მთავარი აქტუალური თემა ფლორა დეკორატიული მცენარეების იმპორტი

დეკორატიული მცენარეების იმპორტი

თანამედროვე ქართული ტრენდი – ტროპიკული მცენარეები

მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნებით (130 000-ზე მეტი), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა, მაგრამ სახლის დეკორატიული მცენარეებით საქართველო ტროპიკული ქვეყნებიდან მარაგდება. მათი მოვლა საკმაოდ მარტივია, თუმცა ბევრი რამე გასათვალისწინებელია.

Viola

სითბოში, მაღალი ხეების ქვეშ გაზრდილი ტროპიკული, ენდემური მცენარეების სიცოცხლისთვის საჭირო გარემო სახლში არსებულ გარემოს წააგავს: ჩრდილში თავს კომფორტულად გრძნობენ, სიცხეს იტანენ და ქარიც არ უყვართ (ქართულ სახეობებს ზამთარში სიცივეში ყოფნა სჭირდებათ. ძირითადად, მათ ეზოს გამწვანებისთვის იყენებენ).

უცხოეთიდან საქართველოში  გასაფესვიანებელ ან უკვე გაზრდილ მცენარეს აგზავნიან (სხვადასხვა სახეობის ფიკუსი, დრაცენები, სანსივიერები, შეფლერები, კროტონები, ორქიდეები, დენდრობიუმები, იუკები, სუკულენტები და სხვ.). მცენარეები აქაურ პირობებს ეგუებიან, მაგრამ უკეთესი ადაპტაციისთვის მათი აქ გაზრდა ჯობია. აჭარის რეგიონში, სადაც ჰავა ნესტიანია, თავს უკეთესად გრძნობენ. ვიდრე გაიზრდებიან (ძირითადად – სათბურებში), მანამდე საშუალოდ, ყოველ მე-3 მორწყვისას სპეციალურ სასუქს აწვდიან, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. სასუქს მცენარე ეჩვევა და მის გარეშე გაძლება უჭირს.

მცენარის ყიდვისას მომხმარებელს მოვლის წესების შესახებ საკმარის ინფორმაციას აწვდიან, თუმცა დაუდევრობის შემთხვევები ხშირია: მიწის გამოშრობას არ აკვირდებიან, ქოთნებს გათბობასთან ახლოს ათავსებენ, მცენარეებს სუფთა ჰაერს აკლებენ და კონდიციონერის ჰაერში ხანგრძლივად ამყოფებენ. ზოგ მცენარეს ნესტი სჭირდება, ამიტომ მორწყვასთან ერთად, წყლის შეშხურებაც აუცილებელია.

Orqidea
Sukulent

მოვლის წესები ინდივიდუალურია: სუკულენტების სახეობის მცენარეებს მორწყვა იშვიათად სჭირდებათ, რადგან ისინი წყალს მთელ სხეულში იგროვებენ და მორწყვის გარეშე, საკმაოდ დიდხანს ძლებენ. ორქიდეებს სითბო დიდად არ უყვართ. სახლში გათბობასთან ახლოს მყოფებს მალე გადაყვავილება სჩვევიათ. ზოგს მზის სინათლე ძალიან მოსწონს, ზოგს კი – ნაკლებად. მცენარეების ყიდვისას მომხმარებელს 1-თვიანი გარანტია აქვს. ამ დროში წყდება – მცენარეები გადარჩებიან, დაჭკნებიან თუ მათ ისევ მაღაზიაში დააბრუნებენ.

მაღალ ტემპერატურაზე, უშუქობაში ყოფნის თუ სხვა მიზეზების გამო, მცენარეებს სოკო, ტკიპა, პეპლები, ჭიები და სხვადასხვა დაავადება უჩნდებათ, რომლებიც ადამიანებისთვის საშიში არ არის, თუმცა მცენარის სწრაფად დაჭკნობას იწვევს. ასეთი პრობლემების გამო, ხალხი დახმარებისთვის მაღაზიებს და სათბურებს ხშირად მიმართავს. მცენარეების განკურნება ზოგჯერ საკმაოდ ძვირიც ღირს. პროცესი კომპლექსურია: სხვადასხვა სასუქისა და საწამლავის გარდა, დიდ ადამიანურ რესურსსაც მოითხოვს.

ქოთნის შერჩევა (გამდინარე წყლის ან დაგროვების პრინციპის, რომელიც წყლის დონეს თერმომეტრით გვიჩვენებს) და მოგვიანებით, ფესვებზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია. ძირითადად, მაღაზიებში მცენარეები ტორფში იზრდებიან, თუმცა გაყიდვისას, დრენაჟიან მიწაში ტორფიანად რგავენ. მიწას ფრთხილად უჩიჩქნიან, რომ ფესვებმა ისუნთქონ და ოთახის ტემპერატურის წყალს უსხამენ (მცენარეს წვიმის წყალი განსაკუთრებულად უხდება). საჭირო ყურადღების შემთხვევაში, მცენარეები გაზრდას და ფესვების გახშირებას იწყებენ. საშუალოდ, 2 წელიწადში ერთხელ, უფრო დიდ ქოთანში გადარგვა სჭირდებათ. ქოთნიდან ამოღებისას, მიწაზე დაკვირვებით, ფესვების მდგომარეობით კარგად ჩანს – მცენარე გადასარგავია თუ არა.

Primula
Sansiviera

სახლში, განსაკუთრებით კი – საძინებელ ოთახში, გადაჭარბებული გამწვანება საჭირო არ არის: მოგეხსენებათ, დღისით მცენარეები ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ, ღამით კი – პირიქით. ყვავილოვანი მცენარეებისგან განსხვავებით, ოთახში მარადმწვანე ფოთლოვანს უპირატესობას ანიჭებენ. შეიძლება, ყვავილებმა ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ (მაგალითად, ოლეანდრეს ბუჩქები ყვავილობს და ისეთი ტოქსიკურია, რომ კანზე წყლულებსაც აჩენს). ტროპიკული მცენარეები ძირითადად, შხამს შეიცავენ. მათთან შეხება და ოთახში დადება საშიში არ არის, თუმცა დაღეჭვა არ შეიძლება. ამიტომ ასეთ მცენარეებს ცხოველები აუცილებლად უნდა მოვარიდოთ.

ბონსაი
ბონსაი – დაჯუჯებული ხე

მცენარის ფასი 1 ლარიდან იწყება და საშუალოდ, 500 ლარამდე მერყეობს. ერთ-ერთ მაღაზიაში ძვირადღირებული, იაპონური, დაჯუჯებული ხეები (ბონსაი) 50 000 ლარამდეც ღირს. ხეების დაჯუჯება და ოთახის მცენარედ გადაქცევა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამას საქართველოშიც აკეთებენ. ძირითადად, მარადმწვანე ხეებს აჯუჯებენ. აზიაში მილიონებად შეფასებულ ბონსაის ხეებსაც ნახავთ, რომლებსაც 100 წელზე მეტია, უვლიან.

Primula

მცენარეებით სახლს ბევრი ადამიანი აქტიურად ამდიდრებს (ოჯახის ბიუჯეტის შესაბამისად). მათზე ზრუნვაში საკმაოდ დიდ დროსაც ხარჯავს. ერთ რამეზე ყველა თანხმდება: მცენარეებს საჭირო ყურადღება და სიყვარული სჭირდებათ. თუკი ზრუნვა მოაკლდათ, გახმობას ისე სწრაფად იწყებენ, რომ ზოგჯერ რეაგირება დაგვიანებულია.

Poinsettia – „საშობაო ვარსკვლავი“

მადლობა: Grato, Verde

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

Pepper