მთავარი შემოქმედება მუზეუმი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ შექმნის იდეა ცნობილ ეთნოგრაფს და ეთნოგრაფიული სკოლის დამფუძნებელს – გიორგი ჩიტაიას გაუჩნდა. შემდეგ მუზეუმისთვის საუკეთესო ადგილის შერჩევას შეუდგნენ. არჩევანი კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე გაკეთდა, სადაც საქართველოს რელიეფის მსგავსად, დაბლობს, გარდამავალსა და მთიან „რეგიონსაც“ შეხვდებით.

ღია ცის ქვეშ მუზეუმი პირველად მე-19 საუკუნეში, შვედეთში დაარსდა. მაშინ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა და ძველი, ტრადიციული ცხოვრების დავიწყება შეინიშნებოდა. მუზეუმში ქვეყნის ყოფა და კულტურა, ასევე – საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. იდეა მოიწონეს და მალე მსგავსი მუზეუმი ნორვეგიაშიც მოაწყვეს. დღესდღეობით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან შვედეთისა და ნორვეგიის მუზეუმები აქტიურად თანამშომლობენ.

თბილისში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 52 ჰექტარ მიწაზე „პატარა საქართველოს“ შექმნა 1966 წელს დაიწყეს. სპეციალური ჯგუფი ქვეყნის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ ავთენტურ, დედან სახლებს ეძებდა. მესაკუთრეებთან გარიგებას აწარმოებდნენ და სახლები მუზეუმში ჩამოჰქონდათ. ყველა ნაწილი ინომრებოდა და შემდეგ, სპეციალისტები მათ სრული სიზუსტით აწყობდნენ. პროცესი 10 წლის განმავლობაში, 1976 წლამდე გაგრძელდა – ამ დროისთვის მუზეუმი სტუმრების მისაღებად უკვე მზად იყო. ამჟამად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში შესვლისას ბებიისა და ბაბუის სიმბოლურ ქანდაკებას შენიშნავთ. ისინი შვილებს ელოდებიან. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართული სტუმარ-მასპინძლობაც იციან – სტუმრებს დიდი სიხარულით ხვდებიან… ქანდაკებასთან მუზეუმის უფროს კურატორსა და ეთნოლოგს – ნოდარ შოშიტაშვილს შევხვდით. „ – ზოგჯერ, როცა სტუმრები მეძებენ, მათ ჩემ შესახებ ეუბნებიან –  სამეგრელოშიაო (ან რომელიმე სხვა რეგიონში). სტუმრებს ჰგონიათ მართლა რეგიონში ვარ და გულზე შემოეყრებათ ხოლმე,“ – ხუმრობით გვითხრა ბატონმა ნოდარმა. ერთად „კახეთის“ მიმართულებით წავედით…

„კახეთში“ გოდერძიშვილების ერდო გვირგვინიანი (დარბაზი – ბანიანი გადახურვით) სახლი დაგვხვდა. ასეთ სახლში რამდენიმე ოჯახი ერთდროულად ცხოვრობდა. ოთახის ცენტრში, კერაზე, გათბობისა და საჭმლის მომზადების მიზნით, ცეცხლი ინთებოდა. დედაბოძზე ამოტვიფრული რიცხვების აღმნიშვნელი ასოები – „წელსა ჩყნგ“ სახლის აშენების თარიღზე (1853 წელი) მიუთითებს. სხვადასხვა სამეურნეო იარაღთან ერთად,  „კახეთის“ ტერიტორიაზე დაახლოებით, 200 წლის კევრიც ინახება, რომლითაც კახელები ხორბალს ამუშავებდნენ. სახლთან ახლოს თონეც შევნიშნეთ.

ბადიაურელ ეკა სოლოღაშვილს პურის ცხობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ის აქ შაბათ-კვირას მუშაობს. მისი ოსტატობის წყალობით, მუზეუმის სტუმრებს ნამდვილი კახური პურის დაგემოვნება შეუძლიათ. თონესთან ცოტა ხნით გავჩერდით და პურიც გავსინჯეთ, თუმცა „კახეთში“ დიდხანს გაჩერების დრო არ გვქონდა – „სამეგრელოში“ გვეჩქარებოდა…

„კახეთიდან“ ბევრი არ გვივლია. ონტოფოელი დავითაიების სახლში შევედით, სადაც ღომი იხარშებოდა. ჩვენთან ერთად ღომს ტურისტებიც მიირთმევდნენ. გარშემო უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი ელაგა. დავითაიების სახლის მეზობლად, ნადარეიშვილების სახლიც ვნახეთ – ოდა ქვის ხიმინჯებზე იყო შედგმული. ინტერიერი ისეთი მოწყობილი დაგვხვდა წუთით ოჯახის წევრების ნახვის იმედიც გაგვიჩნდა. ნადარეიშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრის სევდიანი ისტორია აქ ყველამ იცის: მას იტალიელი გოგო უყვარდა, მაგრამ მათი ურთიერთობა შეუძლებელი აღმოჩნდა (გოგონა კათოლიკე იყო და ვერ შეუღლდებოდნენ). ბერმა გრიგოლ (ბატა) ნადარეიშვილმა განმარტოებულად ცხოვრება დაიწყო. მონასტრიდან ზოგჯერ სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ სხვენში მარტო ყოფნას არჩევდა. საკვებს კალათით ძმისშვილი – 12 წლის რეზო აწვდიდა. ამჟამად, რეზო 85 წლის გახლავთ და ნამდვილ სამეგრელოში შეხვდებით…  სამზარეულოში შესულები 230 წლის თოფს ვაკვირდებოდით, როცა ბატონმა ნოდარმა შეგვახსენა – „გურიაში“ გველოდებოდნენ…

„გურიაში“, კალისტრატე ჩხაიძის ოჯახს ეტყობოდა, რომ ცოტათი შეძლებული იყო: ოთახში ბუხარი დაგვხდა. იმ დროში ბუხრის ხელოსნის დაქირავების შესაძლებლობა ყველას არ ჰქონდა, ის სახლის საყრდენსაც წარმოადგენდა. მე-19 საუკუნეში, ოჯახის წევრები უკვე ცალ-ცალკე ოთახებში, ოდაში ცხოვრობდნენ. მანამდე საქონელიც კი ოთახთან (ტიხარს იქით) ჰყავდათ. გურიიდან ამერიკაში გამგზავრებულ დელეგაციაში ერთ-ერთი ჩხაიძეების ოჯახის წევრიც გახლდათ.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოწყობილი გურიიდან იმერეთში, სოფელ ცხამში, მაისურაძეების ძელურ სახლში გადავედით (სადაც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდნენ). აქ ახალდაქორწინებულთათვის ცალკე საძინებელიც შევნიშნეთ… შემდეგ „სოფელ ქორეთის“ ხის მარანს ვესტუმრეთ: საწნახელი, რომელსაც აქ ნახავთ, 4 ტონა ყურძენს იტევდა. კახურისგან განსხვავებით, იმერული ღვინო უფრო მსუბუქი იყო… ქორეთის მარანთან გაშენებულ ვენახში ბატონ ნოდარს მზესუმზირა დაუთესავს, რომელიც უკვე ამოსულა და ეს მას ძალიან ახარებს. მზესუმზირებთან ყოფნისას აღარ ახსოვდა, რომ „ქართლში“ უნდა წავსულიყავით, რაც ამჯერად, ჩვენ შევახსენეთ…

ვიდრე „ქართლში“ ჩავიდოდით, ერწო თიანეთის ეკლესია,  თამარისა და დავითის სტელა, ქართველი მეომრების საფლავები და აფხაზეთიდან ჩამოტანილი დოლმენი გავიარეთ… დემეტრაშვილების სახლში შედარებით, სიგრილე იგრძნობოდა. ქვის სახლი ნახევრად მიწაში იყო ჩადგმული. სახლის ტერიტორიაზე დემეტრაშვილების კუთვნილ ნივთებსა და დიდ გუთანსაც (სახნის-საკვეთელით) ნახავდით.

ერთი „რეგიონიდან“ მეორეში გადასვლისას, გზაზე ტურისტები გვხვდებოდნენ. ისინი აქ ყოველდღიურად მოდიან. რამდენიმე საათში მათ საქართველოს შესახებ საკმაოდ დიდი წარმოდგენა ექმნებათ. „ – საქართველოში ღვინოზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება. თითქმის ყველა რეგიონში ღვინოსთვის განკუთვნილი ჭურჭელი თუ მისი დამზადებისთვის საჭირო ხელსაწყოები გვხვდება,“ – გვითხრა გერმანიიდან ჩამოსულმა ტურისტმა – იან პოლექსმა. იანი საქართველოში მეგობრებთან ერთად მოგზაურობს.

სტუმრების კომფორტსა და ინფორმირებულობაზე მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი ზრუნავს. 2 წლის განმავლობაში, ნორვეგიელების დაფინანსებით, ტერიტორიაზე მჭედლობას, მეთუნეობას, ფარდაგების ქსოვას, ქვასა და ხეზე კვეთასაც ასწავლიდნენ. პროექტმა პოპულარობა მოიპოვა და როდესაც დასრულდა, ეს საქმიანობა ეროვნულმა მუზეუმმა განაგრძო. ბავშვები სკოლებიდან ხშირად მოდიან და თეორიულ ცოდნას იღრმავებენ. „ – პურს ჯერ ნამგლით ჭრიდნენ, კალოზე მიჰქონდათ და ბოლოს კევრით ლეწავდნენ – ამას ბავშვები თუ არ ნახავენ, მაშინ უნდა დაიზეპირონ,“ – გვითხრა ნოდარ შოშიტაშვილმა.

გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ დასასვენებელ ადგილსაც წარმოადგენს. აქ კაკალი, ვაზი, ნუში, კომში, ხურმა, კარალიოკი, ვაშლი და სხვა ხილი ხარობს. ხეებიდან ხილის მოკრეფა, სოფელში ყოფნის განცდა და სიმშვიდე ქალაქის ცენტრში – ეს ადგილი თბილისიდან „რეგიონამდე“ ყველაზე მოკლე გზა გახლავთ.

pepper.ge