მთავარი აქტუალური თემა სპორტი ფიტნეს ცენტრები და სხეულის ფორმებით უკმაყოფილო ადამიანები

ფიტნეს ცენტრები და სხეულის ფორმებით უკმაყოფილო ადამიანები

საკუთარი სხეულის ფორმებით თუ არასპორტული ცხოვრების წესით უკმაყოფილო ადამიანებისთვის თანამედროვე ფიტნეს ცენტრებში თითქმის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, თუმცა სხეულის კარგ ფორმაში ყოფნა საკმაოდ დიდ ნებისყოფასთან ერთად, დროს და ფინანსებსაც უკავშირდება. დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ვარჯიშისთვის დროის გამონახვა ბევრისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ 24 საათის განმავლობაში მომუშავე ფიტნეს ცენტრების არსებობა საკმაოდ ხელსაყრელია.

ჩვენს ქვეყანაში ტრენაჟორების დარბაზი და საცურაო აუზი, დიდი ხნის განმავლობაში, ერთად ფუნქციონირებდა. სავარჯიშო დარბაზები აუზისგან დამოუკიდებლადაც გვხვდებოდა, თუმცა მომსახურების ფასი ხარისხთან მიმართებაში არაადეკვატური იყო. საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების მქონე და მასშტაბური ფიტნეს ცენტრი (1000 კვ/მ) რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. მას შემდეგ ბაზარზე კიდევ რამდენიმე ფიტნეს ცენტრი გაჩნდა.

ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ფიტნეს ცენტრები მომსახურების ფასის გაზრდისგან თავს იკავებენ (საშუალოდ, ყოველთვიური გადასახადი 100 ლარია). ამიტომ ახალი ფილიალების დამატებას გეგმავენ. მასშტაბური ფიტნეს ცენტრისთვის ყველაზე დიდ პრობლემას პარკინგის არასაკმარისი ადგილი წარმოადგენს, რის გამოც ახალი ფილიალისთვის ტერიტორიის შერჩევას მარტივად ვერ ახერხებენ.

ძირითადად, ფიტნეს ცენტრებში მსოფლიოში პოპულარული ტრენაჟორები ამერიკიდან ჩამოაქვთ (Precor, Star Trac, Life Fitness). მაღალკვალიფიციურ ინსტრუქტორებზე დიდი მოთხოვნაა. გარდა იმისა, რომ ფიტნეს ინსტრუქტორები მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ, ასევე, მათ სწორ ვარჯიშსა და კვებას ასწავლიან, ზოგჯერ კი ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ.

ინსტრუქტორებს აქტიურობა და სტუმრების მოტივაციაც ევალებათ. ცენტრში წონაში დასაკლებად ან სხვა მიზნით მისული მომხმარებლები, თუკი ნებისყოფა არ ღალატობთ და რჩევებს ითვალისწინებენ, სასურველ შედეგს აუცილებლად აღწევენ. ვარჯიშის დამწყებთა 70% შედეგს მცირე დროში უკვე ამჩნევს და მეტი მოტივაცია უჩნდება. ვარჯიშთან ერთად, სპეციალური დიეტის დაცვაც აუცილებელია. „ – ძირითადად „მუცლის მოცილება“ და ფეხების გახდომა სურთ. ქართული საკვებისა და სუფრების გამო, წონაში მალე იმატებენ. კვების რეჟიმის დაცვა უჭირთ,“ – ამბობს ბოდიბილდერი და ფიტნეს ინსტრუქტორი – ლაშა ილურიძე. მას 3 მოწაფე ჰყავს, რომელსაც ინდივიდუალურად ავარჯიშებს.

ტრენაჟორებზე ვარჯიშის გარდა, კურსები ტარდება: აერობიკაში, სპინინგში, ტაი ბუში, იოგაში და სხვ. ასეთ კურსებს ქართველი და უცხოელი (მაგალითად – ინდოელი, უკრაინელი…) ინსტრუქტორები ატარებენ. ამ მომსახურებით სარგებლობისთვის დამატებითი საფასურის გადახდაა საჭირო.

სისტემატური ვარჯიშით დაკავებული ადამიანი საკვებდანამატებსაც იღებს. პროტეინი, ბისიეი და გლუტამინი აუცილებელია. ორგანიზმში რაც უფრო მეტი ამინომჟავაა, უფრო უკეთ ფუნქციონირებს – სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და პოზიტიურ განწყობასაც იწვევს. დანამატები ჯანმრთელობისთვის საკმაოდ უსაფრთხოა (გარდა ცხიმის მწველებისა, რომლებიც არითმიანი ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათოა). ზოგი ადამიანი აკრძალულ სტეროიდებსაც იყენებს, რაც შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. თუკი ორგანიზმში ლიმფური კვანძი არსებობს, ზრდის ჰორმონის ნემსით შეყვანა კვანძის განვითარებას ხელს უწყობს, პეპციდების (წონის მოსამატებელი, ზრდის ჰორმონისგან ამოღებული ამინომჟავა) მიღებისას სხვა უკუჩვენება კი ჯერ არ დაუდგენიათ.

სწორი ვარჯიშის შემთხვევაში, ორგანიზმში ცხიმი კლებას ძალიან მალე იწყებს, კუნთების მასა კი – ზრდას. ცხოვრების სპორტული წესი ყოველდღიურობა ხდება, რაც სხეულის ფორმებსა და ჯანმრთელ ორგანიზმზე აისახება.

Pepper