მთავარი აქტუალური თემა სოციალური უხარისხო, ჩინური პიროტექნიკის იმპორტს სახელმწიფო არ აკონტროლებს

უხარისხო, ჩინური პიროტექნიკის იმპორტს სახელმწიფო არ აკონტროლებს

მაშინ, როცა ევროპულ ქვეყნებში პიროტექნიკის გაყიდვა რამდენიმე კვალიფიციურ საწარმოზეა ლიმიტირებული, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი ასაფეთქებლებით ვაჭრობა სრულიად აკრძალულია, საქართველოში მაშხალების შემომტანი 50-ზე მეტი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმეა დაფიქსირებული. ჩვენს ქვეყანაში ჩამოტანილი ასაფეთქებლების ხარისხს, სტანდარტებს და პროდუქციის ლიცენზიას სახელმწიფო სტრუქტურები საერთოდ არ აკონტროლებენ.

პიროტექნიკის დამამზადებელი ოფიციალური და სახელგანთქმული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოშიც არიან, მაგრამ ბაზრობებზე თუ ქუჩებში გასაყიდად გამოტანილი უხარისხო პროდუქცია გვხდება (გადამყიდველები ჩინურ პიროტექნიკას რაც შეიძლება, იაფად ყიდულობენ, შემდეგ კი ძვირად ყიდიან). ასეთ ასაფეთქებლებს გამოყენების წესები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის გაურკვეველ ენაზე აწერია.

მომხმარებლების მოლოდინი, რომ ასაფეთქებელი მინიმუმ, 8-ჯერ გაისვრის (როგორც მას აწერია), ხშირად არ მართლდება, რადგან მოწყობილობის შიგთავსი ჩანაცვლებულია. გარდა ამისა, უხარისხო, ფალსიფიცირებული მაშხალის კედლების სისქე დასაშვებზე ნაკლებია. ამიტომ მისი ხელში აფეთქების ალბათობაც საკმაოდ მაღალია. ასეთი ასაფეთქებლების შეძენა 18 წლამდე ასაკის ადამიანებს – მოზარდებსა და ბავშვებსაც თავისუფლად შეუძლიათ.

„ – ჩინეთიდან პიროტექნიკისთვის განკუთვნილი სპეციალური ცეცხლგამძლე კონტეინერის ჩამოტანა 15 000$ ჯდება, თუმცა მოხერხებული ქართველი მეწარმეები შენაძენის გაფორმებისას „ასაფეთქებლის“ ნაცვლად, „მინას“ ან „კერამიკას“ აფიქსირებენ (ამ გზით ჩამოტანა 2 000$-მდე უჯდებათ),“ – ამბობს პიროტექნიკის იმპორტიორი – მუხრან გაგნიძე. იაფად ჩამოტანილი საქონელი საქართველოში ძვირად იყიდება. ასაფეთქებლებს ჩამომტანი კომპანიის სახელწოდება უნდა ეწეროს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არ აწერია. მომხმარებლები ამას თითქმის არასდროს აკვირდებიან.

მომხმარებელები ხშირად იმასაც არ ითვალისწინებენ, რომ მაშხალის ანთების შემდეგ, მისი ხელში დაჭერა სახიფათოა. მშობლები ასაფეთქებლებს სახლებში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ინახავენ, რის გამოც უბედური შემთხვევები ხდება. „ – ყოფილა შემთხვევა, როცა 3 წლის ბავშვს უფროსმა ძმამ ასაფეთქებელი მანეჟში ჩაუგდო, რის შედეგადაც ბავშვმა ხელზე დამწვრობა მიიღო. ეს ფაქტი აღშფოთებას იწვევს. მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ სახლში თოფს შეინახავენ თუ მაშხალას, თითქმის ერთი და იგივეა,“ – ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი – გუგა ქაშიბაძე. ასევე, ბატონი გუგა გვიყვება, რომ მაშხალებს (რომლებიც გასროლისას 150 მ. სიმაღლეზე ადის) ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს უშვერენ ან შიგნით იმ მიზნით იყურებიან, რომ გადაამოწმონ – მაშხალა უკვე ცარიელია თუ კიდევ გაისვრის.

პიროტექნიკის სიმძლავრე კალიბრებით იზომება. მოსახლეობისთვის 3.0 კალიბრამდე მაშხალის მიყიდვა ნებადართულია. 3.0-დან 12-მდე კალიბრის ასაფეთქებლის გამოყენებისთვის უშიშროების სპეციალური ნებართვა და გასროლის ადგილზე, სახანძრო სპეცრაზმის მობილიზებაა საჭირო. მოსახლეობისთვის მიყიდული მაშხალების სიმძლავრეც საკმაოდ მაღალია. ამ ტიპის ასაფეთქებლებს ნაგვის ურნებში ხშირად აგდებენ. აფეთქებისას წნევა იმდენად მაღალია, რომ ურნას სახურავი სძვრება.

იყო დრო, როცა დიდმარხვის ბოლო კვირაში (აღდგომის დღესასწაულამდე), ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ჭიაკოკონობას აღნიშნავდნენ: ქალაქის ქუჩებში კოცონს ანთებდნენ და მასზე გადახტომას ცდილობდნენ. მაშინ დამწვრობის ცენტრებს უამრავი ადამიანი აკითხავდა. შემდეგ ცეცხლის ქუჩაში ანთების გამო, 300-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. ქალაქში ჭიაკოკონობის აღნიშვნა შეწყდა. ალბათ, პიროტექნიკის გამოყენებაც ასეთი გზით უნდა დარეგულირდეს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში „ფეისბუკზე“ პროტესტს გამოხატავს და წერს, რომ 2018 წლის საუკეთესო დღესასწაული ბევრისთვის ცუდად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მას პიროტექნიკის რეგულაციების გადახედვა და გაუმჯობესება სურს. ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად, ასაფეთქებლებით დაშავებულების რაოდენობა იზრდება. ეს ფაქტი ალბათ, პარლამენტის სხვა წევრებსაც აღელვებთ, თუმცა პიროტექნიკის გაყიდვისა და გამოყენების რეგულაციების მიმართულებით, სიტუაცია ჯერ არ გაუმჯობესებულა.

Pepper.ge