მთავარი სოციალური ცხოვრება ფაუნა ძაღლების გამოფენა აგრარულ უნივერსიტეტში

ძაღლების გამოფენა აგრარულ უნივერსიტეტში

25-26 მარტს აგრარულ უნივერსიტეტში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ხმამაღალი და გადამეტებული ნათქვამი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ოთხფეხა მეგობრის პატრონები ისე ნერვიულობდნენ, როგორც მშობელი შვილის გამოცდაზე ან სილამაზის კონკურსზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი მსახიობი გოგა გველესიანი იყო, რომელმაც გამოფენაზე წლის და ოთხი თვის ოქროსფერი რეტრივერი, ძუ გაბი წარადგინა. გაბიმ თავის ჯგუფში (ჯიშში) Excl-1, Junior cac, Best Junior , junior champion-ის და ყველა ჯიშის საუკეთესო best junior-ში 25 ძაღლიდან მეოთხე ადგილზე გავიდა.

,,ეს ყველაფერი ჩვენი, პატრონების, ჰენდლერების, ვეტერინარების, კინოლოგიური ფედერაციისა და კლუბების, დახარჯული ენერგიის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს ის განცდაა, რაც მშობელს შვილის წარმატების დროს ეუფლება. ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და ცოდნის მიღების გარდა სხვა ხეირი არაფერი მიმიღია. ჩვენი ძაღლებიც ცოდნას და გამოცდილებას ღებულობენ და სხეულის ფორმებს ინარჩუნებენ. საგვარეულო ნუსხაში მათი წინაპრების მიღწევებია მითითებული. მათ შთამომავლობას კი გაბის და ბარლის წარმატებები გადაეცემა. ამ ყველაფერს ,,კვიცი გვარზე ხტისო” მგონი ეს ანდაზა შეესაბამება.“- გვითხრა გახარებულმა გოგამ, რომელსაც გაბის გარდა 5 წლის ხვადი ოქროსფერი რეტრივერი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ბარლიც ჰყავს. ის უკვე 17 შვილის მამა და 9 შვილიშვილის ბაბუაა.

საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის, გენერალური მდივნის, ზაზა ომაროვის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა 1997 წლიდან იმართება. საწყის ეტაპზე წელიწადში ორჯერ ტარდებოდა. ბოლო წლებში კი მონაწილეების მსურველთა მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ უკვე წელიწადში 7 – ჯერ ტარდება.

გამოფენაში მონაწილეობა ნებისმიერი ჯიშის ძაღლს შეუძლია. ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა კი საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის წევრობაა.

ფოტოგრაფი: ირაკალი შალამბერიძე