მთავარი აქტიური ცხოვრება ბიზნესი რესტორანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე

რესტორანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე

მსოფლიოში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, ტრადიციულ ქართულ მარანს მხოლოდ „ბინა 37“-ში თუ ნახავთ. უპრეცედენტო რესტორანი სტუმრებს მშვიდ, წყნარ გარემოში, ტრადიციული კერძებითა და აქვე დაწურული ღვინით მასპინძლობს. „ბინა 37“-ში, ხმამაღალი მუსიკის გარეშე, ურთიერთობისთვის აბსოლუტური იდილიაა შექმილი.

პროფესიით ექიმმა ზურაბ ნატროშვილმა სახლი ერთჯერადი ინსვესტიციის სახით და დეველოპერული კომპანიის მხარდაჭერით ააშენა. თავდაპირველად, აქ მის ოჯახს უნდა ეცხოვრა. მეგობრებთან ერთად, ბატონმა ზურაბმა მე-8 სართულზე, #37 ბინაში 4 ტონა ყურძენი (ქისი, კახური მწვანე და რქაწითელი) დაწურა და მიღებული ღვინო „ბინა 37“-ის ბრენდით 2016 წლის ღვინის ფესტივალზე გაიტანა, სადაც საკმაოდ დიდი ინტერესიც გამოიწვია: მე-8 სართულზე დაწურული ღვინით გაოცებულ ადამიანებს, მათ შორის – ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, ბინის ნახვის სურვილი გაუჩნდათ. რესტორნის შექმნის იდეაც მაშინ დაიბადა.

„ბინა 37“-ის ვერანდა 330 კვ/მ-ს შეადგენს, შიდა ფართი კი – 240კვ/მ-ია. ვერანდაზე მოწყობილ მარანში 43 ქვევრი 1.2 მ. სიღრმეზე ჩადის. ყოველი მათგანი 200-300 ლიტრ ღვინოს იტევს. „ – თავდაპირველად, საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება გამოწვევად ჩავთვალეთ. ქვევრებს შორის წყლის მილების დამაგრებას ვგეგმავდით, რომლებიც სეზონის მიხედვით, ღვინის გაგრილებას თუ გათბობას გამოიწვევდა. მოგვიანებით მივხვდით, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ღვინო მარანში არომატს და გემოს ინარჩუნებს,“ – გვიყვება ზურაბ ნატროშვილი. შარშან „ბინა 37“-ში 10 ტონა ყურძენი დაიწურა. ღვინოს მალე რესტორნის ბრენდის სახელით ბოთლებშიც ჩამოასხამენ.

რესტორნის 10 თანამშრომელი სტუმრებზე ყოველდღიურად ზრუნავს. ისინი ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, შესაბამისად, ხარისხთან მიმართებაში ფასიც დაბალანსებულია. მენიუ კომპაქტური და ღვინოსთან შეხამებულია (გურმანები ამას ხშირად დადებითად აფასებენ). აქ ხმაურიან სუფრებს და „ცოცხალ“ მუსიკას ვერ შეხვდებით – საცხოვრებელ კორპუსში და თან, ხმაურის ამკრძალავი კანონის რეგულაციის ფონზე, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა ქართული, ტრადიციული სუფრების ოთახს რესტორნის შიდა სივრცეში მაინც ნახავთ.

შიდა სივრცე, გარესგან განსხვავებით, უფრო მოდერნიზებულია. ძველი ტრადიციული და თანამედროვე დიზაინი ერთმანეთთან გემოვნებით არის შეხამებული. „ – ვცდილობთ, რესტორანში ბავშვებისთვისაც გამოვყოთ ადგილი, სადაც პატარები ბატუტებზე იხტუნებენ და მშობლებს საუბარში ხელს არ შეუშლიან. გვინდა, რომ რესტორანში ოჯახის სრული შემადგენლობით სიარულის კულტურა დავნერგოთ,“ – ამბობს ბატონი ზურაბი. რესტორანში ამისთვის საკმარისი ადგილია.

„ბინა 37“-ით შემთხვევითი გამვლელი ვერ დაინტერესდება – საცხოვრებელ კორპუსთან რესტორანზე მიმანიშნებელი მაჩვენებელი საერთოდ არ გვხვდება. აქ მხოლოდ ისინი მოდიან, ვინც რესტორნის არსებობის შესახებ სოციალურ ქსელში ან სადმე სხვაგან უკვე შეიტყვეს. „ბინა 37“, შექმნილი გარემოთი თუ არაჩვეულებრივი ხედით, სტუმრებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს და მათ დროის საინტერესოდ გატარებას სთავაზობს.

pepper.ge