მთავარი სოციალური ცხოვრება ფაუნა სტრესს გადარჩენილი თევზები და გამაყუჩებლით გაჯერებული აბაზანები

სტრესს გადარჩენილი თევზები და გამაყუჩებლით გაჯერებული აბაზანები

თევზების გაზრდა, შემდეგ კი გაყიდვა საკმაოდ მომგებიანი და ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა სინამდვილეში ძალიან რთული საქმეა. საქართველოში 26 000 მდინარე მოედინება, მაგრამ თევზის მოშენების კულტურა ჯერ განვითარებული არ არის. საზღვარგარეთ თევზებს ლაბორატორიებში დეტალურად შეისწავლიან. შესაბამისად, ყველა შესაძლო დაავადებას მომზადებულები ხვდებიან. ჩვენთან თევზები თუ დაიხოცნენ, მიზეზი ზოგჯერ გაურკვეველი რჩება.

პრობლემების მიუხედავად, საწარმოები თევზის მოშენებას და რეალიზაციას მაინც ახერხებენ. მდინარე აძურას მიმდებარედ, უკვე რამდენიმე საკალმახე ფუნქციონირებს. ერთ-ერთი მათგანი ისეთი წარმატებულია, რომ საკუთარ საწარმოსაც ფლობს, სადაც თევზის კონსერვებსა და ნახევარფაბრიკატებს ამზადებენ.

ქართველოში, თევზის მოშენება-წარმოების სფეროში განვითარების დეფიციტია. ამიტომ გასამრავლებლად გამზადებული ქვირითი (იმუნიტეტი საგრძნობლად მაღალია) ძირითადად, საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ. გარკვეული დროის შემდეგ, თევზი ქვირითიდან ჯერ თავს და კუდს აჩენს (ქვირითის ყვითელ გულს საკვებად იყენებს). როგორც კი ლიფსიტების წონა 0,5 გრამს მიაღწევს, უკვე ცალკე აუზში გადაჰყავთ. ჯერ შენობაში მზის სინათლეს არიდებენ, ხოლო როგორც კი მათი წონა 5 გრამს ასცდება, ბრილიანტის მწვანეთი ან მარილით გაჯერებულ აუზში ვაქცინაციას უკეთებენ, მერე კი გარეთ – მოზრდილ აუზებში უშვებენ.

აუზებში კალმახების კლასიფიკაცია სწორედ ზომების მიხედვით ხდება. ზოგ აუზში 5000-მდე თევზია განთავსებული, რომელთა წონა 4 კგ-მდეც აღწევს. თითოში ყველა თევზი ერთი ზომის თუ არ იქნება, მოზრდილი კალმახები პატარებს დაჩაგრავენ და საკვების მიღების უფლებას არ მისცემენ. სწორი და დროული კვება ყოველი მათგანისთვის აუცილებელია. სანამ ჭამას შეეჩვევიან, დღეში 7-8-ჯერ აჭმევენ. მოზრდილ თევზებს დღეში 2-ჯერ ჭამა ჰყოფნით. საშუალოდ, ყოველდღიურად  700 კგ-მდე თევზის საკვები იხარჯება (ლიფსიტების საკვები 1 ტომარა 150 ლ. ღირს, ხოლო მოზრდილი თევზების – 80 ლ.).

ვიტამინებით გაჯერებული, 10 სხვადასხვა კატეგორიის საკვები (თევზის ზომის მიხედვით) – Coppens პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოაქვთ. თევზებმა ზომაზე მეტი თუ ჭამეს, მონელება გაუჭირდებათ და დაიხოცებიან. ამიტომ საკვების დოზირებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

აუზებს წყალი 17 მ. სიღრმიდან, დრენაჟების საშუალებით მიეწოდება, რომელიც კუსტარულად დამზადებული კენჭებით სავსე ბოთლებით იფილტრება (გასაფილტრი ხელსაწყო 50 000 ევროზე მეტი ღირს. ამიტომ იაფი საშუალება მოიფიქრეს). ბოთლები წყალს ზედმეტი აირებისგან და ჭუჭყისგან ფილტრავს. აუზებს წყლით დამატებით, მდინარე აძურაც ავსებს, თუმცა მდინარეს ზოგჯერ ნაგავი მოჰყვება. ამიტომ გაწმენდის მიზნით, ტერიტორიაზე თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.

კალმახებს ჟანგბადი ან წყალი თუ დააკლდათ, პანიკა ემართებათ. სტრესის ნიადაგზე იმუნიტეტი უსუსტდებათ და დაავადების შესაძლებლობაც იზრდება. თევზები ბაქტერიებისგან დაუცველები ხდებიან. ყველაზე გავრცელებული დაავადება იხტიოტიროზია. ამ დროს თევზებს ლაყუჩებზე ბაქტერიები უჩნდებათ, რომლებიც სუნთქვის შესაძლებლობას აქვეითებენ. დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, წყალს დამატებით ჟანგბადს სპეციალური მანქანების საშუალებით აწვდიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მეტი ჟანგბადის აუცილებლობა ჩნდება.

როცა თევზის წონა 200-250 გრამს მიაღწევს, მის გაყიდვას იწყებენ (1 კგ. -11 ლ.). რესტორნებში მცირე წონის კალმახი ურჩევნიათ, ხოლო მარკეტებში დიდი ზომის თევზს იბარებენ (დიდს ცხიმიანობაც მაღალი აქვს). მომხმარებლები თევზებს დახოცილებს ან ცოცხლებს ყიდულობენ. დროთა განმავლობაში, კალმახზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება.

ბაზარზე ქვირითზეც მაღალი მოთხოვნაა. კალმახი მდინარეში ქვირითის დასადებად დიდ მანძილს გადის და შესაფერის ადგილს პოულობს. საკალმახეს ტერიტორიაზე ასეთი ადგილი გამაყუჩებლით გაჯერებული აბაზანაა, სადაც თევზიდან ქვირითს ხელის მოჭერით იღებენ. გათიშულ მდგომარეობაში მყოფი თევზები სხეულზე ხელის მოჭერასაც ვერ გრძნობენ და არც სტრესს განიცდიან. საკალმახეში წელიწადში 1 ტონაზე მეტ ქვირითს აგროვებენ (1 კგ. 100 ლარად ფასობს).

საქართველო სუფთა წყლით მდიდარი ქვეყანაა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული იხტიოლოგები წყლის ხარისხითა და საკალმახეში არსებული კუსტარული მოწყობილობებით გაოცებულები რჩებიან.

pepper.ge

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე