მთავარი სოციალური ცხოვრება გამორჩეული ადამიანები დალაი ლამა

დალაი ლამა

ტენზინ გიაცო 1935 წლის 6 ივლისს ტიბეტში დაიბადა. მის დაბადებამდე 2 წლით ადრე, მე-13 დალაი ლამა გარდაიცვალა. 2 წლის გიაცოს მორწმუნეები ჯერ აკვირდებოდნენ, შემდეგ კი ამქვეყნად დაბრუნებულ „დალაი ლამად“ აღიარეს. ტენზინ გიაცომ სრულყოფილი განათლება და ბუდისტური ეკლესიის ოფიციალური სტატუსი – „მე-14 დალაი ლამა“ მიიღო.

დალაი ლამა ბუდიზმის უპირველესი პირია – იმ რელიგიისა, რომელსაც მსოფლიოს გარეშემო 250 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

ტიტულთან ერთად, ტენზინ გიაცოს დიდი პასუხიმგებლობა აკისრია. 15 წლის ასაკში, 1950 წელს ის უკვე ტიბეტის მმართველად დაინიშნა. იმ დროისთვის ეს რთული პოზიცია იყო, რადგან ქვეყანაზე პრეტენზიას ჩინეთის სახელმწიფო აცხადებდა. მაშინდელი არეულობის ჩაქრობას ჩინეთი 17-პუნქტიანი შეთანხმებით ცდილობდა.

ტიბეტს რელიგიური თავისუფლება რჩებოდა, პოლიტიკურ და სამხედრო მხარეს კი ჩინეთი გააკონტროლებდა. 1951 წელს ტიბეტი ჩინეთის რესპუბლიკას მიაკუთვნეს. თავისი ხალხის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, დალაი ლამას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

დროთა განმავლობაში, დალაი ლამამ ჩინეთის მთავრობასთან დაახლოება გადაწყვიტა. ჩინეთი მისი სასახლის გადასახადებს ფარავდა. დალაი ლამა მშვიდობის დამყარებას ცდილობდა.

1959 წელს ტიბეტში ისევ არეულობა დაიწყო, რომელიც ჩინეთის სახელმწიფოს წინააღდეგ იყო მიმართული. მოსახლეობა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დალაი ლამას დამალვა მოუხდა, რადგან მოწინააღმდეგე მხარე მისი გატაცებით იმუქრებოდა. დემონსტრაციებმა შედეგი არ გამოიღო. ჩინეთის  მხარემ ტიბეტისთვის მნიშვნელოვანი ბუდისტური მონასტერი და კულტურული ქანდაკება გაანადგურა.

ამ ამბის შემდეგ, დალაი ლამა დარამსალაში (ინდოეთი) გადასახლდა. 1987 წელს, 5-პუნქტიანი შეთანხმებით, ის ჩინეთთან მოლაპარეკებას ცდილობდა, თუმცა – უშედეგოდ: ჩინეთმა მე-5 პუნქტზე უარი განაცხადა – ტიბეტი დღესაც ჩინეთის რესპუბლიკის კუთვნილებად რჩება. ამის შესახებ მსოფლიოში დისკუსიები ხშირად იმართება.

დალაი ლამა თავისი თავშესაფრიდან (დარამსალაში) ტიბეტისთვის განუწყვეტლივ იბრძვის. ბუდიზმს ადამიანის უფლებებთან და მშვიდობასთან აერთიანებს. მისი მიზანი ტიბეტისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაა.

1973 წელს მან თავშესაფარი დატოვა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა რწმენის გასაზიარებლად დაიწყო. 1989 წელს, მონდომებისა და მშვიდობიანი მცდელობებისთვის, ნობელის პრემიაც მიიღო. ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი ადამიანისთვის, დალაი ლამა მსოფლიოს მშვიდობის ელჩად არის წარმოდგენილი.