მთავარი აქტუალური თემა სოციალური ფერისცვალების დედათა მონასტერი საფრთხის წინაშე დგას

ფერისცვალების დედათა მონასტერი საფრთხის წინაშე დგას

თბილისის ყველაზე ელიტური დასასვენებელი და თანაც, ისტორიული ადგილი შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაა. ფერისცვალების დედათა მონასტერი ზუსტად ამ ტერიტორიას ამშვენებს. მისი მაცხოვრებლები სტუმრებს კარს თავაზიანად უღებენ.

ტაძრის ტერიტორიაზე შესვლისას საოცარი სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო დაგხვდებათ – აქ ყველაფერზე ზრუნავენ. ჭერმის ხე უკვე ხარობს და დედები მისი გვერდის ავლით, ეკლესიაში შედიან. ეკლესიასთან წმინდანების საფლავებია, რომლებიც მონასტრის ისტორიას გვახსენებს.

ამ ტერიტორიაზე მე-18 (1789 წ.) საუკუნეში, მეფე ერეკლეს მეუღლემ – დარეჯანმა სასახლესთან ერთად, წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის ეკლესია ააგო. დარეჯანი აქ 1803 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, რუსეთში გადაასახლეს. მას მერე საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

დარეჯანის აშენებულ სასახლესა და მის კომპლექსში, რომელსაც „საჩინოს“ ეძახდნენ, შემდგომში სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლა ფუნქციონირებდა. 1824 წელს მიტროპოლიტმა იონამ სასახლე ფერისცვალების სახელზე აკურთხა და ამავე სახელობის მამათა მონასტერი დააარსა.

კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მონასტერი დაიხურა. ტერიტორიას სასაწყობედაც იყენებდნენ. 1990 წლიდან ის საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა და დედათა მონასტრად ჩამოყალიბდა.

მონასტერში დღეს 20-მდე დედა ცხოვრობს. ისინი მთელ დღეს მორჩილებაში ატარებენ. 2-საათიან ლოცვებს დილის 5 საათზე იწყებენ. შემდეგ ტრაპეზობენ. საღამოს ლოცვამდე ეზოს უვლიან,  სანთელსა და სეფისკვერებს ამზადებენ. ამ ყველაფერთან ერთად, წიგნებს თარგმნიან და ზამთრისთვის მურაბის მომზადებაც არ ავიწყდებათ.

სასულიერო ცხოვრებასთან ერთად, მოხუცებსა და უიმედო პაციენტებზეც ზრუნავენ. ჰოსპისი, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს, მე-4 კლინიკური ჯგუფის პაციენტებს იფარებს. გვერდით შენობაში მოწყალების დებისთვის სასწავლებელიც არსებობს, სადაც წინათ სწავლა 3 წელი გრძელდებოდა, ახლა კი მოსამზადებელი კურსები ტარდება.

სანამ დედები მორჩილებაში არიან, მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტების ნაკადი არ წყდება. ისინი დედებს ფოტოების გადაღებითა და შეკითხვებით ხშირად აწუხებენ. მონასტრის მახლობლად გასართობი ღონისძიებები ხშირად ტარდება. „ – ერი მორჩილებაში ცხოვრობდა. გლობალიზაციამ ყველაფერი შეცვალა,“- ამბობს დედა ანისიე. მას რამდენიმე წიგნი აქვს ნათარგმნი, მათ შორის –  დეკანოზი ალექსი უნინსკის „შერიგების საიდუმლო“.

დედა ანისიე უკვე 20 წელია, მონასტერში ცხოვრობს. ყველაზე ასაკოვან დედას კი, 30-წლიანი მორჩილების შემდეგ, ჰოსპისში უვლიან. იქ 88 წლის ელისაბედსაც ნახავთ, რომელიც არაჩვეულებრივ განწყობაზე გახლავთ: „ – ჯერ ავდგე და მერე მე ვიცი“, – ხუმრობით გვითხრა 3 შვილისა და შვილთაშვილის დიდმა ბებიამ. მოწყალების სახლში მისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

ეს ისტორიული და წმინდა ადგილი საშიშროების წინაშე დგას: მიწისქვეშა წყლები ეკლესიაში და მის გარშემო ბზარების გაჩენას იწვევს. ამერიკიდან ჩამოსული ექსპერტები დედებს მოახლოებული საფრთხისკენ მიუთითებენ, თუმცა მონასტრის მკვიდრები ტერიტორიაზე მაინც რჩებიან.

მიმდებარე ადგილებიდან დამსვენებლების შეძახილები არ წყდება. შარდენის ქუჩიდან ფეიერვერკებით გამოწვეული საზარელი ხმაური ყოველ ღამე ისმის.

განვითარებული მოვლენები მონასტერში ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. ღმერთის რწმენა დედებს პოზიტიურად განაწყობს და ცდილობენ, ხმაურს ყურადღება არ მიაქციონ.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

pepper.ge