მთავარი სოციალური ცხოვრება ადამიანები სომეხი ბიზნესმენი პურს გაჭირვებულებს უფასოდ ურიგებს

სომეხი ბიზნესმენი პურს გაჭირვებულებს უფასოდ ურიგებს

უკვე 8 წელია, სტრუნინოს (რუსეთი) სოციალურად დაუცველ მაცხოვრებლებს პურის ფულის შოვნაზე ფიქრი აღარ უწევთ. ამის მიზეზი სურსათის მაღაზიის მფლობელის გულისხმიერება გახლავთ, რომელიც პურს სოციალურად დაუცველებს უფასოდ ურიგებს.

მამუდ შავერშიანი სომხეთიდან რუსეთში საცხოვრებლად 25 წლის წინ გადავიდა. ჯერ ინჟინრად მუშაობდა, შემდეგ კი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. თავდაპირველად, მისი სასურსათო მაღაზია სხვა მაღაზიებისგან არაფრით განსხვავდებოდა. სიტუაცია 8 წლის წინ შეიცვალა, როცა მაღაზიაში შემოსული მოხუცი პურის საყიდლად ხურდას დიდხანს ითვლიდა. მამუდს მოხუცის დახმარების სურვილი გაუჩნდა. მან ერთი ადამიანის დახმარება საკმარისად არ მიიჩნია და რამდენიმე დღეში, დასარიგებლად პურის ტალონები დაამზადა. ადგილობრივ გაზეთში რეკლამაც განათავსა, რომ მისი ქველმოქმედების შესახებ ყველას გაეგო.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მოხუცების გარდა, მალე მამუდმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებსაც გაუწოდა დახმარების ხელი. დღევანდელი მონაცემებით, სასურსათო მაღაზია „ერიკი“ სტუნინოს მოსახლეობისთვის ყოველთვიურად 2000 თეთრ და 1000 შავ პურს გასცემს. პერიოდულად, პურს საბავშვო ბაღებსაც აწვდის. ასეთი სიკეთის მიუხედავად, მამუდს რამდენჯერმე თავისი წარმოშობის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს და გაქურდეს კიდეც…

ბევრს მისი კეთილსინდისიერების არ სჯერა და სახელმწიფოსთან ფარულ კავშირში ადანაშაულებს. ამბობენ, თითქოს მამუდი პურს სახელმწიფოსგან უფასოდ იღებს და ხალხს ამიტომ ურიგებს, ნაწილს კი – თავისთვის იტოვებს. სინამდვილეში, გაცემული პურის ხარჯებს მამუდი თავად ფარავს.

„ – ვინ გვაძლევს უფასოდ პურს? პუტინი!“ – ამბობს მოხუცი კაცი კუპონით ხელში, -პრეზიდენტს გაჭირვებულების დახმარება სურს, ეს ვაჭრები კი ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ფულით გამდიდრებას ცდილობენ…“ მოხუცი ამას ამბობდა და თან, უფასო პურს მამუდისგან იღებდა. სამწუხაროდ, მის აზრს ბევრი იზიარებს.

თუ მაღაზიაში პური შემოაკლდათ ან პურის მანქანამ დაიგვიანა, გაბრაზებული საზოგადოება ყველაფერში მამუდს და მის ცოლს – როზას ადანაშაულებს. ლანძღავენ და სამართალდამცავ ორგანოებთან დაბეზღებით ემუქრებიან. მიიჩნევენ, რომ მამუდმა პური პირადი ინტერესების გამო გადამალა. ერთი თვის წინ, სამწუხაროდ, ერთ მოხუც ქალს პური არ შეხვდა. მან პროტესტი ქვის სროლით გამოხატა. ქვამ მამუდის მაღაზიის ვიტრინა დააზიანა.

როზას აზრით, ბენეფიციარების 10%-ია მადლიერი, დანარჩენები კი ისე იქცევიან, თითქოს პურის დარიგება ვალდებულებაა. რამდენჯერმე მამუდმა და მისმა ცოლმა წამოწყებული საქველმოქმედო საქმის მიტოვებაც გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე ადამიანის მადლიერება შევერშიანების ოჯახს მოტივაციას მატებს.

მამუდ შავერშიანი მადლიერებას არ ელოდება. „ – სიკეთის შეფასება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ხალხს – არა,“ – ამბობს მამუდი. საკუთარ ქალიშვილებს ეუბნება ხოლმე: „ – ადამიანებისთვის უანგაროდ თითქმის არავის გაუწვდენია ხელი და რა თქმა უნდა, მათ ამის არ სჯერათ.“

ზოგი ამბობს, რომ მამუდი ამას ომში გარდაცვლილი ბაბუის პატივსაცემად აკეთებს. გულკეთილ სომეხ ბიზნესმენს გაჭირვებული ადამიანების დახმარება ნამდვილად სურს.

„ – ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ჩემთან არასოდეს მოსულან, – ამბობს მამუდი, – ჩემი საქმიანობა არ დაუფასებიათ, არც მადლობა გადაუხდიათ. ამას არც ველოდები. კეთილ საქმეს ვაკეთებ და სანაცვლოდ არაფერი მსურს.“

სამწუხაროა, რომ კეთილი საქმე ხშირ შემთხვევაში, დაუფასებელი რჩება…