მთავარი აქტიური ცხოვრება ბიზნესი ჩაის წარმოება საქართველოში განვითარებას იწყებს

ჩაის წარმოება საქართველოში განვითარებას იწყებს

მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული არაალკოჰოლური სასმელი – ჩაი აქტუალურობას არასოდეს კარგავს. საქართველოს დასავლეთ ნაწილში ჩაის პლანტაციებს წინათ უფრო ხშირად შეხვდებოდით, თუმცა ახლაც არაერთ სოფელში ნახავთ.

ბერძნული წარმომავლობის მუშები ჩაქვის ქართული ჩაის პლანტაციებში, 1909-1915 წლები (წყარო: ვიკიპედია)
ჩაქვის ჩაის ფაბრიკა, 1909-1915 წლები (წყარო: ვიკიპედია)

საქართველოში, ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს, მამია V გურიელის ბაღში შეინიშნებოდა. შემდეგ ინჟინერ-პოლკოვნიკმა სოლოვცევმა მაღალი ხარისხის ჩაის თესლი და ნერგები ჩინეთში შეიძინა და ჩაქვის მახლობლად, 1,5 ჰექტარ მიწაზე დარგო. მოგვიანებით, საქმეში ჩაით მოვაჭრე მსხვილი მეწარმე – პოპოვი ჩაერთო. მან ქარხანა ჯერ სალიბაურში ააშენა (1898 წ.), შემდეგ კი – ჩაქვში (1899 წ.). მაშინ წარმოება მაღალი ტემპით მიმდინარეობდა. ძირითადად, ქართული ჩაი რუსულ ბაზარზე გაჰქონდათ.

გასულ საუკუნეში, ჩაის წარმოებით საქართველო მსოფლიოში მეხუთე-მეექვსე ადგილს იკავებდა. ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. სოფლებში წარმოება დღესაც გრძელდება, თუმცა ადგილობრივები ჩაის კრეფით მიღებულ შემოსავალს საკმარისად არ თვლიან.

დასავლეთ საქართველოს კლიმატი ჩაის მოშენებისთვის იდეალური იყო და არის. გარდა იმისა, რომ ამ რეგიონში ჩაი ძალიან მალე იზრდება, მას მწერებიც არ ეკარებიან.

გურიის სოფლებში ადგილობრივები ფოთლების მოკრეფვამდე, ბუჩქების გაკრეჭვას (მოხუჭვა) იწყებენ (მარტში). ჩაის ბუჩქს სასუქს მოაყრიან, გვიმრას მოაშორებენ, შემდეგ კი კრეფას შეუდგებიან (სექტემბრამდე 3-ჯერ იკრიფება). გლეხებს ჩაის დასამზადებელი დანადგარების შეძენის და საკუთარი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ საქმეში ადგილობრივი მეწარმეები ერთვებიან, რომლებიც 1 კგ. მცენარეს, საშუალოდ, 2,70 ლარად ყიდულობენ.

სავაჭრო პირობების მიუხედავად, სოფლებიდან ადგილობრივები ჩაის საკრეფად ხშირად თურქეთში გადადიან, სადაც კრეფაში დღეში 120 ლირას (85 ლარი) იღებენ. თურქეთში მუშაობის ტემპი ძალიან მაღალია და მკაცრად კონტროლდება. იქ დღეში ერთი ადამიანი 30 კგ-მდე ჩაის კრეფს.

საქართველოში გლეხისთვის პირობების შექმნაზე მხოლოდ რამდენიმე საწარმოში თუ ზრუნავენ. „ – თურქეთში რთულ პირობებში მუშაობა უწევთ. ჩვენთან მთელმა ოჯახმა რომ იმუშაოს, ბევრად მეტი შემოსავალი ექნებათ,“ – აღნიშნა „ნაგომარის“ დამფუძნებელმა – ნანა ყირმელაშვილმა. მან და გურიის ადგილობრივმა მეწარმეებმა – კახა და ნინო ნაჭყებიებმა, ჩაის ბუჩქების სხვა მფლობელებთან ერთად, კოოპერატივი შექმნეს და ჩაის ბრენდი – „ნაგომარი“ დააფუძნეს. საწარმო ოზურგეთთან ახლოს, სოფელ ნაგომარში საკუთარ პლანტაციებსაც (12 ჰექტარი) ფლობს და სხვადასხვა სახეობის ჩაის (შავს, მწვანეს და მოცვისას) ამზადებს.

ნაგომარში, კახა და ნინო ნაჭყებიები საწარმოს გამართულ მუშაობაზე ზრუნავენ. „ – ჩვენთან დამზადებული ჩაი ნამდვილი, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ქართულია,“ – გვითხრა კახა ნაჭყებიამ. დანადგარების მეშვეობით, საწარმოში ჩაის ფოთლებს ჯერ აჭკნობენ, შემდეგ გრეხენ (როლერში), სპეციალურ დანადგარში ჟანგავენ (ფერმენტაციას გადის) და პროცესის ბოლოს, ბამბუკის სპეციალურ საფენებზე გასაშრობად აფენენ. ამის მერე, ჩაის უკვე ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდში აფასოებენ, რაც მის შენახვაზეც დადებითად მოქმედებს.

ENPARD-ის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა) დახმარებით, „ნაგომარის“ დამფუძნებლებმა ყველა საჭირო დანადგარის შეძენა შეძლეს, მათ შორის – მწვანე ჩაის დასამზადებელი სახარში დანადგარის და ჩაის პაკეტების (პირამიდის ფორმის) გამოსაყვანი მანქანის (რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და მის გამართვას სპეციალური ცოდნა სჭირდება). საწარმო „ნაგომარი“ სოფელში გლეხის დარჩენას ხელს უწყობს და სამუშაო ადგილების გაზრდასაც ახერხებს.

საწარმოების გაჩენასთან ერთად, ჩაის ბიზნესი ნელ-ნელა ვითარდება. სამომავლოდ იმედია, გლეხი  სოფელში მუშაობას ამჯობინებს, ქართული ჩაი დამსახურებულ სახელს დაიბრუნებს და მასზე მოფლიოში მოთხოვნაც გაიზრდება.

pepper.ge