მთავარი აქტუალური თემა სოციალური ერთად გადარჩენისთვის – ბერი ანდრიას ფონდი

ერთად გადარჩენისთვის – ბერი ანდრიას ფონდი

ყველაფერი 7 წლის წინ დაიწყო. 17 წლის ბერმა, ანდრიამ, სიცოცხლის დასასრულს მშობლებს თხოვნა დაუტოვა – სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დახმარებოდნენ. თავადაც ამ ვერაგ სენს ებრძოდა, თუმცა ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. სიმსივნის აღმოჩენიდან ერთი წლის თავზე გარდაიცვალა. დედამ, თინათინ ჩხვიმიანმა, ინგლიურის პედაგოგმა, მარინა გიორგობიანმა და მამამ, ნესტორ მილორავამ, რომელიც ერთ დროს, ერთადერთი შვილის ბერად აღკვეცის წინააღმდეგი იყო, ანდრიას თხოვნა უპასუხოდ არ დატოვეს. ,,ბერი ანდრიას ფონდი“ დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს.

სახლში, სადაც უკვე მეოთხე ახალ წელს შეხვდნენ, თავს ქიმიოთერაპიის პერიოდში ან გამოკვლევების დროს იყრიან. რეგიონებიდან ჩამოსულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, რადგან მათ ხშირ შემთხვევაში თბილისში ბინის ქირაობის საშუალება არ აქვთ. თბილი გარემო ეზოს კარიდან იგრძნობა. მისაღებში ტელე-ეკრანთან მოკალათებული ბავშვები დამხვდნენ.

საკუთარი დიაგნოზის შესახებ ყველამ იცის. ერთმანეთს გულშემატკივრობენ, იბრძვიან და სიცოცხლის იმედი აქვთ.   ფონდის ბავშვები ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან. მათ შორის რეაბილიტაციისა და მკურნალობის შემდგომი გართულებებისთვის საჭირო მედიკამენტებითაც. ქიმიოთერაპიის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა 70%-ს შეადგენს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ დაავადება რთულდება, პასუხისმგებლობას ფონდი იღებს, რომელსაც სახელმწიფოსთან ერთად თითო ბავშვზე ქიმიო-თერაპიისთვის 400 ლარის გადახდა უწევს. სახლის იჯარისთვის ყოველთვიურად 1500 დოლარია საჭირო. ზამთარში კომუნალური გადასახადები 2200 ლარს აღწევს. ,,სახლმა ფუნქციონირება რომ არ შეწყვიტოს, ამისთვის თვეში 27 000 ლარამდეა საჭირო. “ -გვითხრა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თინათინ ჩხვიმიანმა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში შემოწირულობის მსურველები იმდენად შემცირდნენ, რომ ამ ეტაპზე ,,ბერი ანდრიას ფონდი“ სოციალურად დაუცველებზეა ორიენტირებული. ,,გულით ვთხოვ საზოგადოებას, რომ ისევ ისე გაქტიურდენ და დაეხმარონ ბავშვებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან. თუ ,,ბერი ანდრიას ფონდის“ ანგარიშზე საკმარისი თანხა იქნება, სტატუსის განურჩევლად ყველას ისევე დავეხმარებით, როგორც აქამდე ვეხმარებოდით“ – აღნიშნა თინათინ ჩხვიმიანმა.

ამ ეტაპზე ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ფონდის ბავშვებთან ერთად, აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ბაკურიანში დასვენება იგეგმება, ქვეყნის პრეზიდენტის პასუხს ელოდებიან. ,,აფხაზი ბავშვები სამკურნალოდ რომ ჩამოდიან, ამაზე აქცენტს არასდროს ვაკეთებთ, რადგან არ გვინდა მათ რაიმე პრობლემა შეექმნათ. მკურნალობის პერიოდში ჩვენთან ყოფნა ძალიან უხარიათ“ – გვითხრა თინათინ ჩხვიმიანმა.

ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, ფონდის ბავშვები ერთი დღით მინისტრებიც იყვნენ. 18 წლის გიორგი კოვზირიძემ ოცნება სიცოცხლის ბოლო დღეებში აისრულა. მან მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის სავარძელი დაიკავა. იმ პერიოდში მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძოდა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ,,გიორგი სტუდენტობაზე ოცნებობდა და მადლობა ღმერთს, უფალმა დააცადა“ – გაიხსენა თინათინ ჩხვიმიანმა. ფონდის ერთ-ერთი საპატიო და ხშირი სტუმარი, თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლე, თიკა თინიკაშვილი გახლავთ, რომელსაც თინათინის თქმით ბავშვებისთვის დახმარების ხელი არაერთხელ გაუწვდია. ,,თიკა შვილებთან ერთად ჩვენთან ჩუმად მოდის. ტელევიზიაც კი არასდროს გამოჰყოლია. ბავშვებს საკუთარი ოჯახიდან და ხელფასიდან, ტომრებით სასურსათო მარაგს მოუტანს, მოინახულებს, გაესაუბრება და შემდეგ ჩემთან ერთად ყავას მიირთმევს. მისი შვილები კი ფონდის ბავშვებთან ერთად თამაშობენ“ – გვიამბო ბერი ანდრიას დედამ.

ფონდი ამჟამად სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 54 ბავშვზე ზრუნავს, თუმცა მათთვის განკუთვნილ სახლში მონაცვლეობით, კონკრეტულად კი მკურნალობის პროცესის დროს ცხოვრობენ. ზოგიერთი უკვე კონტროლის რეჟიმშია. ფონდის ხელმძღვანელი დაავადების დამარცხებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს. თუ რატომ, ამ შეკითხვაზე ასე გვიპასუხა: ,,არ მიყვარს, როცა დარწმუნებით ვამბობ, რომ ამა თუ იმ ბავშვმა სიმსივნე დაამარცხა. არ მინდა გავიხარო და შემდეგ რეციდივი მოხდეს, რაც ორჯერ უფრო მტკივნეულია“. ფონდის ყველა წევრი, მოხალისე თუ თანამშრომელი ცდილობს, მშობელმაც და ბავშვმაც კარგად გაიაზრონ და იცოდნენ, რომ დაავადება უკან თუ დაიხევს, რეციდივის საშიშროებაც არსებობს. ,,ბერი ანდრიას ფონდის“ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტებიდან რამოდენიმე მათგანი განიკურნა კიდეც. ფონდი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ზრუნავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ პაციენტს 18 წელი მკურნალობის დაწყების შემდეგ შეუსრულდა, მას შუა გზაზე მიატოვებენ. ამის მაგალითები 22 წლის სტუდენტები, ოთო გოგილაშვილი და ბექა ბარამია არიან. ბექამ სიმსივნის შესახებ უკვე მესამე სტადიაში შეიტყო და 5 წლის წინ დამარცხებაც შეძლო. მან საკუთარ დაავადებაზე შემთხვევით მაშინ გაიგო, როცა უკვე სრულიად გამოჯანმრთელებული იყო. ბავშვებისთვის, რომლებიც დაავადებას ჯერ კიდევ ებრძვიან, ოთოც და ბექაც დიდი სტიმულია. ისინი დღეს ისევ იმ სახლში ცხოვრობენ, სადაც ერთ დროს უკურნებელ სენთან ბრძოლა დაიწყეს. ახლა კი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, ფონდის ხელმღვანელობასთან ერთად იბრძვიან.

ყველაზე პატარა პაციენტი 8 თვის გოგონაა, რომელმაც რეტინობლასტომით ერთი თვალი დაკარგა და ამ ეტაპზე მეორე თვალის შესანარჩუნებლად ოდესაში მკურნალობს. იმ შემთხვევაში თუ ფონდი პაციენტის უცხოეთში მკურნალობას ვერ აფინანსებს, საკუთარ თავზე საბუთების მოგვარებას იღებს.

,,რას ვგრძნობ და როგორ მტკივა, ამას არასდროს ვაჩვენებ, რადგან თვალებიც რომ ამიცრემლიანდეს, ბავშვები ამასაც ვერ ეგუებიან. სალომე, რომელიც ახლა ბერი ანდრიასთან ერთად სასუფეველშია, ვერ იტანდა, როცა ვტიროდი. ბავშვებმა მასწავლეს, რომ არ უნდა ვიტირო. მათ იმდენად შეცვალეს, შეავსეს და გამილამაზეს ცხოვრება, რომ გაორებული ვარ. ჩემს მძიმე ხვედრზე, მხოლოდ ძილის წინ ვფიქრობ. ყველაზე დიდ ძალას ბავშვების თვალებში დანახული სიყვარული მაძლევს. ისინი დედას მეძახიან, რაც ჩემთვის დიდი ჯილდოა. ჩემი დედობა ბერი ანდრიას გარდაცვალების შემდეგ არ დასრულებულა. ბავშვებზე ზრუნვის სტიმული ის დაპირებაა, რომელიც შვილს მივეცი“- გვიყვება, ბერი ანდრიას დედა.

,,დედა, მე ყოველთვის შენს გვერდში ვიქნები“- ამას ჰპირდებოდა დედას ბერი ანდრია და გარდაცვალებაზე ესაუბრებოდა. 16 წლის იყო, როცა მერკელის ტიპის უჯრედების ნეიროენდოკრინული კარცინომა აღმოაჩნდა. აღნიშნული დიაგნოზი ამ ასაკში მსოფლიოში პირველად, ბერი ანდრიას დაუდგინდა. პალატაში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, პატარა კელია მოიწყო. ოდიგიტრია – ღთისმშობლის ხატი, რომელიც გზის მაჩვენებელს ნიშნავს, საჩუქრად პატრიარქისგან მიიღო. მაშინ ბერი არ ყოფილა და ძალიან აღელვებულა, ნეტა რა გზას მიჩვენებს უწმინდესიო. უფალთან სიახლოვით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. ტაძარში დედაც თვითონ წაიყვანა. მაშინ ბერი ანდრია მეოთხე კლასის მოსწავლე იყო და მშობლებთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა. ოჯახი სოხუმიდანაა დევნილი. თინათინ ჩხვიმიანმა იქაურობა იმ პერიოდში დატოვა, როცა მომავალ ბერს მუცლით ატარებდა. დიაგნოზის დასმამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ. ბერი ანდრიას გარდაცვალების შემდეგ თბილისიდან აღარსად წასულან.

6-ე კლასში იყო, როცა ინგლისურის მასწავლებელს გაუმხილა, რომ ბერობა სურდა. მის სურვილს დედა სიხარულით შეხვდა, მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა შვილისთვის დიაგნოზის დასმამდე არაფერი უთქვამს. შემდეგ კი მეუღლეს სთხოვდა, შვილთან გაერკვია, სურდა თუ არა მას ისევ ბერობა. როცა თინათინ ჩხვიმიანმა ერთადერთ ვაჟს ჰკითხა, ისევ ფიქრობდა თუ არა ბერად აღკვეცაზე, უფალს მადლობა გადაუხადა და უპასუხა: ,,თუ მამასთვის ჩემი ბერობა სათნო იყო, სულ ვლოცულობდი, რომ უფლისგან ნიშანი მიმეღო“.

ერისკაცობაში ნუგზარ მილორავა და მორჩილებაში ნიკოლოზი, 17 წლის ასაკში ბერად პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა. მკურნალობაზე უარი განაცხადა. ,,თუ ჩემი განკურნება ღვთის ნებაა, განვიკურნები. შენ არ ინერვიულო“ – ასე ამშვიდებდა დედას. 28 ივლისს კი უთხრა, რომ იმ დღეს გარდაიცვლებოდა. მამა ანდრია 2011 წელს, კვირკობის დღესასწაულზე გარდაიცვალა. ის მარტყოფის მამათა მონასტერშია დაკრძალული. პალატაში, სადაც კელია დატოვა, სიმსივნით დაავადებული ბავშვები მამა ანდრიასგან შეწევნას ითხოვდნენ. სამლოცველოდ ქცეული ოთახი ონკოლოგიური კლინიკის განახლების შემდგ გაუქმდა.

თიბისი ბანკი საბანკო კოდი TBCBGE22 ანგარიშსწორების ანგარიში: GE73TB7171536080100002

ზარი ნებისმიერი ქსელიდან: ასევე შეგიძლიათ დარეკოთ 0901500535 და შეწიროთ ფონდს 1 ლარი

Pepper.ge