მთავარი აქტუალური თემა სპორტი კალათბურთის განვითარების პერსპექტივა

კალათბურთის განვითარების პერსპექტივა

კალათბურთის განვითარებისთვის მცირე ასაკის სპორტსმენების წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ქართულ კლუბებში, სადაც ბავშვები თამაშობენ, ძირითადად, მძიმე პირობებია: ცხელი წყალი არ მოდის, დარბაზები მოძველებულია – ცენტრალური გათბობის სისტემა არ აქვს, ფინანსური სახსრები ზოგჯერ სათამაშო ფორმების შესაძენადაც არ არის საკმარისი.

პატარების აღზრდაზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა კვალიფიციურ მწვრთნელებს აკისრიათ (მათი უმრავლესობის ხელფასი თვეში 300-400 ლარს შეადგენს). ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვებმა 19 წლამდე საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ. თავდაპირველად, პატარებს სირბილს ასწავლიან და კალათს დაბალ სიმაღლეზე ამაგრებენ (ბურთის სროლისას ხელი ზედმეტად არ იტვირთება). ვარჯიშს გართობის სახე აქვს. ამიტომ დარბაზში სიარული სახალისოა.

რამდენიმე კლუბში სკოლის ნიშნებსაც ყურადღებას აქცევენ. გარდა იმისა, რომ განათლება სამომავლოდ უმუშევრად დარჩენის ალბათობას ამცირებს, თამაშისთვის მნიშვნელოვან გონებრივ შესაძლებლობებს ავითარებს. მას შემდეგ, რაც სპორტული სკოლა ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მოსწავლეებს დროის მენეჯმენტი უჭირთ. ბავშვების მიერ გაკვეთილების გაცდენის გამო, მასწავლებლებს „არების“ დაწერა უწევთ, რაც მოგვიანებით, სასკოლო ნიშნებზე აისახება. შესაბამისად, დაბალი ნიშნების შემთხვევაში, მოსწავლეებს თამაშის უფლებას აღარ აძლევენ. ახალგაზრდა სპორტსმენები სკოლების მხრიდან ხელშეწყობას ითხოვენ, რომ სავარჯიშოდ საკმარისი დრო ჰქონდეთ.

ზაზა ფაჩულიას აკადემია

ვარჯიშისას სისხარტეს, ტაქტიკურ აზროვნებას, ტეკნიკურ მონაცემებს და გუნდურ თამაშს დიდ ყურადღებას უთმობენ. ზოგიერთი მოსწავლე ტანმაღალიც არის და ნიჭიერიც, თუმცა ზარმაცია – საკუთარ შესაძლებლობებს ბოლოდმე ვერ იყენებს. კარგი მწვრთნელი დაკვირვებულია და ცდილობს, ყოველი მათგანის ხასიათი გაითვალისწინოს. ნიჭთან ერთად, კარგ სპორტსმენად ჩამოყალიბებას დაუღალავი ფიზიკური შრომა სჭირდება.

საკალათბურთო კლუბი „ორბი“

კალათბურთელები ზრდასრული ასაკიდან სათამაშო ადგილს ქართულ ლიგაში ეძებენ (ამჟამად, ა-ლიგაში 6 კლუბი ასპარეზობს) ან საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, უფრო ხშირად კი საქმიანობას სხვა სფეროში აგრძელებენ. ქართულ სპორტში ინვესტორებს ფულის დაბანდების მოტივაცია არ აქვთ. საჭირო ფინანსების მოზიდვას და სათამაშო ინფრასტრუქტურის შექმნას მხოლოდ რამდენიმე კლუბი ახერხებს.

„ჰიუნდაი“ vs „ზაზა“

ასეთ კლუბებში საჭირო პირობებს შეძლებული ბიზნესმენები საკუთარი ენთუზიაზმით ქმნიან. „ჰიუნდაის“ საკალათბურთო გუნდი „ჰიუნდაის ცენტრის“ დამფუძნებლის – დავით გიორგობიანის პირადი სურვილით შეიქმნა, სადაც 180-მდე ბავშვი იზრდება. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს. მათ საქართელოში ყველაზე თანამედროვე პირობები აქვთ შექმნილი. ისინი ევროპულ ტაქტიკურ და ამერიკულ ტექნიკურ თამაშს ერთდროულად ეუფლებიან. კლუბში გამოცდილი მწვრთნელები საზღვარგარეთიდან ჰყავთ ჩამოყვანილი.

ბიზნესმენებს კლუბების დაფინანსების სურვილი რომ გაუჩნდეთ, სპორტის შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს (ამჟამად, სპორტის შესახებ არსებული კანონი ედუარდ შევარდნაძის მიერაა ხელმოწერილი და 1996 წლით თარიღდება). საჭირო ცვლილებების შედეგად, სპორტული კლუბების დამფინანსებლებს ბიუჯეტში ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ (წახალისდებიან) და სავარაუდოდ, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ფულის დაბანდების სურვილი გაუჩნდებათ.

მარსელო ნიკოლა („ბასკონიის“ მწვრთნელი) ბავშვებს ვერის საკალათბურთო დარბაზში ავარჯიშებს

კანონის შეცვლამდე, კალათბურთის ფედერაცია არსებული სახსრებით განვითარებას ცდილობს. ნიჭიერ ბავშვებს, მწვრთნელებთან ერთად, საზღვარგარეთაც გზავნიან. მაგალითად, ესპანურ „ბასკონიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით (5-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც 1.5$ მილიონი დაჯდა), რჩეული ბავშვი ევროპულ კლუბში 1 წლით თამაშს ახერხებს. „ფედერაციას ინვესტირებული თანხა ყოველი წარმატებული კალათბურთელის გაყიდვის შემდეგ დაუბრუნდება (300 000$). ასევე, „ბასკონიის კლუბი“ კალათბურთელებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. ამიტომ თუ კალათბურთელი არ გაიყიდა, ამ თანხას კლუბი საკუთარი სახელით გადმოგვირიცხავს,“ – ამბობს პაატა გურასპაული, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მისი თქმით, ფედერაცია მალე ვერის ბაღში გადაინაცვლებს, სადაც ფედერაციისთვის განკუთვნილ შენობაში ჭერიდან წყალი ჩამოდის, განათებას ვენტილაციის მილები ეფარება და ბავშვები ზამთარში სიცივის გამო ვერ ვარჯიშობენ. ვერის ბაღში არსებული დარბაზის შესაკეთებლად ფედერაციას ფინანსური სახსრები არ ჰქოფნის.

დაზიანებული ჭერი, სადაც ვენტილაციის მილები განათებას ეფარება. ვერის საკალათბურთო დარბაზი
ქუთაისის სულიკო თორთლაძის სახელობის სპორტული სკოლა №11

მსგავსი სიტუაციაა ქუთაისშიც, საიდანაც ბავშვები თბილისის წამყვან კლუბებში გადასვლას ცდილობენ. სამწუხაროდ, ქართული საკალათბურთო ლიგა ჯერ იმ დონის არ არის, რომ მოთამაშეები უცხოეთიდან შენიშნონ ან სპორტსმენები სათანადოდ დაფასდნენ. თითქმის ყველა კალათბურთელის საბოლოო მიზანი საზღვარგარეთ, უფრო წარმატებულ ქვეყანაში თავის დამკვიდრება გახლავთ, სადაც მათ თამაშს მსოფლიოს წამყვანი კლუბების წარმომადგენლები აკვირდებიან.

Pepper