მთავარი აქტიური ცხოვრება სოციალური ელიავას ბაზრობა განაჩენს ელოდება

ელიავას ბაზრობა განაჩენს ელოდება

ქალაქის ეკონომიკის საფუძველს და განვითარების აუცილებლობას მასშტაბური სავაჭრო ობიექტები წარმოადგენს. საქართველოში, ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. თბილისის უდიდესი სავაჭრო სივრცე – ელიავას ბაზრობა მალე შეიძლება, სხვა მისამართზე გადაიტანონ. მოვლენების ასეთი განვითარება მოვაჭრეებს დიდ ზიანს მიაყენებს.

დღევანდელი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე 1995 წელს რამდენიმე მოვაჭრემ ჯიხური ჩადგა. დროთა განმავლობაში, ეს ადგილი ქალაქის მთავარი სავაჭრო ობიექტი გახდა. სარემონტო სამუშაოებისას საჭირო მასალებისთვის თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების საყიდლად ან დასამზადებლად, უმრავლესობა სწორედ ელიავას ბაზრობაზე მოდის. მოვაჭრეთა რაოდენობა აქ სეზონის მიხედვით, 12 000-დან 15 000-მდე მერყეობს.

წელიწად-ნახევრის წინ, მერიის მიერ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, ბაზრობის ტერიტორიაზე განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა წამოაყენეს, რაც ამ ადგილის გამწვანებას და რეკრეაციულ ზონად გადაქცევას ითვალისწინებს. შედეგად მოვაჭრეები მუშაობას თბილისის ზღვასა და ავჭალაში (ცენტროლიტის ტერიტორიაზე) გააგრძელებენ. მესაკუთრეები მიიჩნევენ, რომ მათი გაგდების უფლება არავის აქვს. მშენებლობების შეჩერებამ და მერიის წამოყენებულმა იდეამ მოვაჭრეების შეშინებაც გამოიწვია – ისინი საფრთხეს გრძნობენ და აღელვებულები არიან.

განაშენიანების გენერალური გეგმა განხილვის პროცესშია და სექტემბერში უნდა დასრულდეს. მერია ბაზრობის მიწის მფლობელთა ინტერესებიც გათვალიწინებასაც ცდილობს. ამიტომ ტერიტორიაზე მათი დარჩენის შემთხვევაში, ბაზრობის იერსახის გალამაზებასა და თანამედროვე (მოდერნიზებული) გარემოს შექმნას მოითხოვს. ტერიტორიის იერსახის შეცვლაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ელიავას ბაზრობის მთლიანი ტერიტორია 15 ჰექტარია. მიწა დაყოფილია და მისი 147 მფლობელი სხვადასხვა შპს-ებშია გადანაწილებული. წინათ ყველა მფლობელი ერთი ორგანიზაციის სახელს ატარებდა, მაგრამ 2012 წლიდან, კონფლიქტური ურთიერთობების ფონზე, ცალ-ცალკე შპს-ები შექნეს (17 შპს).

ყველაზე დიდ ტერიტორიას (7.5 ჰექტარი) სავაჭრო ცენტრი „დიდუბე“ ფლობს. 2012 წლიდან მის კუთვნილ მიწაზე მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ მერიის ახალმა ინიციატივამ დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შეჩერება გამოიწვია. „ – მერიას რომ არ გავეჩერებინეთ, ახლა დამატებით 4000 კვ/მ აშენებული გვექნებოდა – ახალ პროექტებზე მუშაობას ვერ ვიწყებთ, ამიტომ უკვე დაწყებულ მშენებლობებს ვასრულებთ,“ – ამბობს სავაჭრო ცენტრის ტექნიკური დირექტორი – ნუგზარ იმნაიშვილი. „დიდუბე“ ელიავას ტერიტორაზე თანამედროვე სტანდარტების მოლის აშენებას გეგმავს. მისმა წარმომადგენლებმა უკვე ააშენეს: სტადიონი, სავაჭრო ობიექტები და რამდენიმე განახლებული სავაჭრო ჯიხური. მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებიც დაამონტაჟეს. ამ ეტაპზე, დაშლილი ავტომობილების ტერიტორიის მოწესრიგებას ცდილობენ (ბადეების ნაცვლად, მოვაჭრეებს 20-ტონიან კონტეინერებს სთავაზობენ). კონტეინერები ერთმანეთზე იქნება დაწყობილი, რათა მოვაჭრეებმა ავტონაწილების სახურავებზე შემოწყობა და ბაზრობის იერსახის კვლავ დამახინჯება ვერ შეძლონ.

ბაზრობაზე ვაჭრობის მსურველი 1 კვ/მ-ში ყოველთვიურად 6-20$-ს იხდის. ფართები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საწყობები ანტრესოლებშიც და სარდაფებშიც აქვთ. ქირას ყოველთვიურად უბნის უფროსი აგროვებს (ვადის გადაცილებისას ზოგჯერ პრობლემასაც არ ქმნის). ქირის გარდა, მოვაჭრეებს დამატებითი გადასახადებიც აქვთ (წელიწადში 2500 ლ.). ბოლო წლების განმავლობაში, სხვა სავაჭრო ობიექტების გახსნასთან ერთად, ელიავას ბაზრობაზე სავაჭროდ შედარებით ნაკლებად დადიან, ამიტომ მოვაჭრეების შემოსავალიც შემცირდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ყოველთვიური გადასახადი მათი შემოსავლის პროპორციული არ არის.

ელიავას ბაზრობაზე შემოსული საქონლის ხარისხი საერთოდ არ მოწმდება. ფასების მიხედვით, მოვაჭრეები კლიენტებს უხარისხოს და ხარისხიანსაც სთავაზობენ, თუმცა უკმაყოფილო მყიდველების რიცხვი საკმაოდ მაღალია. გაყიდული საქონლის წარმომავლობა და ხარისხი ხშირად საკამათო ხდება, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მხოლოდ მოვაჭრეები იღებენ. „ – ერევნიდან შემოსულ ცემენტში რკინის შემცველობა სტანდარტზე ორჯერ მეტია – იჟანგება და შესაბამისად, კედელიც დაშლას მალე იწყებს. აქ ასეთი ცემენტი იყიდება და ამის შესახებ ვინმემ რამე იცის?“ – ამბობს ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე – ოთარ ონეზაშვილი. წლების განმავლობაში, ხარისხის გარდა, ტერიტორიის იერსახის მოწესრიგებაზეც პასუხისმგებლები მხოლოდ მოვაჭრეები იყვნენ.

მოვაჭრეების თქმით, ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე სადაზღვევო კომპანიები საერთოდ არ მუშაობენ (კუსტარულად მოწყობილ ობიექტებს არ აზღვევენ), ამიტომ არც ერთი სავაჭრო ფართი დაზღვეული არ არის. მოვაჭრეებს აფრთხილებენ, რომ ცეცხლმაქრები შეიძინონ. „ – ხშირად ჩემთან მოდიან და მეკითხებიან, – გაზის ბალონი რა ღირსო? ძალიან ბევრმა ცეცხლმაქრის გამოყენებაც არ იცის,“ – ამბობს ცეცხლმაქრებით მოვაჭრე – კახა ჭუმბურიძე. ტერიტორიაზე წყლის 500-ლიტრიანი ბაკებიც დაამონტაჟეს, საიდანაც ხანძრის დროს წყალს ჭურჭლებით მოაგროვებენ.

ბაზრობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსის ბინადრებმა საბურავებით ვაჭრობისგან გამოწვეული ხმაურის და სუნის გამო, საჩივარი რამდენჯერმე დაწერეს. ბოლოს გაიფიცნენ კიდეც. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე სპეციალურად საბურავებისთვის სავაჭრო ობიექტები აშენდა, სადაც მოვაჭრეები იძულებულები იყვნენ, გადასულიყვნენ. მოგვიანებით, კორპუსში საბურავებით ვაჭრობა ისევ განახლდა. ელიავას ტერიტორიაზე დარჩენილი მოავაჭრეები და მოსახლეობა უსამართლო ცვლილებების შედეგად უკმაყოფილოები არიან. საბურავების შესაძენად მოსულ მომხმარებელს შემოსვლის საფასურის გადახდა უწევს, ხოლო მოსახლეობა ისევ იგივე პრობლემის წინაშეა.

პარკირების პრობლემა თითქმის ყველა მოვაჭრეს აწუხებს (შესვლა 3 ლ.). „ – წვრილმანისთვის მოსული მყიდველი მანქანის გაჩერებაში 3 ლარს რატომ გადაიხდის? პირველი ერთი საათი მაინც გახადონ უფასო…“ – ამბობს საბურავებით მოვაჭრე – ზაზა შარანგია. პარკირების გაძვირების შემდეგ, კლიენტების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. სამომავლოდ, ტერიტორიაზე მასშტაბური მიწისქვეშა პარკირების (45 000 კვ/მ) აშენებას გეგმავენ, რომელსაც ამოსასვლელი სხვადასხვა ადგილას ექნება.

წლების განმავლობაში, ბაზრობაზე დაგროვებული პრობლემები იმედია, დაწყებულ განახლებასთან თუ მოდერნიზაციასთან ერთად, წარსულს ჩაბარდება. უსაფრთხოების ნორმები ნელ-ნელა უმჯობესდება – დაწესებულებებში კვამლის სენსორები დაამონტაჟეს… ამ ყველაფერთან ერთად, მოვაჭრეთა გამოკითხვის შედეგად, ერთი რამ გაირკვა: თუკი მერიამ ელიავას ბაზრობის სხვაგან გადატანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მოვაჭრეთა უმრავლესობა ვაჭრობის გაგრძელებას სხვა მისამართზე აღარ აპირებს.

pepper.ge