მთავარი აქტიური ცხოვრება ბიზნესი საქართველოში გაზრდილი მოცვი საზღვარგარეთ უფრო მოთხოვნადია

საქართველოში გაზრდილი მოცვი საზღვარგარეთ უფრო მოთხოვნადია

საქართველოში სოფლის მეურნეობა რისკიანი ბიზნესია, თუმცა გურიაში ლურჯი მოცვი ისე კარგად ხარობს და იმხელა მასშტაბს მიაღწია, რომ მაგალითად, ბიზნესმენი – პალესტა ზანთარაია რუსეთის გარდა, მოცვის გატანას ევროპაშიც გეგმავს. ჩვენ მის კომპანიას – Blue Berry ვესტუმრეთ და ბიზნესის წარმოების სპეციფიკაშიც გავერკვიეთ…

მოცვის პირველი ნერგი სოფელ ნარუჯაში, 2011 წელს დარგეს. ფერმა სახელმწიფო პროგრამით დაარსდა. მაშინ ნარგავები მხოლოდ 4-5 ჰექტარს მოიცავდა. მოგვიანებით,  ტერიტორია კერძო პირმა – პალესტა ზანთარაიამ შეიძინა, ახლა კი დამოუკიდებელ საწარმოს წარმოადგენს. ბატონმა პალესტამ ბიზნესი გააფართოვა და უკვე 15 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, საიდანაც 10 ჰექტარზე სხვადასხვა სახეობის მოცვია გაშენებული (ონეილი, მისტი, ერლი ბლუ, ლეგასი, რეკა, ბლუ კროპი, ბლუ რეი, ჩენდლერი, ბლუ გოლდი და ა.შ.).

წლის განმავლობაში, მოცვი მხოლოდ ერთხელ იკრიფება, დანარჩენი დრო მასზე ზრუნვას ეთმობა. თუ მოცვის ფოთლებს ჩაისთვის კრეფენ, მაშინ მცენარე ნაყოფს აღარ ისხამს. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, არჩევანს თავიდანვე აკეთებენ. ნაყოფის დაფასოებულ მდგომარეობაში გაყიდვა უფრო მომგებიანია, რის გამოც მეწარმეები უმეტესად კენკრის მოკრეფაზე არიან ორიენტირებულნი.

ერთ ჰექტარზე ახლად დათესილი ნერგი პირველ ჯერზე ნახევარ ტონა მოსავალს იძლევა, ხოლო დროთა განმავლობაში, 15 ტონამდე ადის. ნარუჯაში უკვე 13 ჯიშის მოცვია გაშენებული, ისინი ერთმანეთისგან ზომით და გემოთიც განსხვავდება. ჯიშის გამოყვანა ბუნებრივად შეუძლებელია. მას მხოლოდ ლაბორატორიაში ქმნიან. ქართული ჯიში არ არსებობს. ნერგები საზღვარგარეთიდან (ძირითადად, აშშ და კანადა) ჩამოაქვთ.

მთელი წლის განმავლობაში, მცენარეს საკმაოდ დიდი ყურადღება და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება. მოცვის მოსავლელად, სიდამპლის თუ მწერების საწინააღმდეგო წამლებს პერიოდულად იყენებენ. ზედმეტ ბალახს თვეში ერთხელ აშორებენ. ნერგებს ტრაქტორებით ამუშავებენ. ნაყოფით ჩიტებიც ხშირად ინტერესდებიან (მათ თოფის გასროლით აფრთხობენ). ნერგებს მულჩირებას უკეთებენ – აგროქსოვილებს აკრავენ, სადაც წვეთოვან მილებს ატარებენ. მილების დახმარებით, წყალთან ერთად, მცენარეს სასუქიც მიეწოდება. ავტომატიზირებული სისტემა (გერმანული) ძალიან კომფორტულია, რაც მოვლისთვის დიდი რაოდენობით მუშახელის საჭიროებას გამორიცხავს.

მოცვის კრეფას მაისის ბოლოდან იწყებენ და ივლისის დასაწყისში ასრულებენ. სხვა ქვეყნებში ნაყოფი ცოტა გვიან მწიფთება. ამიტომ საქართველოს ჰავა და ნიადაგის მჟავიანობა (3.8-დან 5-მდე), სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბაზრისთვის კენკრის უფრო ადრე მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ არის საქართველო ლურჯი მოცვის გაზრდისთვის ხელსაყრელი ქვეყანა: დროის ფაქტორი ხილის ფასის ზრდას იწვევს, რაც ბიზნესის წარმატების გარანტად მიიჩნევა.

ჩაის კრეფის სეზონს მოცვის კრეფა ცოტათი წინ უსწრებს. ამიტომ ადგილობრივი მკრეფავები ამ დროს ჯერ კიდევ საქართველოში არიან (მოგვიანებით ძირითადად, თურქეთში მიდიან). ზოგჯერ მოცვს ერთდროულად 100-ზე მეტი ადამიანი კრეფს. ისინი დილით და საღამოს მუშაობენ, რადგან შუადღის სიცხისას ნაყოფი რბილდება და მისი დაზიანების საშიშროება არსებობს. 1 კგ-ის მოკრეფა 0.35 თეთრად ფასობს. ზოგიერთი მუშა დღეში 80 კგ-ის მოკრეფას ახერხებს. ყოველდღიურად დაახლოებით, 1.5 ტონა ლურჯი მოცვი გროვდება.

მოკრეფილ ნაყოფს კოლოფებში აფასოებენ (125 გრ.) და მხოლოდ ექსპორტზე (რუსეთში) გააქვთ – საქართველოში მასზე მოთხოვნა არ არის. ლურჯი მოცვის 125-გრამიანი კოლოფი დაახლოებით, 6$ ღირს. მოცვს ხშირად საკონდიტრო მრეწველობაში იყენებენ. ის მხედველობისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

ლურჯი მოცვით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზაში არ უნდა გაჩერდეს, თუმცა ეს ყაზბეგის სასაზღვრო ზოლზე რამდენჯერმე მოხდა. ამ დროს დიდი რისკია, რომ მოცვმა ვარგისიანობა დაკარგოს და სეზონზე ბიზნესი დაზარალდეს. მსგავსი ფაქტი იშვიათად ხდება, ამიტომ მეწარმეები ლურჯი მოცვის ევროპაში გატანაზეც ფიქრობენ. საქართველოს მიწაზე გაზრდილი კენკრა სავარაუდოდ, მალე მსოფლიო ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს.

pepper.ge