მთავარი შემოქმედება მუზეუმი თბილისის ავტომუზეუმი

თბილისის ავტომუზეუმი

,,ზაპოროჟეცი 968“, ,,ზილი115“, ,,ლუაზი“ , ,,ჩაიკა“… ეს იმ ავტომობილების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თბილისის ავტომუზეუმშია დაცული. ,,ავტომუზეუმი 214 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა. ჯერ-ჯერობით 36 ავტომობილი და 8 მოტოციკლია გვაქვს. ყველაფერი კონკრეტული პიროვნების, გიორგი მამულაშვილის კუთვნილებაა. მან ავტმობილების შეგროვება, რომლებიც ჩვენი ბავშვობაა, მშობლების, ბაბუა-ბებიების ახალგაზრდობაა, ,,მოსკვიჩი 409“ დან დაიწყო და აქამდე რომ მოსულიყო, ამისთვის 20 წელი დასჭირდა“ -გვიყვება თბილისის ავტომობილების მუზეუმის დირექტორი, რეზო ჭეიშვილი.

-ავტომობილებს რესტავრაცია რა წესების დაცვით ჩაუტარდა?
-ყველა ავტომობილს ქარხნული ნაწილები და საბურავები აქვს. პირვანდელი სახე რომ არ დაეკარგა, ამაში დიდი შრომაა ჩადებული. ,,ზაპოროჟეცი 965“, რომელიც 1960 წლიდან 1966 წლის ჩათვლით გამოდიოდა, თითქმის განადგურებული იყო. ახლა კი მუზეუმის ექსპონატია. პროფილაქტიკა, სადაც ავტომობილებს რესტავრაცია უტარდებათ, მუზეუმის ეზოში მდებარეობს.

-მუზეუმში დაცულ ავტომობილებს რა ისტორიები აქვთ?
-,,ზაპოროჟეცი 968“ ნუცუბიძის ქუჩაზეა შეძენილი. მის პატრონს მეხუთე სართულის აივანზე ჰქონდა დაყენებული. მხოლოდ 12 000 კმ აქვს გავლილი და ქარხნული ნაწილებითაა შემონახული. არც განსაკუთრებული რესტავრაცია დასჭირვებია.

,,ზაპოროჟეცი“ რომელიც ახლა უკვე წითელი ფერის არის, როცა მის გაყიდვაზე მიდგა საქმე, 1000 ბოთლი არყის ფასად შეაფასეს და 1800 მაშინდელ მანეთზე გაიყიდა.

,,ზილი 115“ სულ 106 ცალია გამოშვებული. მუზეუმში რაც დგას, რიგით 102-ე გახლავთ, რომელიც ყოფილ საბჭოთა პერიოდში, მაღალი თანამდებობის პირებს ემსახურებოდა. მისი სალონი ჯერ სარესტავრაციოა. ძალიან ხარჯიანი მანქანაა. ძრავი 7.0 აქვს.

ავტოინსპექციის, მაშინდელი ,,გაის“ ,,მოსკვიჩიც“ გვყავს, რომელიც მძღოლებს სად აღარ უსაფრდებოდა და ამწარებდა.

უცნაური ვიზუალის მანქანას, რომლის ერთი ეგზემპლარი მუზეუმშია დაცული, მეორე მსოფლიო ომის დროს შშმ პირებს აძლევდნენ. ოფიციალურად მოტო-ეტლი ჰქვია, რადგან მოტოციკლის ძრავი აქვს და სატერფული არ გააჩნია. ხელით იმართება. დაბალი გამავლობის იმიტომ გახლავთ, რომ უფეხებო მძღოლი ავტომობილში ადვილად ჩამჯდარიყო.

,,ლუაზი“, რომელიც წყალსა და ხმელეთშიც გადაადგილდება, დაჭრილებს ემსახურებოდა. სხვა მანქანებისგან იმითაა გამორჩეული, რომ საჭე მანქანის შუაში მდებარეობს.

-ყველა ავტომობილი მწყობრშია?

-კი, ასეა, თუმცა დღევანდელი საცობებიდან გამომდინარე ქალაქში გაყვანისთვის გვეცოდება.

-ავტომუზეუმიდან მანქანების გაქირავება თუ ხდება?
-კი, თუმცა ძირითადად კაბრიოლეტი ,,პობედას“ გაქირავება ხდება, რომელსაც 8 პატარძალი ჰყავს გაბედნიერებული. საქორწინო მომსახურეობისთვის ერთხელ თეთრი ,,ჩაიკაც“ მოითხოვეს, რომელიც კახეთში წაიყვანეს.

-მუზეუმს ძირითადად ვინ სტუმრობს?
-დამთვალიერებლები ადგილობრვებთან ერთად ტურისტებიც არიან. ამ ეტაპზე ფართო ურთიერთობებზე გასვლას ვცდილობთ. პედაგოგებს სკოლის მოსწავლეებიც მოჰყავთ. ფოტოების დათვალიერება სხვაა და როცა ამდენ ძველ ავტომობილს საკუთარი თვალით უყურებ, კიდევ უფრო სხვა ემოციაა.

-ავტომოყვარულ დამთვალიერებელს მუზეუმიდან მანქანის ყიდვის სურვილი თუ გამოუთქვამს?
-კი, ასეთი ძალიან ბევრია, თუმცა სურვილი სურვილად რჩება. ავტომობილების მფლობელისთვის, გიორგი მამულაშვილისთვის თითოეული მანქანა დიდ მოგონებებთანაა დაკავშირებული, თუმცა შეთავაზებასაც გააჩნია და ავტომობილს, რომელზეც საუბარია. გვყავს მანქანები, რომლებსაც ვეღარაფრით ჩავანაცვლებთ. მაგალითად ,,ზიმი“ საქართველოში კი არის სამი, რომლის შეძენაც შესაძლებელია, მაგრამ ქარხნულ მდგომარეობაში მოყვანა, გამორიცხულია, რადგან ნაწილების შოვნა შეუძლებელია.

-მუზეუმში დაცული ავტომობილებისთვის ნაწილები სად მოიძიეთ?
-საბედნიეროდ, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ ვშოულობთ.

-ამჟამად მუზეუმისთვის თუ ამზადებთ რომელიმე ავტომობილს?
-კი. ასეთი პირველი საბჭოთა პიკაპი, ,,გაზ 4“ გახლავთ, რომელსაც ამჟამად რესტავრაცია უტარდება. მინდა გითხრათ, რომ ის არა მხოლოდ საქართველოშია ერთადერთი, მსოფლიოში ოთხია დარჩენილი. გიორგი მამულაშვილმა ,,გაზ 4“ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. ოჯახს ისე ჰქონდა შემორჩენილი, არც იცოდნენ რას ინახავდნენ. შესაბამისად გაყიდეს.

პროფილაქტიკა, სადაც ავტომობილებს რესტავრაცია უტარდებათ, მუზეუმის ეზოში მდებარეობს. ,,გაზ 4“ – ის გარდა განახლებას ,,M-1“ – ს ვუტარებთ. ამ მარკით სტალინი და ლავრენტი ბერია გადაადგილდებოდნენ.
რესტავრაციის რიგს 60-იანი წლების და 1937 წელს გამოშვებული ,,მერსედესებიც“ ელოდებიან.

-მუზეუმში დაცულ მოტოციკლეტებზე რას გვეტყვით?
-1938 წელს გამოშვებული ,,BMW“ – ს მოტოციკლეტი დამთვალიერებელში დიდ ემოციას იწვევს. ცეფის გარეშე გახლავთ და ლამაზი რამა აქვს. სამხედრო, ორხიდიანი მოტოციკლიც გვყავს. რამოდენიმე დღის წინ ,,იჟი“ შემოგვთავაზეს, რომელიც ქარხნულია და 4 კილომეტრი აქვს გავლილი. შევიძენთ თუ არა, ამ საკითხს განვიხილავთ.

-ავტომუზეუმისთვის რა გეგმები გაქვთ?
-გაზაფხულზე მუზეუმის შენობის გაფართოვებას დავიწყებთ, რაც დამთვალიერებელს ექსპონატების უკეთესად დათვალიერების საშუალებას მისცემს. გაფართოვება ნამდვილად გვჭირდება, რადგან ავტომობილების მატებას არ ვუჩივით. ეზოში აშენდება კაფე, რომელსაც ძველი ტრამვაის ვაგონის ფასადი ექნება. ტურისტებს მუზეუმში ლანჩსაც შევთავაზებთ.