მთავარი პიროვნება დათო ფორჩხიძე: ,,ძმაკაცები ,,ვივუსას“ მეძახიან“

დათო ფორჩხიძე: ,,ძმაკაცები ,,ვივუსას“ მეძახიან“

1998 წელი – ქართულ ესტრადაზე ბიჭების ჯგუფი, ,,სახე“ გამოჩნდა. დათო ფორჩხიძემ, დათო ხუჯაძემ და გოგა ხაჩიძემ, გულშემატკივრების, განსაკუთრებით კი გოგონების გულის მოგება მალევე შეძლეს. ,, გოგოებს მოვწონდით და პლუს ამას ჩვენს მუსიკას უსმენდნენ. პოპულარობის ზენიტში თავგამოდებული ფანები გვყავდა, რომლებიც სახლებში გვივარდებოდნენ.“- იხსენებს დათო ფორჩიძე. 2001 წელს ერთ დროს ყველაზე პოპულარული ჯგუფი დაიშალა. კარიერის გასაგრძელებლად დათო ხუჯაძემ მოსკოვში გადაინაცვლა, გოგა ხაჩიძე პოლიტიკით დაინტერესდა, დათო ფორჩხიძემ კი ქართულ შოუ ბიზნესზე ზრუნვა ამჯობინა და საბავშვო სტუდია ,,სახე“ შექმნა.

დათო ფორჩხიძე: საბავშვო სტუდია ,,სახე“ მე და დათო ხუჯაძემ 2013 წელს დავაარსეთ. ნელ-ნელა ვგრძნობთ, რომ შედეგს ვიღებთ და დარწმუნებულები ვართ, მალე ქართულ შოუ ბიზნესს ნიჭიერი ადამიანებით მოვამარაგებთ. რამოდენიმე ვოკალის პედაგოგი და ასაკობრივი ჯგუფი გვყავს. ჩემი და დათოს იდეა იყო, რომ ბავშვებისთვის გადასახადი ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ნიჭიერებს მაქსიმალური შანსი მივეცით.

-ბავშვების შერჩევა რა პროცესია?
-მსურველებს 5 წლიდან ვღებულობთ, თუმცა ფენომენალური მონაცემების ბავშვებიც მოდიან. 4 წლის ბავშვიც მიგვიღია, რომელსაც 300 მაყურებლის წინაშე ცოცხლად უმღერია. მიუხედავად იმისა, რომ ხმის ჩამწერი სტუდია სახლშიც მაქვს, ფონოგრამაზე პირი სტუდიის არც ერთ მოსწავლეს არ დაუღია. ყველა თავის შეცდომაზე სწავლობს.

– მშობელს რა შემთხვევაში ეუბნებით უარს ბავშვის მიღებაზე?
-სტუდიაში სიარულის მსურველი რომ მოდის, უცბად ვერ მიხვდები, მომავალი კარუზოა თუ ფრედი მერკური. გამიგია, მერაბ სეფაშვილს 15 წლამდე სმენა არ ჰქონდაო. პაატა ბურჭულაძეზეც იგივეს ამბობენ. დარწმუნებული ვარ, ორივეს ჰქონდა კარგი სმენა. ალბათ სიმღერას გულს ვერ უდებდნენ. მერე რაც ჩაატარეს, ყველამ ნახა. ასე რომ ბავშვზე ერთი მოსმენით დიაგნოზის დასმა, მისგან არაფერი გამოვაო, სასაცილოდ ჟღერს. იმას არ ვამბობ, რომ საქართველოში ყველაზე მაგარი ტიპი ვარ, მაგრამ უკან რომ დამაბრუნოთ, შეიძლება ამის ნახევარსაც ვერ მივაღწიო. გენერლად და პროფესორად არავინ იბადება. ბავშვებს სულ ამას ვუმეორებ. ყველაფერი შრომის შედეგია.

-მეცადინეობაში რა დოზით ხართ ჩართული?
-რომელი ბავშვი რა სიმღერაზე მუშაობს, ზეპირად ვიცი. პედაგოგების მუშაობის პროცესსაც ვადევნებ თვალ-ყურს და კონცერტის წინ თითო ფრაზას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. ბავშვებთან მკაცრი არ ვარ, თუმცა ჩხუბსაც და მოფერებასაც ერთდროულად ვახერხებ, რომ გული არ აიცრუონ. ამ ფორმით კარგ შედეგს ვღებულობ. ვგრძნობ, რომ მათთვის ავტორიტეტი ვარ. სურვილი აქვთ, დამიმტკიცონ, რომ რაღაც შეუძლიათ.

-დათო ხუჯაძე ძირითადად მოსკოვშია. სტუდიურ საქმიანობასთან რამდენად ახლოსაა?
-როცა საქართველოში ჩამოდის, ყოველთვის გვსტუმრობს. კონცერტებსაც ესწრება. სტუდიაში დათო ხუჯაძის როლი დიდია. მისი დახმარება იმ შემთხვევაში მჭირდება, თუ ბავშვი ზედმეტად მომეწონება. ამ დროს ვფიქრობ, ხომ არ ვამეტებ მეთქი. დათოს აზრს მოვისმენ და ვმშვიდდები.

-თქვენი შვილი, 15 წლის ნანუკაც მღერის…
-ჩემი უფროსი შვილი აქტიურად მუშაობს საკუთარ თვზე. ნელ-ნელა გამოჩნდება… როცა თავისუფალი დრო მაქვს, სულ ნანუკასთან ერთად ვარ. სახლშიც გვიანობამდე ვმუშაობთ. საბედნიეროდ კორპუსის ბოლო ორი სართული ჩემია და მეზობლებს ხმაურით არ ვაწუხებთ.

-სტუდია ,,სახეს“ რა გეგმები აქვს?
-მე და დათოს სტუდიასთან დაკავშირებით ძალიან კარგი გეგმები გვაქვს. ,,სახე“ სამომავლოდ ლიცენზირებული მუსიკალური სკოლა იქნება.

-ჯგუფი ,,სახე“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პირველი ნაბიჯები და შემდეგ უკვე წარმატება, როგორ გახსენდებათ?
– ,,სახე“ პოპულარული 1998 წლიდან გახდა და 2001 წელს დავიშალეთ. ჩემს მშობლებსაც არ სჯეროდათ თუ ამხელა წარმატებას მივაღწევდით. 3 წელი პოპულარობის მწვერვალზე ვიყავით. სცენაზე ისეთ დროს გამოვჩნდით, როცა შოუ ბიზნესში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. გოგოებს მოვწონდით და პლუს ამას ჩვენს მუსიკას უსმენდნენ. ბიჭებმა შექმნეს ეს ყველაფერი. ისინი წავიდნენ, მუსიკა კი დღესაც ცოცხლობს.
 თავგამოდებული ფანები გვყავდა, რომლებიც სახლებში გვივარდებოდნენ. გოგა ხაჩიძეს ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ თაყვანისმცეელი სახლში აკითხავდა.

  ჩემი დიდი სურვილია, დათო ხუჯაძე, გოგა ხაჩიძე და ჩვენი პროდიუსერი შალვა რამიშვილი ყოველთვის კარგად იყვნენ.

-ჯგუფი სახე მალე 20 წლის გახდება. ამ თარიღს როგორ აღნიშნავთ?
-მე და დათო ვგეგმავთ ამ დღის აღნიშვნას, თუმცა გოგა ცოტა თავს იკავებს. ის ჩემი შვილის, ნანუკას ნათლიაა. 20 წლის იუბილეს ჯგუფის სამივე წევრი ერთად ვერ აღვნიშნავთ.

-,,სახის“ აქტიური პერიოდის შემდეგ დიდი პაუზა გამოგივიდათ. მერე იყო მუსიკალური პროექტები. ,,ახალი ხმა“ ორჯერ მოიგეთ, ბოლოს კი ,,X ფაქტორი“ წააგეთ…
– მინდა გითხრათ, რომ ,,X ფაქტორი“ კი არ წავაგე, პირწმინდად მოვიგე! მსოფლიოში ერთადერთი ვარ, ვინც პროექტიდან გაშვებული ბავშვებიდან, 3 გოგოსგან, რომლებსაც ერთად არასდროს უმღერია, შექმნა ჯგუფი ,,Dream girls”, მიიყვანა ფინალამდე და ისეთი ნომრები აჩვენა გამარჯვებულის გამოსვლასაც კი სჯობდა. მე ხომ მუსიკით არ წამიგია ,,იქს ფაქტორი“ ესემესებით წავაგე. დღესაც რომ მიმიწვიონ პროექტში, უარს არ ვიტყვი. წაგების გარეშე არაფრის მოგება რ არსებობს!

-პროექტებში ყოველთვის ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდით, თუმცა მაყურებლისგან კრიტიკა არასდროს მიგიღიათ…
-მათგან ყოველთვის სიყვარულს ვგრნობდი და დღესაც ასეა. მახსოვს, როცა მუსიკალურ პროექტში დავჯექი და ვცდილობდი ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი, ჩემი კოლეგები გაოცებულები მიყურებდნენ. ფიქრობდნენ, რომ უჩვეულოდ ვიქცეოდი.

-უკვე რამოდენიმე თვეა ეკრანზე ონლაინ სესხის, Vivus.ge-ს რეკლამაში გამოჩნდით, რის გამოც თქვენზე ბევრს ხუმრობენ. არ ბრაზდებით?
არა, რატომ უნდა გავბრაზდე? ძმაკაცებიც მეძახიან ვივუსას, მაგრამ რა შუაში ვარ? კომპანიის წილში ვარ თუ მფლობელი? აღნიშნული კომპანიისგან შემოთავაზება რომ მივიღე, პირველი რაზეც შევთანხმდით, ის იყო, რომ რეკლამაში გადამიღებდნენ და იქ დამთავრდებოდა ყველაფერი. არც არასდროს შევაქებდი, არც გავლანძღავდი და არც მის ინტერესებს დავიცავდი. ეს ჩვენი ერთწლიანი შეთანხმებაა.

-კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურებით კმაყოფილი ხართ?
-ნორმალური ანაზღაურება მაქვს. ზუსტად იმდენი, კომუნალურ გადასახადებს რომ დამაფარინებს.

pepper.ge

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე