შემდეგ, გარშემო გამოჩეკილ ფუტკრებს ეხმარება და „ძიძის“ როლს ირგებს, ამის მერე გარეთ გამოდის და შესასვლელს დარაჯობს. მოგვიანებით, უკვე წყლის მოტანას შეუდგება, რომ სკაში ტენიანობა შენარჩუნებული იყოს. ასევე, სადაც დედა კვერცხს დებს, იქ ჯერ წყალს დაასხურებენ ხოლმე (საწარმოში ფუტკრებისთვის სკებთან ახლოს მარილიანი წყალია მომზადებული, რომ მწერებმა წყლის მოსატანად შორ გზაზე არ იფრინონ).

საწარმო – „მუშა ფუტკარი“ სეზონზე 50 კგ. ფუტკრის რძეს აგროვებს. „ – ევროპაში ფუტკრის რძეს „სამეფო ჟელეს“ უწოდებენ. მას, სპეციალურ მაცივარში მოთავსებულს, გრამების მიხედვით სხვადასხვა ფასი აქვს. რძე ჯამრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და გონებრივი განვითარებისთვისაც სასარგებლოა. ეს არის მჟავა, რომელსაც ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ. ყველა სხვა თვისებასთან ერთად, ის ადამიანს ენერგიითაც ავსებს,“ – გვითხრა ვარლამ ბენიძემ. რძის მოპოვება ფუტკრების დაობლებული ოჯახის ხარჯზე ხდება. ფუტკრები სპეციალურ ჩარჩოებში სადედეებს აშენებენ, საიდანაც რძე მოიპოვება. ძლიერი ოჯახი ყველა ჩარჩოს გამოაშენებს და დედის გამოჩენას 16 დღე დაელოდება. მე-10 დღეს საწარმოში დედებს ერთმანეთს აცილებენ, რადგან რომელიც პირველად დაბადებას მოასწრებს, კონკურენტების მოცილების მიზნით, სხვა დედების ჭუპრებს გააფუჭებს.

აკაცია

ჩამოყალიბებული ოჯახი ნექტარის მოპოვებას გაზაფხულზე,  ყვავილობისას (ღალიანობისას) იწყებს. ყველაზე ნაყოფიერ და პროდუქტულ ნექტარს ფუტკარი აკაციიდან იღებს (შედეგი თეთრი და გამჭირვალე თაფლია). „ – როცა აკაცია ელევათ, ოჯახები სამთაბაროდ მიგვყავს, ნაწილი – სვანეთში, ლენტეხში (სოფელი წანა), დანარჩენს კი ტყიბულში (სოფელი კისორეთი) ვტოვებთ, სადაც წაბლის მასიური ტყეებია და თაფლი უფრო მუქი ფერის გამოდის,“ – გვიყვება კონსტანტინე ლომთაძე. ფოთლების გარდა, ფუტკრები ნექტარს ხილის ნაყოფებიდანაც აგროვებენ.

ღალიანობის შემდეგ, ფუტკრების გამოზამთრება იწყება. ისინი 11 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისას სკიდან აღარ გამოდიან (ამიტომ სკაში, ქვედა ფენიდან თაფლს ფუტკრებს საკვებად უტოვებენ).

ფუტკრის დედის შესანახი გალია

კონსტანტინე და ვარლამი ფუტკრის შხამსაც აგროვებენ. გარდა ამისა, ფუტკრის დედებს ამრავლებენ და სხვა დანარჩენ ნაწარმთან ერთად ყიდიან. ქართული ფუტკარი გრძელი ხორთუმით გამოირჩევა (6.8-7.2მმ). ყოველწლიურად, მეფუტკრეები დედებს ოჯახის გაძლიერების მიზნით ცვლიან (ოჯახებში სპეციალური გალიებით ჩასვამენ, სანამ სუნთან შეეგუება მოხდება). ერთი ქართული ფუტკრის დედა 25 ლარი ღირს. ქართველი მეფუტკრეებისგან თურქები წელიწადში 60 000–დან 100 000-მდე დედას ყიდულობენ.

სამომავლოდ, კონსტანტინე და ვარლამი საწარმოს ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბებაზე ფიქრობენ. ობიექტზე აპითერაპიის (სკის ჰაერის შესუნთქვა) კურსები ჩატარდება, რაც ასთმური და გულის დაავადებებისთვის ძალიან კარგია (ავსტრიაში ასეთი სამკურნალო კურსები უკვე დანერგილია). ასევე, შუშის სკის დამზადების იდეაც აქვთ, სადაც ფუტკრის ოჯახის მუშაობა და ცხოვრება ნათლად გამოჩნდება.

ფუტკრის დედა თავთან ყვითელი ფერით გამოირჩევა

„მუშა ფუტკარი“ თაფლს მალე სერიულად გამოუშვებს და ფუტკრის რძესთან ერთად, მაღაზიებშიც გაიტანს. მეგობრები იმედოვნებენ, რომ მოგვიანებით ტურისტების ყურადღებას მიიქცევენ და ბევრად უფრო წარმატებულ საწარმოს შექმნიან.

pepper.ge