მთავარი აქტიური ცხოვრება ფაუნა ბათუმის დელფინარიუმში დატყვევებული დელფინების შოუ

ბათუმის დელფინარიუმში დატყვევებული დელფინების შოუ

ბათუმის დელფინარიუმი დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ადგილია. დღის განმავლობაში, დელფინების შოუზე დასწრების მსურველები საკმაოდ ბევრნი არიან. ყოველ ჯერზე, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. მენეჯერის თქმით, ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი, თუმცა მოგეხსენებათ, ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები პატარა სივრცეში დელფინების გამოკეტვას ეწინააღმდეგებიან.

დელფინარიუმი ბათუმში 1975 წელს გაიხსნა. მანამდე, მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანების მიმართ დელფინების მეგობრულმა განწყობამ დელფინარიუმების გაჩენის მოთხოვნილება შექმნა. დღესდღეობით, ეს ბიზნესი ძალიან წარმატებულია – ჭკვიანი და კეთილი დელფინების ნახვის სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება.

ბათუმში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991 წ.), ეკონომიკური კრიზისის დროს, დელფინარიუმს დენი არ მიეწოდებოდა, საჭირო სარემონტო სამუშაობი ვერ ხორციელდებოდა და ფინანსური პრობლემების გამო, დელფინების გამოსაკვებად თევზის შეძენაც პრობლემას წარმოადგენდა. დელფინარიუმის მენეჯერმა – ბატონმა თენგიზ წეროძემ იუგოსლავიაში (ამჟამად – მონტენეგრო) პარტნიორი ნახა, რომელმაც ზღვაში, სპეციალურ აუზებში დელფინების გაშვების იდეა წამოაყენა. ბათუმის დელფინარიუმის ყველა დელფინი სპეციალურ აბაზანებში მოათავსეს და თვითმფრინავით იუგოსლავიაში გადააფრინეს.

3 დღის შემდეგ, ბათუმის დელფინარიუმის წყლის სატუმბო დანადგარი წყობიდან გამოვიდა. „ – 3 დღით დაგვიანების შემთხვევაში, დელფინების ზღვაში გაშვება მოგვიწევდა. ისინი ნადირობას გადაჩვეულები იყვნენ და ზღვაში გაშვება მათთვის სახიფათო იქნებოდა,“ – ამბობს ბატონი თენგიზი. აუზში ცხოვრებას მიჩვეულ დელფინებს ღია სივრცეში ორიენტაცია გაუჭირდებოდათ. საკვების მოთხოვნის მიზნით, ადამიანებთან ახლოს მივიდოდნენ. თევზის გარდა, მათთვის მავნებელ საკვებსაც მიიღებდნენ, რაც დელფინების ჯანმრთელობაზე ცუდად აისახებოდა.

1991 წლის შემდეგ, დელფინარიუმმა დიდი ხნით ფუნქციონირება შეწყვიტა: „ – რუსეთიდან 1 მილიონი რუბლის დაფინანსება მივიღე, თუმცა კუპონების შემოსვლის შემდეგ, იმ თანხით მხოლოდ 2 ტომარა ცემენტს თუ ვიყიდდი,“ – გვიყვება ბატონი თენგიზი. მოგვიანებით (2009 წ.), ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი დანადგარებით, ახალი დელფინარიუმი აშენდა. სატუმბო დანადგარები აუზს წყალს პირდაპირ ზღვიდან აწვდის. დელფინებს ძლიერი სმენა აქვთ, ამიტომ ტუმბოს ხმა მათ ნერვულ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. ამერიკელი ინჟინრის დახმარებით, სატუმბო დანადგარები ცალკე შენობაში გადაიტანეს, სადაც ხმა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ, მენეჯერის თქმით, დელფინებს აუზში ხმისგან გამოწვეული დისკომფორტი საერთოდ არ ექმნებათ.

დელფინები ღია სივრცეში დღეში 100 კილომეტრამდე დაცურავენ. სამწუხაროდ, გასართობი მიზნებისთვის მათ პატარა სივრცეში ცხოვრება უწევთ. მსოფლიო მასშტაბით არსებულ დელფინარიუმებში, ადამიანებთან კონტაქტისას დელფინებს ბაქტერიული დაავადებები ემართებათ (ამიტომ მათთან მისვლამდე ხელების დეზინფექციაა აუცილებელი) და ხშირად პატარა წრეზე ცურვისგან თუ ხმაურისგან სტრესს იღებენ. ღია სივრცეში დელფინები დროის 80%-ს წყალქვეშ ატარებენ, ხოლო დელფინარიუმში – წყლის ზემოთ, საჭმლის და ყურადღების მოლოდინში.

ზღვასა თუ ოკეანეში, ტემპერატურის ცვლილებასთან შესაგუებლად, დელფინები ორგანიზმში გაგრილების თუ გათბობის სისტემას ამუშავებენ. ექოლოკაციით კილომეტრების დაშორებითაც ხედავენ. წყლის სიღრმეში ჩასვლისას, ორგანიზმში სისხლის მიწოდებას ანაწილებენ და ჰემოგლობინის გარდა, ნეოგლობინსაც გამოიმუშავებენ. ცილის დახმარებით, კუნთებში ჟანგბადის აკუმულირებას ახდენენ.

დახურულ სივრცეში ცხოვრებას ყველაზე უკეთ დელფინის ერთ-ერთი სახეობა – აფალინი ეგუება (მსოფლიოში დელფინის 44 სახეობა არსებობს). ძირითადად, დელფინარიუმებში სწორედ ამ სახეობის დელფინებს ნახავთ. ისინი გაყინულ თევზს (სტავრიდა, სელდი, შპროტი, მოივა…) ჭამენ. ყოველდღე 7-10 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზს შერეულად იღებენ. დელფინარიუმის ადმინისტრაცია თევზის შესყიდვაზე ტენდერს შესაბამისი ფასით აცხადებს ხოლმე. ფასის გამო, ხშირად მეწარმეები მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ამიტომ დიდი შანსია, დელფინარიუმმა მოძველებული თევზი შეღავათიან ფასად იყიდოს. ადგილობრივი მეთევზეები დელფინარიუმისთვის საკმარისი რაოდენობის თევზის მიწოდებას ვერ ახერხებენ. ამიტომ თევზი უმეტესად საზღვარგარეთიდან შემოაქვთ.

ამჟამად, ბათუმის დელფინარიუმში 17 დელფინია, თუმცა მატებასაც ელოდებიან. დედა დელფინი ყოველთვის ერთ შვილს ჰბადებს, რომელიც დედის რძით იკვებება. დელფინებთან დამეგობრება და კომუნიკაცია მარტივია. გონებრივი შესაძლებლობების (დაახლოებით, 20% იყენებენ) წყალობით, ისინი ჟესტიკულაციაზე სწრაფად რეაგირებენ. მათ ადამიანების ინტონაციის გამეორებაც შეუძლიათ. გარეგნულად და ხასიათით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან: ზოგი ცელქია, ზოგიც – სერიოზული, ჩხუბის ან თამაშის ინიციატორი… წინათ მათ რუსულ სახელებს არქმევდნენ, ახლა – ქართულს (გოჩა, ხვიჩა, ხუტა…).

დელფინების მოთვინიერებისას სპეციალურ სასტვენს იყენებენ. თუ დელფინი დავალებას კარგად შეასრულებს, სასტვენში ჩაბერავენ, რაც დავალების წარმატებით შესრულების მაუწყებელია. შემდეგ დელფინებს თევზით, სათამაშოთი ან მოფერებით ასაჩუქრებენ. მაგალითად, დელფინი წყალში ჩადებულ რგოლში თუ გაძვრება ეს უყურადღებოდ (ჯილდოს გარეშე) არ დარჩება, ხოლო თუ არ გაძვრება, არც უსტვენენ და არც აჯილდოებენ, რის შემდეგაც ჭკვიანი დელფინი დაფიქრდება – რა შეცდომა დაუშვა და რგოლში გაძრომას ხელახლა ცდის. საბოლოოდ, რგოლს ჰაერში, მაღლა სწევენ და დელფინი მასში გაძრომას გადახტომით ცდილობს.

სტუმრები დადგმული შოუთი აღფრთოვანებულები რჩებიან. დელფინებს კარგად გამოსდით მაყურებელთა გართობა: ბურთის ბალანსირება, ჰაერში ხტომა, თავის მოძრაობით შეკითხვებზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა, ხალხის გაწუწვა და ა.შ.  ისინი ადამიანის მიმართ აგრესიას თითქმის არასოდეს გამოხატავენ. თანადგომა და დახმარება მათი ცხოვრების სტილია.

ბათუმის დელფინარიუმში ვიზიტი თუ დელფინებთან აუზში ჩასვლა იაფი არ ღირს ( შესვლა – 15-20 ლ. დელფინებთან ჩასვლა – 100-150 ლ.), თუმცა სტუმრების რაოდენობა არ წყდება. სავარაუდოდ, მომავალში ბათუმის დელფინარიუმში დელფინების რაოდენობა მოიმატებს, შოუ მეტად დაიხვეწება და ბიზნესიც უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს…

pepper.ge