მთავარი აქტუალური თემა სოციალური ძეგვის თავშესაფარში გატარებული წლები და დაკარგული ინდოელის ამბავი

ძეგვის თავშესაფარში გატარებული წლები და დაკარგული ინდოელის ამბავი

ტრაფარეტს გასცდებით თუ არა, ეზოს კარიდანვე მიხვდებით, რომ აქ ერთი დიდი ოჯახი ცხოვრობს. ბავშვების ჟრიამული ჩვენმა სტუმრობამ დაარღვია. მათთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ფეხი შევდგი თუ არა, გაგვაფრთხილეს – ბუთა არ იკბინებაო! მოხუცი კავკასიური ნაგაზი ქუჩიდან მისულა და ეზოში დაბინავებულა…

თითქმის მთელი დღე თავშესაფარში გავატარეთ. მისაღებში 22 წლის სტუდენტმა – კომუნიკაბელურმა და მხიარულმა ნინო გოგოჭურმა შეგვიპატიჟა. სტუმარს რომ დახვედროდა, უნივერსტეტი გაუცდენია. ხევსურეთში დაბადებული გოგონა 10 წლიდან წყნეთის ბავშვთა სახლში გაზრდილა, ძეგვის თავშესაფარში კი თავშესაფრის დირექტორის – ნანა გოგოჭურის წყალობით მოხვედრილა, სადაც მეშვიდე წელია, 24 წლის დასთან და 19 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ – ჩემი ცხოვრება მხოლოდ თავშესაფრითა და უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება: საქართველოში მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ვახერხებ კიდეც, რომ ვიმოგზაურო. მეგობრებს ჩემთან სტუმრობაც უყვართ,“ – გვითხრა ნინომ. დედის გარეშე ცხოვრება არასდროს გაუპროტესტებია. მხოლოდ გარდატეხის ასაკის გადალახვა გაუჭირდა. არასოდეს დაუმალავს, რომ თავშესაფარში ცხოვრობს, საცხოვრებელი ადგილის გამო ცუდი დამოკიდებულება არავისგან უგრძნია. როგორც ამბობს, ყველაფერი შედარებითია – ამ თავშესაფრის სხვა ბინადრებს მასზე გაცილებით მძიმე ამბები გადახდენიათ თავს…

 30 წლის ვიკა ხანთაძესაც ვესტუმრეთ. ის თავშესაფარში ორ შვილთან – 6 წლის ნიკოლოზთან და 2 წლის ლაზარესთან ერთად ცხოვრობს. აქ ჯერ კიდევ მაშინ დაბინავდა, როცა ძეგვის თავშესაფარს „ბავშვთა სახლი“ ერქვა. მაშინ ვიკა 6 წლის იყო. პირველი შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა, რის შემდეგაც ახალშობილთან ერთად, მარტო აღმოჩნდა. მეორედ ოფიციალურად დაქორწინდა, თუმცა არც მაშინ გაუმართლა – ქმარმა მიატოვა. თუკი ვინმეს სასწაულების სჯერა, ალბათ, ეს ვიკაა: მას  ნიკოლოზის მამა დაუბრუნდა და ცოლობა სთხოვა. დღეს მთელი ოჯახი თავშესაფარში ცხოვრობს.

მოსაღამოვდა. ყველა დირექტორს – ქალბატონ ნანა გოგოჭურს ელოდა… ერთი შეხედვით მკაცრმა, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან სათნო და მხიარულმა ქალბატონმა ნანამ თავშესაფარზე ყველაფერი გვიამბო. მეუღლესთან ერთად, თავადაც აქ ცხოვრობს. საკუთარი შვილი არ ჰყავთ, თუმცა თავშესაფრის დირექტორს უშვილობის განცდა არასდროს ჰქონია. უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა ძეგვის ბავშვთა სახლში მუშაობა დაიწყო. ამბობს, რომ ადამიანებზე ზრუნვა უკვე მისი ხასიათის ნაწილია. „ – უცხო ენების სპეციალისტი გახლავართ. შემეძლო, სამუშაოდ ამერიკაშიც წავსულიყავი, საიდანაც შემოთავაზებაც მივიღე, მაგრამ აქ მყოფი ადამიანების მიტოვებაზე არასოდეს მიფიქრია,“ – გვითხრა ნანა გოგოჭურმა.

ადგილი, სადაც წლების წინ ბავშვთა სახლი იყო, 2004 წლიდან სარეაბილიტაციო ცენტრის და თავშესაფრის სახელითაა ცნობილი. „ – ვინც ბავშვთა სახლში გაიზარდა, ყველა დავაბინავეთ, სახლები ვუყიდეთ. დუხჭირ საქართველოში 97 სახლის ყიდვა ხომ იცით, რა რთული საქმეა? – აღნიშნა თავშესაფრის დირექტორმა.

სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი კი მონაზონი – მარიამ ჯაფარიძე გახლავთ. ცენტრი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, რომელიც მედიკამენტებით თუ სხვა საჭირო, საყოფაცხოვრებო ნივთებით მომარაგებაზე ზრუნავს. მიუხედავად ამისა, შეფარებულების სიმრავლის გამო, თავშესაფარს კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ ჰყოფნის. „ – საპატრიარქოს გარდა, თუ კიდევ ვინმე გამოგვიწვდის დახმარების ხელს, მადლობელი დავრჩებით,“ – გვითხრა ქალბატონმა ნანამ.

აქ არაერთი სტუდენტია დაბინავებული. მათ სწავლის საფასურის გადახდის პრობლემა არასდროს შექმნიათ. თავშესაფრის ბინადართა სწავლა-განათლებას ფონდი – „ამერიკელი მეგობრები საქართველოსთვის“ უზრუნველყოფს.

მიუსაფარი დედები, მოხუცები, ოჯახები… თავშესაფარში 78 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის – 15 ბავშვი. სიმჭიდროვე არ იგრძნობა. ყველას თავისი ოთახი აქვს. აქ მზრუნველობა არავის აკლია. მოდიან და ბინავდებიან, ოჯახდებიან, მრავლდებიან… ასე შეიქმნა ერთი დიდი ოჯახი. მაცხოვრებლებს, რომლებმაც თავშესაფარში წლები გაატარეს და დაოჯახდნენ, მონასტრის სიახლოვეს კოტეჯები გადაეცათ. „ – პატარა „სოფელი“ გვაქვს: თავშესაფარში ქორწილებსაც ვიხდით და ქელეხებსაც. საცხოვრებელი ფართის გვერდით სასაფლაოც გვაქვს,“ – აღნიშნა ქალბატონმა ნანამ.

თავშესაფრის კატეგორიაში შრომისუუნარო და ფსიქო-ნერვული პათოლოგიების მქონე ადამიანებიც არიან. თუ რომელიმე მათგანს ფსიქიკურ აშლილობას შეამჩნევენ და საკუთარი ძალებით ვერ დაეხმარებიან, კლინიკაში გადაჰყავთ, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ კი ისევ თავშესაფარში აბრუნებენ.

ასეთი თინაშვილების ოჯახის წევრი – დიმიტრი გახლავთ, რომელიც საფრთხეს რასდროს არავის უქმნის. ჩვენი სტუმრობისას დიმიტრი ეზოში სეირნობდა. ჯერ სიგარეტი გვთხოვა, მერე კი თავისი ამბების მოყოლას შეუდგა…

თურმე, დიმიტრის ოჯახთან ერთად ქობულეთში, ბაზრის საპირფარეშოში უცხოვრია, სადაც დაწესებულების დირექტორს დაუსახლებია, სანაცვლოდ კი – ტერიტორიას ალაგებდნენ. დიმიტრი თავშესაფარში 7 წლის წინ დასახლდა.

შემდეგ ქობულეთიდან დედა – ჟანა და და – თამრიკო ჩამოიყვანა. დიმიტრის დედა ყოფილი მოცეკვავე გახლავთ. ცეკვასთან ერთად, თინაშვილებს სიმღერის ნიჭიც ჰქონიათ. როგორც თავშესაფრის დირექტორმა აღნიშნა, მათი ოჯახი აქტივობებით, ცეკვითა და სიმღერით სტუმრებისთვის „სავიზიტო ბარათი“ ყოფილა. ახალი წლის ყოველ დღესასწაულზე, როცა თავშესაფარს მთავარი პროკურორი სტუმრობს, თინაშვილებმა იციან, რომ ამ დროს უკვე კოსტიუმირებული შოუ უნდა დადგან და პროკურორიც გამოიცეკვონ.

სტუმარი ხშირად ჰყავთ, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურიდან – არა. ერთადერთი, რაც გაიხსენეს, ეს პირველი ლედის – მაკა ჩიჩუას სტუმრობა იყო, რომელიც მათთან შარშან ყოფილა. თავშესაფრის მაცხოვრებლებმა მინანქარზე მუშაობა და ჭრა-კერვა ისწავლეს. მუშაობის პროცესში პირველ ლედისაც უმასპინძლეს.

ძეგვის თავშესაფარში ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკზე დამოკიდებულები საკუთარი სურვილით მიდიან და მანამდე რჩებიან, ვიდრე საშველს არ იპოვიან. შველას ითხოვს ინდოელი ვიშალ გრუნგიც, რომელიც თავშესაფარში პატრულმა მიიყვანა. საქართველოში სამუშაოდ ჩამოსასვლელად 5 000 დოლარი გადაუხდია. ქვეყანამ, სადაც ყველფერს ნათელ ფერებში ხედავდა, იმედები გაუცრუა – ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. მეტეხის ტაძრის ქვემოთ, გამოქვაბულში ცხოვრობდა. პატრულის თანამშრომლები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, მისი სიცოცხლე ფატალურადაც დასრულდებოდა. ძეგვის თავშესაფარში სწორედ მათი გულისხმიერებით და ნანა გოგოჭურის დახმარებით მოხვდა. „ – საშინელად ცივი საღამო იყო – თოვდა და ქარი ქროდა. გაციებული, მოუვლელი და ძალიან დათრგუნული მოიყვანეს. მოვაწესრიგეთ, ვაჭამეთ და როცა თბილ ოთახში შევიყვანეთ, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა,“ – გვიამბო ნანა გოგოჭურმა. ვიშალს ჩვენც შევხვდით. გვითხრა, რომ ინდოეთში დედა-მამა და და ელოდებიან. ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცის. ერთადერთი ფიქრი, რაც აწუხებს, სამშობლოში დაბრუნებაა. ინდოეთში დაბრუნებაში თავშესაფრის დირექტორი დაეხმარება, რომელსაც წესით, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა დაებინავებინა, თუმცა როგორც ამბობს, დახმარებაზე უარის თქმა ძალიან უჭირს…

ამასობაში, დაღამდა კიდეც. ეზოში გამოსულებს წარმოუდგენელი სიმშვიდე დაგვხვდა. ამ სახლში თუ 78 ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ იმ სინათლით მიხვდებით, რომელსაც გზიდან თავშესაფრის ფანჯრებში დაინახავთ. აქ ყველას ერთმანეთი უყვარს…

pePPer.ge