მთავარი შემოქმედება არქიტექტურა „ბილთმორი“ – თანამედროვეობისა და ქართული ტრადიციული ღირებულებების სინთეზი (?)

„ბილთმორი“ – თანამედროვეობისა და ქართული ტრადიციული ღირებულებების სინთეზი (?)

სასტუმრო „ბილთმორის“ (The Biltmore Hotel Tbilisi) 150 მეტრამდე სიმაღლის შენობა თბილისის თითქმის ყველა კუთხიდან მოჩანს.

გარშემო არსებული შენობებისგან სასტუმრო „ბილთმორი“ საკმაოდ განსხვავებულია. ალბათ, უნიკალური დიზაინი და შუშებით შექმნილი მასშტაბური ელემეტები უყურადღებოდ არავის რჩება. ამ შენობის მიმართ მოსახლეობა უკმაყოფილებას აშენებისთანავე გამოხატავდა. ხალხის ნაწილი ახლაც ნეგატიურადაა განწყობილი.

„იმელის“ შენობა, რომელიც „ბილთმორის“ ნაწილია, შ.რუსთაველის ქუჩის მხრიდან ჩანს. ის მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. გარედან თითქმის ხელუხლებელია. თავდაპირველად, მასში მარქსიზმის და ლენინიზმის ინსტიტუტი ფუნქციონირებდა, ხოლო 90-იან წლებში შენობა პარლამენტმა დაიკავა. დამოუკიდებელი საქართველოს ახალი კონსტიტუცია სწორედ აქ მიიღეს. შენობაში მიმღებს, შეხვედრის ოთახებსა და ამფითეატრსაც ნახავთ.

The Biltmore Hotel

ოფიციალურად „ბილთმორი“ 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. 214-ოთახიანი ლუქსუს სასტუმრო მდიდარ ადამიანებზეა გათვლილი და 8 კატეგორიად იყოფა (Delux, Grand Premium, Premium Club, Executive Suite, Junior Suit და ა. შ.). ფასი 200$-დან 3000$-მდე მერყეობს. ოთახები ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება (43, 75, 80, 85, 120, და 220 კვ/მ). ინტერიერი საკმაოდ შთამბეჭდავია.

საქართველოში ყველაზე ძვირი სასტუმრო, ასევე, ერთადერთი ლუქსუს სასტურმოა, რომელიც „7 ვარკვლავის“ სტატუსს ატარებს. ოთახები თითქმის ყოველთვის შევსებულია (ძირითადად, დატვირთვა 60%-ს აღემატება).

სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი 550 ადამიანს იტევს. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის შესაბამისად, დარბაზის დამქირავებელთა რაოდენობაც დიდია. შენობაში სპა, აუზი და სატრენაჟორო დარბაზიც ფუნქციონირებს. 32 სართულიდან, 30-ე და 31-ე სართულები რესტორანს და ბარს ეთმობა (ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედი იშლება), სადაც კონცერტებიც ხშირად ტარდება.

სასტუმროს დამფუძნებელი არაბეთის ემირატების სამეფო კარის წარმომადგენელი, მისი აღმატებულება შეიხ ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანი გახლავთ. კონცეპტი კომპანია FUKSAS-ის მოფიქრებულია (რომელსაც საქართველოში სხვა პროექტებიც აქვს შესრულებული, მათ შორის – იუსტიიციის სახლი). „ბილთმორის“ შენობაზე ქართველი არქიტექტორებიც მუშაობდნენ, თუმცა მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია (ინფორმაცია ამის შესახებ სასტუმროს წარმომადგენლებმა ვერ მოგვაწოდეს).

სასტუმროს მენეჯმენტს „მილენიუმ ჯგუფი“ ახორციელებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ ქვეყანაში მოღვაწეობს. „ბილთმორის“ აშენების იდეა ემირატებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზანს ემსახურებოდა. მის სახელს მსოფლიოში კიდევ ერთი სასტუმრო (ლოს ანჯელესში) ატარებს, რომელიც 20-იან წლებში აშენდა. გარდა იმისა, რომ იქ ოსკარის დაჯილდოების ცერემონია იმართებოდა, ალ კაპონეს ბარიც ფუნქციონირებდა. ამიტომ თბილისში „ბილთმორს“ „ვარსკვლავის ახლად დაბადება“ დაარქვეს.

The Biltmore Hotel Tbilisi-ს მთავარი აზრი თანამედროვეობისა და საქართველოს ტრადიციული ღირებულებების სინთეზი გახლავთ (ამის შესახებ „ფეისბუკზე“ სასტუმროს ოფიციალური გვერდი წერს). ამ სასტუმროს რა ქართული დეტალები ახასიათებს და ტრადიციულ ღირებულებებს როგორ გამოხატავს, ამაზე პასუხი თქვენთვის მოგვინდია…

pepper.ge