მთავარი რეპორტაჟი ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – დასასრული

ფესტივალი „Art-გენი“ – დასასრული

ეთნოფესტივალის – „Art-გენი“ ფარგლებში, 7 დღის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი „მოვინახულეთ“.

თავდაპირველად, „კახეთსა და ლეჩხუმში“ „კახეთოს“ და თელავის ფოლკლორულ ანსამბლებს  შევხვდით, დღის ბოლოს კი სოფი ვილიმ გვიმღერა.

შემდეგ შიდა ქართლში „ჩავედით“, სადაც ილიას უნივერსიტეტის გუნდს მოვუსმინეთ, ხოლო მოგვიანებით, ჯგუფი – Asea Sool აღმოვაჩინეთ.

იმერეთსა და მცხეთა მთიანეთში ანსამბლმა „იმერეთმა“ და ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის გუნდმა გვიმასპინძლა. საღამოს ხმაურიან დასასრულზე რობი კუხიანიძემ იზრუნა.

სვანეთსა და ქვემო ქართლში „ჩასულებმა“ ჯერ ანსამბლი „იბერია“, შემდეგ კი – „შავფაროსნების“ დაუნდობელი ბრძოლა ვიხილეთ. ბოლოს ჯგუფის – Reggaeon ახალი ალბომის პრეზენტაცია შედგა.

შემდეგი რეგიონები, რომლებსაც მომდევნო საფესტივალო დღე მიეძღვნა,  სამეგრელო და თუშეთი აღმოჩნდა. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა – „ჩელამ“ და ლეგენდარულმა „ჰარირამ“ მოლოდინი გაამართლეს. მათი სასცენო ნომრების მერე, ჯგუფი – „ფრანის“ წევრებმა ჯერ ღვინო დაისხეს და თან, სიმღერაც დაიწყეს. ცოტა ხანში, სიმღერაში ყველა აიყოლიეს.

გურიასა და აჭარაში „ჩასულებს“ საინტერესო სანახაობა დაგვხვდა: გურულები იუმორისტული სიმღერებით, ხოლო აჭარლები მოხდენილი ცეკვით გამოირჩეოდნენ. ბოლოს ნინო ქათამაძემ თავისი უსასრულო ენერგიით სცენაზე საოცრება მოახდინა.

„მოგზაურობის“ ბოლოს, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთს „ვესტუმრეთ“. ანსამბლი „ბუბა“ „Art-გენზე“ გლოლადან ჩამოვიდა, „მესხეთი“ კი – ახალციხიდან. შემდეგ ჯგუფმა – „33ა“ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები შეასრულა.

„Art-გენი“ „ტრადიციებს დაუბრუნდა“: ფესტივალის დასასრულს „სუხიშვილებმა“ კონცერტიც შემოგვთავაზეს. ილიკო სუხიშვილმა ვრცელი მონოლოგის შემდეგ, სასიამოვნო ამბავი გვამცნო: მისი და – ნინო გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდება.

„სუხიშვილების“ კონცერტით ეთნოგრაფიულ მუზეუმში „Art-გენი 2017“ დასრულდა. მადლობას ვუხდით ფესტივალის წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩვენი პროექტის განხორციელების საშუალება მოგვცეს: pepper.ge-ს იდეა, რომ „Art-გენზე“ ჩვენს მკითხველებს ბილეთის გარეშე „დასწრების“ შესაძლებლობა ჰქონოდათ, განხორციელებულია.

pepper.ge