მთავარი სოციალური ცხოვრება ბიზნესი ხელვაჩაურში ყავის წარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იწყება

ხელვაჩაურში ყავის წარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იწყება

მსოფლიოში უამრავი ადამიანის დილა თითქმის ყოველთვის ფინჯანი ყავით იწყება. ყავის ასორტიმენტი ბაზარზე ისეთი მრავალფეროვანია, რომ მომხმარებელს ხშირად არჩევანის გაკეთება უჭირს. დაფასოებული და ნედლი (მწვანე) ყავა საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან პირდაპირ ან ჩვენს ქვეყანაში არსებული რამდენიმე ქარხნის გავლით, მაღაზიების დახლებზე ხვდება. „კარმენის“ ყავის გადამამუშავებელი ქარხანა აჭარის ერთ-ერთ რაიონში – ხელვაჩაურში მდებარეობს.

„კარმენი“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად, საქართველოში იმპორტს ვიეტნამიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან („ჩერი“) და ბრაზილიიდან („სანტო“) ახორციელებს. თავდაპირველად, ყავას მხოლოდ ინდონეზიაში („რობუსტა“), შუალედი კომპანიის მეშვეობით, უკვეთდნენ. ბოლო 2 წელია, რაც „კარმენის“ წარმომადგენლები დისტრიბუტორებთან პირდაპირ კავშირზე გავიდნენ და ფულის ეკონომიასთან ერთად, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტსაც ქმნიან.

საწარმოში საზღვარგარეთიდან თვეში 3-დან 6-მდე ყავით სავსე კონტეინერი (18,6 ტონა) ჩამოაქვთ. მოთხოვნა ნედლ ყავაზეც არის. ამიტომ საზღვარგარეთიდან შემოსული პროდუქცია (თვეში 100 ტონამდე) ნაწილობრივ იხალება, ნედლი სახით იყიდება ან იფქვება და მაღაზიებში სპეციალურად დაფასოებული იგზავნება.

ქარხნის ცენტრში ყავის უმთავრესი მოსახალი თანამედროვე დანადგარი მდებარეობს, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს და რამდენიმე ტომარა ყავას ბუნებრივი აირის მეშვეობით ხალავს. თუ შეკვეთა მასშტაბურია (3-4 ტ.), მაშინ დისტრიბუციას საწარმო „კარმენი“ თავად ახდენს. მის განკარგულებაში 3 სადისტრიბუციო და 2 სატვირთო მანქანაა.

ბათუმში ინდონეზიიდან შემოსულ ყავაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, თბილისში – „არაბიკაზე“, კახეთში კი – ვიეტნამურზე. „ – ინდონეზიის ყავა ჩემი ფავორიტია. არ ვიცი, რატომ. ალბათ, მიჩვეული ვარ,“ – ამბობს კომპანიის მენეჯერი – კრისტინა კალაიდა. მის საწარმოში 100%-იანი, კონცენტრანტი (80%) და ბარდასთან შერეული ყავა (50%) მზადდება. სამივეზე თანაბარი მოთხოვნაა. ფასი 7 ლარიდან იწყება.

1კგ. ყავის სადისტრიბუციო ფასი 9.4 ლარია. თუ დიდი შეკვეთაა, მაშინ რამდენიმე თეთრით იკლებს კიდეც (8,6-8,9 ლ.). ყოველთვიურად ყავის ხარისხი ლაბორატორიულად მოწმდება. ამ პროცედურას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და შპს „სპექტრი“ ახორციელებს. შესაბამისად, დასკვნებიც კეთდება. საწარმოს მუშაობის განმავლოაში, ყავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა ჯერ არ შექმნია.

ქარხანა ქვეყნის შიდა სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს, რაც ასევე, სახელმწიფოს მიერ კონტროლირდება. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყავის სისუფთავე აუცილებელ პირობას წარმოადგენს. კენჭებმა და სხვა სახის ჭუჭყმა მოგვიანებით შეიძლება, საფქვავი დანადგარიც გააფუჭოს. ამიტომ, აუცილებლობის შემთხვევაში, ყავა სპეციალურ საცერზე იწმინდება. გასაგზავნად მომზადებულ ყავას გახურებულ მოსახალ დანადგართან ახლოს ინახავენ, რადგან აქ ნესტიანობა მინიმუმამდეა დასული.

კომპანიის ხარისხიან მუშაობაზე 16 თანამშრომელი ზრუნავს. მათი ხელფასი 2000 ლარამდეც ადის: 1 ტონა ყავის დაფქვა 6 ლარად ფასობს. თუ რომელიმე თვეში დაფქვილ ყავაზე მოთხოვნა დაბალია, შესაბამისად, თანამშრომელთა გასამრჯელოც იკლებს. დაფქვილი ყავის შენახვა 5 დღეზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან მისი არომატი ცვლილებას იწყებს.

ყავის საწარმო „კარმენი“ გარემოს დაბინძურებასაც აკონტროლებს – სპეციალურ დანადგარში გამონაბოლქვს ფილტრავს. აჭარაში, ერთ-ერთ მოთხოვნად ყავის საწარმოში სამომავლოდ გაფართოებაზე ფიქრობენ: კომპანია კაფეების გახსას აპირებს, სადაც ყავის ადგილზევე დაფქვის გარდა, მომხმარებლებს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელგანთქმული ყავას შესთავაზებენ.

 pepper.ge

ავტორი: სოფო ვასაძე