მთავარი შემოქმედება ხელობა „Ceramic Studio 1300“

„Ceramic Studio 1300“

ირინე ჯიბუტი და ტასო გომელაური კერამიკის სტუდიის დამფუძნებლები არიან. მათ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღეს. პროფესიით ორივე კერამიკოსია. სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე, ორივე მათგანმა საკუთარი სამუშაო სივრცის ქონა გადაწყვიტა, სადაც კერამიკაზე დამოუკიდებლად იმუშავებდნენ – ღუმელი ექნებოდათ და სხვადასხვა ნივთს შექმნიდნენ…

 2015 წელს, ტასოს სახლში (სადაც თავისუფალი სივრცე იყო) გოგონებმა ერთად მუშაობა დაიწყეს – აუცილებელი დანადგარებიც შეიძინეს და სახელოსნო მოაწყვეს. აქ მათ ერთი წელი დაჰყვეს. პარალელურად, კერამიკის ხელნაკეთ ნივთებს ერთ-ერთ მაღაზიაში გასაყიდად აბარებდნენ, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ისეთი სივრცე სჭირდებოდათ, სადაც იმუშავებნენ და თან, ნამუშევრებს თავადაც გაყიდდნენ. „ – შეგვეძლო, გამყიდველი დაგვექირავებინა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მყიდველებთან კომუნიკაცია თავად ვაწარმოოთ, მათთვის კი ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა, როდესაც მაღაზიაში შემოსულები ამ ნივთებზე მომუშავე ადამიანებს ხვდებიან და მუშაობის პროცესსაც თვალს ადევნებენ,“ – ამბობს ირინე.

Fabrika ის სივრცე აღმოჩნდა, სადაც სტუდიის კონცეფცია ადვილად მიიღეს. მეგობრებმა სტუდიის სახელწოდებაზე ბევრი იფიქრეს და ბოლოს „Ceramic studio 1300“-ზე შეჯერდნენ.

გარდა იმისა, რომ „Ceramic studio 1300“ სტუდიის არსზე პირდაპირ მიანიშნებს, ასევე სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს: რიცხვი „1300“ კერამიკის გამოწვის ყველაზე მაღალ ტემპერატურას აღნიშნავს.

დღეს თბილისური კაფეები ინდივიდუალიზმს დიდ ყურადღებას უთმობენ. ამიტომ ბევრი მათგანი ჭურჭელსა თუ სხვადასხვა ნივთს სწორედ კერამიკის სტუდიას უკვეთს, თუმცა მეგობრებისათვის საქმის წამოწყებისთანავე მნიშვნელოვანი იყო, რომ გასაყიდი პროდუქტის შექმნის პარალელურად, სხვადასხვა პროექტზეც ემუშავათ. TBC Bank-ის ინტერიერისთვის ობიექტები მათ ერთობლივად შექმნეს, საფრანგეთის საელჩოსთანაც ითანამშრომლეს, ეროვნულ გალერეაში კი ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდნენ. მეგობრების შემოქმედება Transmission-მაც გააშუქა…

კერამიკის სტუდიის დამფუძნებლებისთვის ეს საქმიანობა ბიზნესზე მეტად, კერამიკოსების შემოქმედებითი მუშაობაა სახელოსნოში, სადაც ისინი დიდ სიამოვნებას იღებენ. „ – ბიზნესის გაზრდაზე მეტად, სტუდიის სამომავლო გეგმა კერამიკის ბევრი, საინტერესო ობიექტის შექმნას უკავშირდება,“ – გვიხსნის ირინე.

კერამიკის სტუდიისთვის დამახასიათებელი ნამუშევრები „ანანასები“ და „კრისტალებია“, საყვარელი ფერი – ღია ცისფერი (წყლისფერი), რადგან მეგობრები ყველაზე კომფორტულად ამ ფერთან მუშაობისას გრძნობენ თავს…

დამფუძნებლების გარდა, სტუდიაში ლიზა ჭეიშვილი და სალომე ხელაძე მუშაობენ. განათლება მათაც სამხატვრო აკადემიაში აქვთ მიღებული. „ – თანამშრომლები ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ. ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. დიდი ფუფუნებაა, როდესაც ახალმოსულს შენი ესმის და „მოგყვება“. ჩვენთვის მათი აზრი მნიშვნელოვანია.“

ერთი წელია, რაც ლიზა სტუდიასთან თანამშრომლობს. თავდაპირველად, კვირაში ერთი დღე მუშაობდა, როგორც კონსულტანტი, შემდეგ კი კერამიკას უფრო „ახლოს გაეცნო“ და მისი სამუშაო დღეების რაოდენობაც გაიზარდა. ამბობს, რომ სახელოსნოში ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობს და ამ პროფესიის მიმართ მეტი ინტერესი უჩნდება.

ყოველდღიური აქტიური მუშაობის გარდა, კერამიკის სტუდია ცდილობს, სხვადასხვა ხელოვანთან ღია ურთიერთობა ჰქონდეს.  ამიტომ სტუდიაში მხატვრებს ხშირად იწვევენ, რათა კერამიკულ ჭურჭელზე ნახატები შექმნან, რითიც თითოეული ნივთი უფრო მიმზიდველი და განსაკუთრებული ხდება.

ასევე, კერამიკის სტუდიაში მასტერკლასები ტარდება, სადაც მონაწილეები კერამიკულ ნივთებს თავადაც ქმნიან.

სამომავლოდ, „Ceramic studio 1300“ ქართველი თუ უცხოელი კერამიკოსების მოწვევას და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასების ჩატარებასაც გეგმავს.

ავტორი: თამარ კაპანაძე

pepper.ge