მთავარი სოციალური ცხოვრება ფაუნა გისოსებს მიღმა დარჩენილი ძაღლების ცხოვრება

გისოსებს მიღმა დარჩენილი ძაღლების ცხოვრება

გამვლელ-გამომვლელს გისოსებიდან სევდიან და თან, მოსიყვარულე მზერას აყოლებენ. ზოგი ტერიტორიის დაცვას ცდილობს და ყეფს, ზოგი კი – ყველა უცხო ადამიანში პატრონს ეძებს… თავშესაფარში ფეხს შედგამთ თუ არა, ყეფაც შეწყდება: ძაღლები ერთმანეთს ამცნობენ, რომ სტუმარი ჰყავთ და შეიძლება, რომელიმე მათგანს გაუმართლოს კიდეც – აქ ყველა მზრუნველ პატრონს ელოდება.თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ძაღლები სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან: ზოგი – ქუჩიდან, ზოგი კი თავად პატრონს ხშირად იმ უბრალო მიზეზით მოჰყავს, რომ ძაღლი გაიზარდა და მისი მოვლა გაუჭირდა ან ოთხფეხა მეგობარი ცელქი აღმოჩნდა. „როცა ლეკვი იყო, ცოტას ჭამდა, ახლა კი გაიზარდა და ძალიან ბევრს ჭამს“ , „მისი გასეირნების დრო არ მაქვს და სახლში ისაქმებს…“ – ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ადამიანები, თავშესაფრის კართან ოთხფეხა მეგობრებით ხელში, თავს იმართლებენ.

თავშესაფარში ძაღლის ჩაბარების მსურველთა ვიზიტი არ წყდება. თითოეულ მათგანს კართან აფრთხილებენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ოთხფეხა მეგობრის მიტოვებას. ზოგს თავისი ძაღლი ებრალება და უკან მიჰყავს, ზოგი კი – მეგობარს იმეტებს… ძაღლის დატოვების შემთხვევაშიი, თავშესაფრის თანამშრომლები ეძებენ გზებს, თუ როგორ შეიძლება, რომ ცხოველს პატრონთან განშორების სტრესი შეუმსუბუქონ. აქ ყველა ძაღლს უვლიან და ეფერებიან, განსაკუთრებული სითბოთი კი – პატრონისგან მიტოვებულებს ეპყრობიან.

„ – პატრონის მიერ მიტოვებული ძაღლის ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, ტრაგიკულად სრულდება. რამდენიმე მათგანი დეპრესიაში ჩავარდა და გული გაუსკდა. როცა ოთახში გაზრდილი ძაღლი მოულოდნელად თავშესაფარში, გაშლილ სივრცეში აღმოჩნდება, საჭმლისა და წყლის მიღებას კრძალავს, საკუთარ თავში იკეტება და ზოგჯერ აგრესიულიც ხდება. ეს მაშინ ხდება, როცა პატრონს არასწორად ჰყავს გაზდილი,“ – გვიყვება თავშესაფრის დირექტორი – თეიმურაზ მამოევი.

თაშესაფრის ბინადრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა ოთხფეხა მეგობრის წაყვანის უფლება მხოლოდ იმ ადამიანს აქვს, ვინც გასაუბრებას წარმატებით გაივლის. ამის შემდეგ, თვეში ერთხელ თავშესაფრის თანამშრომლები გაჩუქებული ძაღლების მდგომარეობას ამოწმებენ. თუ აღმოჩნდა, რომ ოთხფეხა მეგობარს დაპირება არ შეუსრულეს, ძაღლს თავშესაფარში აბრუნებენ და ცხოველი ისევ ახალ პატრონს ელოდება.

„ – თუ ვინმეს ძაღლი ტერიტორიის დასაცავად სჭირდება და „პატიმრობაში“ უნდა ჰყავდეს, ასეთ ადამიანებს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს არ ვჩუქნით. მსურველს ძაღლს მაშინ ვატანთ, როცა ვხვდებით, რომ მას ცხოველი ნამდვილად უყვარს და მოუვლის,“ – გვიხსნის თეიმურაზ მამოევი.

ამჟამად, თავშესაფარში 370 ძაღლი, 88 ლეკვი და 2 ქართული მურა დათვი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს:

„ – 5 თვის ქართული ნაგაზი პატრონს აგარაკზე 1,5 მ. სიგრძის ჯაჭვით ჰყავდა დაბმული. ძაღლს უკანა ფეხზე ჯაჭვი დახვევია და ისე გაუქაჩავს, ფეხი მოუტეხავს. ჯაჭვშემოხვეულსა და მშიერს 10 დღე გაუტარებია… პატრონმა ნაგაზი თავშესაფარში მიიყვანა და დატოვა. ცხოველს ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ განგრენა ეწყებოდა. ამიტომ ექიმებმა მისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ქართულმა ნაგაზმა ცხოვრება 3 კიდურით განაგრძო, მაგრამ ვერეს ხეობაში 13 ივლისის სტიქიამ შეიწირა… ხშირ შემთხვევაში, პატრონის მიერ მიტოვებული ძაღლის ცხოვრება ტრაგიკულად სრულდება. როცა ძაღლი პატრონთან წლებს გაატარებს, შემდეგ მისი თავშესაფარში დატოვება გაუმართლებელი საქციელია, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, მაგალითად – თუ პატრონი დაიღუპა და ოთხფეხა მეგობარს მომვლელი აღარ დარჩა…“

ასეთ ამბებს თეიმურაზ მამოევი დიდხანს გვიყვებოდა, პარალელურად კი სატელეფონო ზარებს პასუხობდა, ტელეფონი თითქმის არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, თავშესაფარში ძაღლის დატოვების მსურველი უფრო მეტი იყო, ვიდრე – ოთხფეხა მეგობრის წაყვანის…

ძაღლებს თაშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზეც ნახავთ – ყურზე ნიშნით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოველები სტერილიზებულები არიან. თურმე, ყეფის ხმის გაგონებისას მოდიან – ერთმანეთს ასე ეძახიან, განსაკუთრებით კი – ჭამის დროს. საკვებს მიიღებენ თუ არა, „იშლებიან“ – ყველა „თავის“ უბანში მიდის. ასე მეორდება ყოველდღე, დღეში – რამდენჯერმეც…

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძაღლების ჩხუბი ზოგისთვის გართობისა თუ განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ არც არის გასაკვირი, თუ თავშესაფარში ჩხუბში დაკბენილ ძაღლსაც ნახავთ, რომელიც პატრონს იქ თავად მიჰყავს. თურმე, ძაღლი ბრძოლას თუ წააგებს, პატრონი მიიჩნევს, რომ ის უვარგისია და სასიკვდილოდ გაწირულს ქუჩაში ტოვებს. მიტოვებული ცხოველი თავშესაფარში კეთილ ადამიანებს მოჰყავთ…

 თავშესაფარიდან ჯიშიანი ძაღლის წაყვანის მსურველი არაერთია, თუმცა მეტისსაც ბევრი ახალი პატრონი აკითხავს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ ჯიშიან ძაღლებთან შედარებით, მეტისები რთული პირობების ამტანები არიან და ეზოში თუ აგარაკზე ცხოვრებასაც შეძლებენ.

მოედანზე, სადაც ვოლიერებია განთავსებული, სრული თავისუფლებაა: თავშესაფრის ბინადრებს გარეთ გამოსვლა და ერთმანეთთან თამაში საათობით შეუძლიათ. ასეთი თავისუფლება მათ დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას არ აძლევს. ვოლიერი 30კვ/მ. და 10 მ. სიმაღლისაა. 370 ძაღლიდან 250 მოედნებზე დარბის, დანარჩენების ვოლიერში ყოფნის მიზეზი კი მათი ხასიათია: კავკასიური ნაგაზები სხვა ძაღლებთან კონტაქტში ვერ შედიან. ამიტომ მათზე ზრუნავს ადამიანი, რომელიც ყოველ დილას ვოლიერში მცხოვრები ნაგაზების გასეირნებით იწყებს.

თითო მოედანზე ერთი ძაღლი ლიდერობას ცდილობს და თუ პერსონალი ყურადღებას არ მიაქცევს, არაა გამორიცხული, ბუნტის ჩახშობა მოუხდეს. ვოლიერებში ძაღლებს ჭამა ისე უწევთ, რომ ერთმანეთს ვერ ხედავენ. შესაბამისად, ამ დროს ჩხუბის ხმასაც ვერ გაიგებთ.

აქ ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილსაც ელოდებიან. მის მოახლოებას ადრევე გრძნობენ და კართან ლოდინს იწყებენ. ბატონი თამაზი მანქანიდან ფეხს გადმოდგამს თუ არა, მოფერების მსურველების რიგი დგება. თამაზ ელიზბარაშვილი ვოლიერში ნებისმიერი ხასიათის ძაღლთან შედის და ეფერება.

თოთოეულ ვოლიერსა თუ მოედანზე საკანალიზაციო მილსა და სველ წერტილებს, ლეკვებისთვის განკუთვნილ სახლებში (მეორე სართულზე) კი – ცენტრალურ გათბობასაც ნახავთ.

ამ ეტაპზე, თავშესაფარში 18 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ძაღლების სიყვარულია.

13 ივლისის სტიქიის შემდეგ, პირველ რიგში, რაც თავშესაფარს  სჭირდებოდა, ეს ტერიტორია იყო, სადაც გადარჩენილ ძაღლებს დააბინავებდნენ. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში ჯერ კიდევ ბევრი რამ იგეგმება, მათ შორის – კლინიკის მშენებლობაც, რომელიც ამჟამად, მხოლოდ პირველადი დახმარების ფუნქციას ასრულებს.

Doghome.ge

ავტორი: სოფო ვასაძე