მთავარი სოციალური ცხოვრება სოციალური დღის ცენტრში ყველა ადამიანი თანასწორი, სრულფასოვანი და შემოქმედებითად აქტიურია

დღის ცენტრში ყველა ადამიანი თანასწორი, სრულფასოვანი და შემოქმედებითად აქტიურია

მსოფლიოში საკმაოდ მრავლადაა დღის ცენტრები, სადაც შშმ პირები დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულები. ბევრია ინკლუზიური დაწესებულებებიც, სადაც თითოეულ შშმ პირს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ამა თუ იმ საქმიანობაში, იმუშაოს, ისწავლოს… ამგვარი დაწესებულება საქართველოშიც ბევრი გვხვდება. ჩვენ ერთ-ერთი მათგანის შესახებ მოგითხრობთ:

სოციალური თერაპიის სახლი – „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ (Apnsc – Association for People in Need of Special Care) 26 წელია, რაც არსებობს. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, დაწესებულებამ ძმები უბილავების ქუჩის #8-ში დაიდო ბინა. ამჟამად, დღის ცენტრს 54 წევრი ჰყავს და 8 სახელოსნო აქვს.

ჩვენ ორგანიზაციის ხატვით თერაპევტს – შორენა მოსაშვილს გავესაუბრეთ, რომელიც დღის ცენტრთან თითქმის მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს. მან დაწესებულების დაარსების ისტორიაც გვიამბო:

– 90-იან წლებში, როცა ფაქტობრივად, ქვეყანაში არაფერი კეთდებოდა, კითხვა გაგვიჩნდა, შშმ პირებისთვის რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. იმ დროს ჩვენი ორგანიზაციის  დამფუძნებელი – მარინა ბულია და მისი მეგობარი – ნატალია ჩირიკაშვილი ფინეთში, მივლინებაში იმყოფებოდნენ. მათ იქ დღის ცენტრები ნახეს, სადაც შშმ პირები დასაქმებულები, აქტიურები იყვნენ. იდეა გაჩნდა, რომ მსგავსი რამ საქართველოშიც გაკეთებულიყო. ჩვენს ერთ ახლობელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავდა. ის სულ ითხოვდა, რომ მის შვილს საკუთარი საქმე ჰქონოდა, შინიდან გასულიყო… მისი ოჯახის მეგობარმა საკუთარ სახლში მცირე ფართი გამოყო, სადაც ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ.

– დღის ცენტრში როგორი აქტივობები იყო წინათ და ახლა როგორია?

– თავდაპირველად, ქსოვა და გობელენზე მუშაობა დავიწყეთ. სახელოსნოს სახით, სამზარეულოც შემოგვემატა, რადგან კვება საჭირო იყო. ასევე, ხატვითი თერაპიებიც აუცილებელი გახლდათ – ვხატავდით, ვძერწავდით… დროთა განმავლობაში, ხალხი შემოგვემატა, „გავფართოვდით“… ამჟამად, ჩვენს დღის ცენტრში რვა სახელოსნო ფუნქციონირებს: სანთლების, სადურგლოს, ქაღალდების მეორადი გადამუშავების სახელოსნო (სადაც სტამბიდან მონარჩენი ქაღალდებით სხვადასხვა ნივთი იქმნება), საქსოვი, სტამბა-სამკინძაო, სამზარეულო და კრეატიული სახელოსნო. ვაკეთებთ ძალიან ლამაზ რვეულებს, სანათებს… ახლახან ახალი სახელოსნო შევქმენით, რომელიც საქსოვმა სახელოსნომ შეითავსა. ეს არის პრინტი მაისურებზე, ჩანთებზე, ჭიქებზე…

ჩვენ თითოეული სახელოსნოს საქმიანობით დავინტერესდით და მის წევრებსაც გავესაუბრეთ:

თაზო, 23 წლის:

– აქაურობა ძალაინ მომწონს. მთელ დღეს დღის ცენტრში ვატარებ. თან, აქვე ვცხოვრობ… ცენტრში ბევრი მეგობარი მყავს. აქ ყოველთვის კარგი სიტუაციაა.

– თაზო, რას საქმიანობ?

– ქაღალდის მეორადი გადამუშავების სახელოსნოში ვმუშაობ. როცა სტუდენტები მოდიან, ვუხსნი, რა როგორ უნდა გააკეთონ. წინათ ქაღალდებს ვავლებდი, ქაღალდისგან საფანქრეებს ვძერწავდი… ახლა ჩემი მოვალეობაა, რომ გადამუშავებული ქაღალდი ავიღო, სიბრტყეზე დავაწყო, წებო წავუსვა, შემდეგ კი – გავაშრო და პრესში ჩავდო. მეორე დღეს გასწორებულ ქაღალდს ვიღებთ. მერე, უკვე გამყარებული ქაღალდის  სიბრტყეზე ისევ წებოს ვუსვამთ და მასზე სხვადასხვა ფერის მატყლს ან გამხმარ მცენარეებს, ყვავილებს ვაწყობთ. ამ მასალისგან ვაზებს ვაკეთებთ: სხვადასხვა ფორმის შუშის ბოთლებზე ფერად ქაღალდს შემოვაკრავთ… ხანდახან ქოთნებს ვაკეთებთ.

– თქვენ მიერ შექმნილ ნივთებს ყიდით?

– კი, ნივთები ბაზრობებზე გაგვაქვს და ვყიდით ხოლმე. მუშაობა და ჩვენი შექმნილი ნივთების გაყიდვა ძალიან გვიხარია!

დათო, 34 წლის:

– სამი წელია, რაც დღის ცენტრში ვარ. დილიდანვე მოვდივარ ხოლმე. აქაურობა ძალიან მომწონს. დღის ბოლოს შინ მისაყვანად მანქანა გვემსახურება.

– დათო, დღის ცენტრში რას საქმიანობ?

– სტამბის სახელოსნოში ვმუშაობ. წიგნებს და რვეულებს ვკინძავთ, ლამინირებას ვაკეთებთ… პირადად მე, ნომრების მიხედვით, წიგნების ფურცლებს სათითაოდ ვაწყობ. ასევე, პლასტმასის ბოთლებს ვჭრი და სანათებს ვაკეთებთ. სანათის დიზაინს თავად ვქმნი. როცა სტამბაში შეკვეთები გვაქვს, მაშინ ძალიან ბევრს ვმუშაობ – ასეთ დროს მთლიანად საქმეზე უნდა „გადაერთო“. მაგალითად, სკოლებიდან რვეულებზე ბევრ შეკვეთას ვიღებთ. მეორადი გადამუშავების სახელოსნოდან ქაღალდები მოგვაქვს და რვეულებს ლამაზ ყდებს ვუკეთებთ. შარშან ჩვენმა სახელოსნომ წიგნის ბევრი შეკვეთა მიიღო და ბევრი ვიმუშავეთ. სახელოსნოში თორმეტნი ვართ. ყველა ერთად ვმუშაობთ. ეს საქმე კარგად გამოგვდის. საშობაოდ და სააღდგომოდ ბაზრობებს ვაწყობთ, სადაც ჩვენ მიერ გაკეთებული ნივთები გასაყიდად გაგვაქვს…

დღის ცენტრის საქმიანობასა და პრობლემებზე დეტალურად საუბარი ქალბატონ შორენა მოსაშვილთან განვაგრძეთ:

– საკუთარი უნარების მიხედვით, სრულწლოვანი ადამიანები კონკრეტულად მათთვის მიზანშეწონილ სახელოსნოებში იმყოფებიან. პარალელურად, ისინი სხვადასხვა თერაპიითაც არიან დაკავებულები, მაგალითად – ხატვით. მათ ინდივიდუალური ხელოვნებითი თერაპია „მიეწოდებათ“, როგორც მედიკამენტი. ასევეა ევრითმია, როგორც გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, დრამა და მუსიკალური ნაწილი… გარდა ამისა, ეს ადამიანები საზოგადოებას ყოველთვის ეცნობიან. გავდივართ ქალაქგარეთ თუ ქალაქში (სადაც ბაზრობებსა და გამოფენა-გაყიდვებზე გვიწვევენ)… გვიხარია, რომ ასე თუ ისე, საზოგადოებას ჩვენი სახლი მაინც ახსოვს.

– როგორც ვიცი, ორგანიაციაში საგანმანათლებლო პროექტბიც გაქვთ…

– ჩვენს სახლს გადატრენინგების ცენტრი აქვს, სადაც 1 ან 2-კვირიანი ტრენინგები ტარდება. ასევე, სოციალთერაპევტებისთვის 3-წლიანი საბაზისო კურსი (თეორიული, პრაქტიკული და ხელოვნების ნაწილი) გვაქვს. სწავლების ამ კურსით ბევრი ადამიანი ინტერესდება. უკვე 2003 წლიდან, ჩვენი ორგანიზაცია  კურსდამთავრებულ ჯგუფს  ყოველწლიურად უშვებს… მადლობას ვუხდი იმ მოტივირებულ პიროვნებებს და სტუდენტებს, რომლებიც ჩვენს საქმიანობაში დღემდე დიდი ინტერესით ერთვებიან.

– გვითხარით, დღის ცენტრს რა პრობლემები აქვს?

– 26 წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს. ის ამიერკავკასიაში პირველი იყო, ვინც ასეთი მოძრაობა წამოიწყო, თუმცა ჩვენ ყოველთვის უცხოელ დონორებზე დამოკიდებული ვიყავით. ამ თვალსაზრისით, ახლა ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩვენს სამსახურში საკმაოდ კრიტიკული სიტუაციაა – დაფინანსება ჭირს. ფაქტობრივად, სახელმწიფოსგან ვიღებთ მხოლოდ 11-ლარიან ვაუჩერულ დახმარებას და ისიც სახლის 54-ვე წევრს არ მიეწოდება. ვაუჩერულ დახმარებაში შედის: კვება, ჰიგიენური მომსახურეობა,  ტრანსპორტირება… დღესდღეობით, უცხოელ დონორებს ჩვენი სახელმწიფო იმ დონემდე მოძლიერებულად მიაჩნიათ, რომ სრულ პასუხისმგებლობას მას აკისრებენ, მათ კი თავის მხრივ, საკუთარი მისია აქვთ და სხვა ქვეყნების დახმარებაზე ფიქრობენ…

მოფუსფუსე დღის ცენტრი დადებითი განწყობით დავტოვეთ, რაც იქ მყოფი თითოეული მომღიმარი, თბილი და ერთმანეთზე მზრუნველი ადამიანის დამსახურება გახლდათ. დადებით მუხტთან ერთად, თან გამოგვყვა სევდაც, რაც დღის ცენტრის და მისი მობინადრეების  გაურკვეველი მომავლითაა განპირობებული. დღეს ისე, როგორც არასდროს,  მათ დახმარება სჭირდებათ!

ავტორი: თამარ კაპანაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე