მთავარი აქტუალური თემა გამოფენა დათო არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა

დათო არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა

5 ივლისს, ისტორიის მუზეუმში დათო არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 65 წლისთავს მიეძღვნა.

დათო სულაკაურის ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანია. მხატვარს ამერიკაში ერთ-ერთი ეკლესიის კედლებიც აქვს მოხატული.

დათო სულაკაური თავის ნამუშევრებში ომის პერიოდსა და საქართველოს სხვა სოციალურ პრობლემებს საინტერესოდ ასახავს. ერთ-ერთ ნახატში ლტოლვილები შველას სხვადასხვა ენაზე ითხოვენ (ნახატზე არსებული წარწერები ამაზე მეტყველებს).

დათო სულაკაურის მიერ დახატულ პორტრეტებს შორის, ბევრი ფულისგან დაბრმავებულ ადამიანსა და ეშმაკს მიმსგავსებულ პოლიტიკოსსაც ნახავთ, რომელიც ტრიბუნასთან სიტყვით გამოდის.

ღონისძიებაზე ზალიკო სულაკაურსაც შევხვდით, რომელიც დავითის ნათესავი აღმოჩნდა. „ – მხატვრობაში ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება. ზოგს დალი მოსწონს ან დავინჩი… უბრალოდ, ნახატში „ჩადებული“ სული უნდა დაინახო,“ – აღნიშნა ბატონმა ზალიკომ. ის გამოფენაზე მეუღლესთან და 4 თვის შვილთან ერთად იყო მოსული.

დათო სულაკაური ახალგაზრდებს 25 წელია, ხატვას ასწავლის. „ – ხატვისთვის ინტელექტი და ცოდნაა საჭირო. სამწუხაროდ, ცოდნას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, – გვითხრა ბატონმა დათომ.  – 25 წელი სწავლას შევალიე, 5 წელი – საკუთარ თავში გარკვევას, დანარჩენი კი – იმპროვიზაციის ძიებას.“

ბატონ დათოს ხატებიც აქვს შესრულებული, რომლებსაც გამოფენაზე ნახავთ. მხატვრის ნამუშევრები ისტორიის მუზეუმში 10 სექტემბრამდე იქნება გამოფენილი.

Pepper.ge