მთავარი რეპორტაჟი ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – რაჭა და სამცხე-ჯავახეთი

ფესტივალი „Art-გენი“ – რაჭა და სამცხე-ჯავახეთი

ფესტივალი „Art-გენი“ ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი „მოგზაურობა“ რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში გრძელდება:

ფოლკლორული ანსამბლი „ბუბა“ გლოლადან ჩამოვიდა (სახელი მთის და მასთან არსებული სალოცავის პატივსაცემად დაერქვა). ანსამბლი 1946 წელს ცნობილმა მონადირემ – ივანე გუტაშვილმა ჩამოაყალიბა. „ – ჩვენი სოფლის ფოლკლორი ამოუწურავი საგანძურია. რაჭული ანსამბლები სწორედ ჩვენი სოფლის სიმღერებს მღერიან,“ – გვითხრა „ბუბას“ ხელმძღვანელმა – ლარისა ხარებაშვილმა. ის სცენაზე ყოველთვის მივიწყებული სიმღერების გაცოცხლებას ცდილობს.

ლეგენდის თანახმად, თამარ მეფემ გლოლას მიწაზე ჩამოიარა და ეს ადგილი ისე მოეწონა, რომ ციხის აგებაც ისურვა. მოგვიანებით, როცა დაბრუნდა, ციხის მშენებელი გარდაცვლილი დახვდა (შენებისას ჩამოვარდნილა). ამის გამო ყველა გლოვობდა. ამიტომ სოფელს „გლოვა“, მოგვიანებით კი – „გლოლა“ შეარქვეს.

ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ ახალციხიდან გახლავთ. მის დამფუძნებლად ნოკო ხურცია მიიჩნევა. „ – სამწუხაროდ, მესხური სიმღერები ნაკლებად პოპულარულია. სამომავლოდ, ამ ვითარების შეცვლას ვეცდებით,“ – გვითხრა ანსამბლის ხელმძღვანელმა – ზაზა თამარაშვილმა. 1949 წლიდან ანსამბლის წევრები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და მივიწყებული სიმღერების გაცოცხლებას ცდილობდნენ.

ცნობილი სიმღერა – „მუმლი მუხასა“ (მესხურად – „მამლი მუხასა“) მუხას ეძღვნება, რომელიც მყარად დგას. მიიჩნევა, რომ მუხა საქართველოა ხოლო მუმლი – ქვეყნის მტერი. მესხეთი მტრისგან ყოველთვის დიდ დარტყმას იღებდა…

საღამოს ბოლოს, „33ა“ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ მუსიკას ასრულებდა. ნიაზ დიასამიძის სიმღერას სულგანაბული უსმენდნენ. ნიაზმა ფანდური პირველად „Art-გენზე“ „გაიცნო“ და მას შემდეგ მისი საუკეთესო „მეგობარი“ გახდა.

მოგვიანებით, წინა დღის მსგავსად, „Art-გენის“ სცენაზე კიდევ ერთი სასიყვარულო სცენა ვიხილეთ: ნიაზის შეკითხვას – მზად იყვნენ თუ არა მთელი ცხოვრების ერთად გასატარებლად, წყვილმა დადებითი პასუხი გასცა. შემდეგ კონცერტი ამაღლებულ ნოტაზე გაგრძელდა.

ფესტივალი სამწუხაროდ, დასასრულს მიუახლოვდა. ხვალინდელი დღე შემაჯამებელი იქნება, რის შემდეგაც „Art-გენთან“ ერთი წლით დამშვიდობება მოგვიწევს…

pepper.ge